გამოცემა “ამბები”, ავრცელებს მასალას რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე:
საათი მარჯვენა ხელზე, “მეზღვაურული” სიარული, “კუნთების ჩვენება” და სხვებისგან რამენაირად გამორჩეულობისკენ სწრაფვა – ეს პუტინის პიროვნული თვისებებია, რაც, დიდი ალბათობით, ბავშვობიდან იღებს სათავეს. სამბო-ძიუდოთი გატაცებაც ერთგვარი თვითდამკვიდრება და ბავშვობიდან წამოყოლილი კომპლექსებისგან გათავისუფლების მცდელობა იყო. ბავშვობაში ვოვას, ალბათ, ბევრს დასცინოდნენ პატარა ტანისა და წითური თმის ფერის გამო.
სად დაიბადა, ვინ ზრდიდა, სად იზრდებოდა, ვინ არიან ნამდვილი მშობლები, როგორ გახდა რუსეთის პრეზიდენტი? – ამ კითხვებზე ცალსახა და დადასტურებული პასუხები არ არსებობს.
პუტინმა 1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დიპლომის აღებისთანავე, 23 წლის ახალგაზრდა კე-გე-ბეს ლენინგრადის სამმართველოში, მე-5 განყოფილების, ანუ იდეოლოგიური კონტრდაზვერვის ხაზით დაასაქმეს. იმ პერიოდში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ამ სისიტემაში მუშაობის დამწყებ კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ორი წლის მუშაობის სტაჟი და ამასთანვე ჯარმოვლილი უნდა ყოფილიყო, ანაც წლების განმავლობაში უნდა ყოფილიყო სუკ-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების კომეიტეტი სსრკ-ში) კონფიდენტი და “ახალგაზრდა მებრძოლი”. პუტინს არც პირველი ჰქონდა და არც მეორე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის სტუდენტობის პერიოდიდანვე, როგორც ინფორმატორი და აგენტი, თანამშრომლობდა კე-გე-ბესთან, რაც იმჟამად საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იყო.
რუსეთის მომავალმა პრეზიდენტმა ლენინგრადში ათი წელი იმუშავა, ვიდრე 1985 წელს საზღვარგარეთ არ მიავლინეს. დღეს განსაკუთრებით საიდუმლოდ ინახავენ პუტინის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კერძოდ, დრეზდენში მუშაობის პერიოდს. საბჭოთა დაზვერვაში მიჩნეული იყო, რომ ერთ-ერთი ყველაზე არაპრესტიჟული აღმოსავლეთ გერმანიაში სამსახური იყო. დრეზდენში პუტინს გერმანელ ახალგაზრდებში კე-გე-ბესთვის აგენტურის გადაბირება ევალებოდა.
1990 წელს პუტინს სამშობლოში დაბრუნება მოუხდა. მისი საზღვარგარეთ მივლინება წარუმატებელი იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ პუტინი კა-გე-ბეს ცენტრალურ აპარატში ან რაიმე მნიშვნელოვან ოპერატიულ სამსახურში კი არ დანიშნეს, არამედ მეორეხარისხოვან და სტატუსით გაცილებით დაბალ “მოქმედი რეზერვის ოფიცრად” (ე.წ. ოდეერად) გაამწესეს. ამ გარემოებამ დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინა რუსეთის მომავალი დიქტატორის ფსიქოლოგიაზე: მთელი შემდგომი ცხოვრება პუტინი იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ის “ნამდვილი ჩეკისტი“ და “ძლიერი პიროვნებაა“.
პუტინის თანამდებობას იმჟამად ოფიციალურად “ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე“ ერქვა, რეალურად კი ის კა-გე-ბეს “თვალი და ყური“ უნდა ყოფილიყო და რექტორის ყველა ნაბიჯი “კანტორაში“ უნდა მოეხსენებინა. 1990 წლის ბოლოს პუტინი ლენინგრადის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის, მისი ყოფილი ლექტორის, ანატოლი სობჩაკის მრჩევლად გადაიყვანეს. ეს თანამდებობაც კა-გე-ბეს ნომენკლატურას მიეკუთვნებოდა. ბუნებრივია, ის კვლავ “ოდეერი“ იყო და კვლავ მეთვალყურის მოვალეობა უნდა შეესრულებინა. 1991 წლის ივნისიდან პუტინი უკვე სანქტ-პეტერბურგის მერად არჩეული სობჩაკის მრჩეველი, ორი წლის შემდეგ კი მისი მოადგილე გახდა. ამ თანამდებობაზე გარეგნულად უსახურმა და შეუმჩნეველმა ვლადიმერ პუტინმა ხუთი წელი იმუშავა.
სწორედ იმჟამად ჩამოაყალიბა პუტინმა ე.წ. ლენინგრადის მაფიოზური კლანი, რომელიც დღესაც რუსეთის ხელისუფლების სათავეშია. 1996 წელს, მას შემდეგ, რაც ანატოლი სობჩაკი იმჟამინდელი ლენინგრადის გუბერნატორის არჩევნებში ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა, პუტინმა კიდევ ერთი “ლენინგრადელის”, ანატოლი ჩუბაისის, დახმარებით მოსკოვში იშოვა სამსახური. თუმცა ცნობილმა ოლიგარქმა, აწ გარდაცვლილმა ბადრი პატარკაციშვილმა პუტინის დასაქმების და მოსკოვში გადმოყვანის ფაქტი, მისი და ბორის ბერეზოვსკის დამსახურებად აღიარა. იმჟამად რუსეთში მიმდინარე ქაოტურ პოლიტიკურ პროცესების გაურკვევლობის გამო ბევრმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია პრეზიდენტ ელცინის აპარატის რიგით ჩინოვნიკს. როგორც მისი ძველი კოლეგები იხსენებენ, – პუტინი საშუალო დონის და ჩვეულებრივი მონაცემების თანამშრომელი იყო, ვარსკვლავებს არ წყვეტდა, თუმცა არც რამეს აშავებდაო. იმ პერიოდში პუტინი ბერეზოვსკ-პატარკაციშვილის “პოლიტიკური საჯინიბოდან” იყო და ბერეზოვსკი მასზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა. სწორედ ბერეზოვსკის რეკომენდაციით, 1998 წლის ივლისში პრეზიდენტმა ელცინმა პოდპოლკოვნიკი (!) პუტინი რუსეთის უმთავრესი სპეცსამსახურის, ეფ-ეს-ბეს ხელძღვანელად (დირექტორად) დანიშნა. თავის მხრივ პუტინმა მოადგილეებად “კლანის“ წევრები: ნიკოლაი პატრუშევი, ვიქტორ ჩერკესოვი და სერგეი ივანოვი შეარჩა, რომლებსაც კა-გე-ბეში და პეტერბურგში მუშაობის პერიოდიდან იცნობდა.
როგორც უკვე ითქვა, პუტინი არ ყოფილა გამორჩეული “ჩეკისტი” და მისი კარიერა კა-გე-ბეში, შეიძლება, როგორც წარუმატებელი, ისე შევაფასოთ. ამიტომაც ეფ-ეს-ბეს ახალდანიშნული, მომცრო ტანის, მწითურა დირექტორი ცდილობდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ის “ძველი ჩეკისტების“ გზას აგრძელებს და მათსავით დაუნდობელია “ხალხის მტრების“ მიმართ.
რუსეთის პრეზიდენტი არასდროს მალავდა, რომ “სახელოვანი” კა-გე-ბეს გაზრდილია. საკმარისი იყო პუტინი ეფ-ეს-ბეს შეფად დაენიშნათ, რომ პირველსავე პრესკონფერენციაზე ამაყად განაცხადა – მე ორგანოები არასდროს დამიტოვებია, გულში ყოველთვის “ჩეკისტი” ვიყავიო. პუტინისთვის ეფ-ეს-ბე მეორე ოჯახია, უფრო ზუსტად – ერთადერთი ოჯახი, სხვა მას ხომ უკვე აღარ ჰყავს.
პუტინის კარიერა მართლაც, რომ გასაოცარია. 1998 წლის დასაწყისში საშუალო დონის ჩინოვნიკი იყო, ერთი წლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტი გახდა – განა ეს არ არის სასწაული?
1999 წლის 20 დეკემბერს, მოსკოვში “ჩეკისტის დღისადმი” მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინმა ძალზე მნიშვნელოვანი ფრაზა წარმოსთქვა: ”ნება მომეცით მოგახსენოთ, ეფ-ეს-ბეს ოფიცრების ჯგუფი, რომლებიც მივლინებული იყვნენ მთავრობაში ფარულად სამუშაოდ, პირველ ეტაპზე თავიანთ ამოცანებს უმკლავდებიან”.
ვითომ ხუმრობით ნათქვამ ფრაზას დარბაზში ოვაციები მოჰყვა. “ძველი ჩეკისტები“ სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ კრემლში მათი კაცი მივიდა. ამ ვითომდა ხუმრობაში პუტინის მთელი მსოფლმხედველობა იმალება: ის იყო და დარჩა ერთი კომუნისტური სპეცსამსახურის ოფიცრად და ვერ გახდა ქვეყნის რეალური პრეზიდენტი.
1998 წლის ბოლოდან მოყოლებული “რუსეთის ძლიერების” (ფაქტობრივად, კი იმპერიის) აღდგენის იდეის დახმარებით, პუტინმა ადვილად მოახერხა რუსეთის სპეცსამსახურების და გენერალიტეტის გულის მოგება. თუმცა 1999 წლის დასაწყისში პუტინის შანსები რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ისეთი მაღალი არ ჩანდა, როგორც მისი კონკურენტების. ამიტომ მას სჭირდებოდა რეიტინგის სასწრაფოდ აწევა. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად, რომ პუტინის კრედოა “მიზანი ამართლებას საშუალებას“ და როცა ტერაქტი არ არის, უნდა მოიგონო!
პუტინმა ეს ხერხი რამდენჯერმე გამოიყენა. საბჭოთა კა-გე-ბეს სამხედრო კონტრდაზვერვისა და შემდეგ რუსეთის ეფ-ეს-ბეს ყოფილმა ოპერატიულმა თანამშრომელმა, პოდპოლკოვნიკმა ალექსანდრე ლიტვინენკომ 2001 წლის ზაფხულში გამოსცა წიგნი – “ეფ-ეს-ბე აფეთქებს მოსკოვს”, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია მსოფლიოში, რადგანაც რუსეთში 1998-2000 წლებში მომხდარ ტერაქტებში ლიტვინენკომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი – პუტინი და რუსეთის სპეცსამსახურები პირდაპირ დაადანაშაულა. ლიტვინენკოს ვერსიით, 1999 წლის სექტემბერში მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებები ორგანიზებული იყო რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის პირადად იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინისა და ეფ-ეს-ბეს მიერ. ამ ვერსიის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ აფეთქებები მომგებიანი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და, პირიქით, არ იყო მომგებიანი “ბოევიკებისთვის“. ფაქტია, რომ ეფ-ეს-ბეში მოდელირებული “ჩეჩენი ტერორისტების თავდასხმის მოგერიება“ გახდა პუტინის მიერ “მეორე ჩეჩნური ომის“ დაწყების საბაბი.
საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებებისა და “ჩეჩნეთის მეორე ომის’“ პროვოცირები შემდეგ პუტინის რეიტინგი სწრაფად გაიზარდა და მან შეძლო 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
პუტინის რუსეთის ხელისუფლების სათავეში მისვლით, დასაბამი მიეცა “სახელმწიფო ტერორს”. რუსეთის დიქტატორი ბოლომდე მხოლოდ ეფ-ეს-ბეს ენდობა, იმიტომ რომ 1998 წლიდან მოყოლებული თავად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე მხოლოდ მის მიერ შერჩეული ან მოწონებული კადრები ინიშნებიან. 1999 წლის 16 აგვისტოს, თავის “მემკვიდრედ“ ნიკოლაი პატრუშევი დატოვა (რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებას), ხოლო 2008 წლის 12 მაისს ეფ-ეს-ბეს დირექტორად ასევე ლენინგრადელი ალექსანდრე ბორტნიკოვი დანიშნა (რომელიც, არსებული ინფორმაციით, პირადად ხელმძღვანელობდა ლონდონში ალექსანდრე ლიტვინენკოს ლიკვიდაციის ოპერაციას). პუტინი, როგორც “მაფიოზური კლანის“ ხელმძღვანელი, მხოლოდ “საქმეში“ შემოწმებულ კადრებს ენდობა. ამ “კლანის“ წევრებმა ყველა პოლიტიკური მკვლელობის დეტალი იციან, რაც კი რუსეთის სპეცსამსახურებს შეუსრულებიათ ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. სწორედ ერთობლივი დანაშაული აერთიანებს “მაფიოზურ კლანს“, სადაც ბრძანების შეუსრულებლობა ღალატად მიიჩნევა და სასტიკად ისჯება. თუ მის გუნდში ხარ, “აბრამოვიჩი”, მილიარდერი და გუბერნატორი ხარ, ხოლო თუ რამეში ეწინააღმდეგები ან შენში კონკურენტს დაინახავს, მაშინ “ხოდორკოვსკი” ან “ნავალნი” ხდები და თუ მოგწვდა, ციმბირი ხელში გიჭირავს ან კილერის ტყვია გეძებს მოსკოვში ან “ნოვიჩოკი“ ლონდონში…
2000 წლიდან რუსეთს სპეცსამსახურები აკონტროლებენ
რუსეთის დიქტატორი ცდილობს ქვეყანა “სტალინურად მართოს”: დღეს რუსეთის მთავარი სპეცსამსახური, ეფ-ეს-ბე აკონტროლებს ყველას და ყველაფერს – მთავრობას, ჯარს, მოსახლეობას. “კაგებეშნიკმა” პუტინმა სახელისუფლებო ვერტიკალი საბჭოთა სპეცსამსახურების ასევე ყოფილი თანამშრომლების დახმარებით იმგვარად ააგო, რომ საზოგადოებაში “1937-იანი წლების” საყოველთაო “შპიონომანია” კვლავ გამოცოცხლდა. “უცხო ქვეყნების ჯაშუშების” გამოვლენა რუსეთში ისეთივე ყოველდღიური მოვლენა გახდა, როგორც რუსი “მუჟიკის” მიერ ცოლისთვის ხელფასის დამალვა. პუტინის ადმინისტრაციისა და მთავრობის ძირითადი წევრები დღესაც კა-გე-ბეს ყოფილი ოფიცრები არიან. რეგიონებში კი გუბერნატორები პირადად პუტინის მიერაა შერჩეულ-დანიშნული. მათი უმრავლესობაც ყოფილი “ძალოვნია”. ამავე დროს, პუტინმა მნიშვნელოვნად გაზარდა “ძალოვანი ბლოკის” დაფინანსება, გაიზარდა ხელფასები და პენსიები. ის არ იშურებს ორდენებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს ყველაზე ერთგულებისთვის, ხოლო თუ ვინმეს ამბიციებში ეჭვი შეეპარა, უსწრაფესად იცილებს თავიდან.
პუტინის შეფასებების მთავარი კრიტერიუმი დღესაც კვლავ “ჩეკისტურია“, ის ყოველთვის სპეცსამსახურების თვალით უყურებს რუსეთის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. პუტინის აზროვნების შეზღუდული არეალი მხოლოდ სპეცსამსახურების მეთოდებით შემოიფარგლება, ის განსაკუთრებით გასული საუკუნის 20-30 იანი წლების სისხლიანი რეპრესიების თაყვანისმცემელია. პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში ვხედავთ რუსეთის ნეოკოლონიალური პოლიტიკის რეანიმირების მცდელობას.
რუსეთის პრეზიდენტის ქცევაში გამოიკვეთა მისი სწაფვა განდიდებისკენ. პუტინს ხმის ტემბრისა და ინტონაციის, სკამზე “გაშხლართული” ჯდომის და სახის მიმიკის წინასწარ დამუშავებული მთელი არსენალი აქვს და იმისდა მიხედვით ცვლის, თუ რა დამოკიდებულება უნდა გამოხატოს თანამოსაუბრის მიმართ. ასევე, ის ხშირად იყენებს “სტალინის მეთოდს“ – თვალებში ჩაშტერებით მოსაუბრის დაბნევის მცდელობას. თუ საუბრის თემას უნდა გვერდი აუაროს, სახეზე მოწყენილობა დაეტყობა. თუ ვინმე ეკამათება, პუტინი ძალზე აგრესიული და “მწარე” ხდება, ხოლო თუ თანამოსაუბრის დარწმუნება სურს, მას სიტყვის თქმასაც არ დააცდის და შეუძლია, ერთსაათიანი მონოლოგით მწყობრიდან გამოიყვანოს. პუტინის ერთი “პროვოკაციული მოქმედება” კი უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი – ესაა ოფიციალურ შეხვედრაზე დაგვიანება, რაც რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. პუტინი ის “უსახური კაცია“, რომელიც არსაიდან მოვიდა და მისი დასასრულიც ისეთივე საშინელი იქნება, როგორც ლიბიის დიქტატორის.
კომენტარები