საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“30 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
– რუსებმა ოდესა დაბომბეს. სარაკეტო იერიში აეროპორტის მიმართულებით მიიტანეს. ასაფრენი ბილიკი დაზიანებულია, მაგრამ როგორც იტყობინებიან უკრაინული ავიაცია გადარჩა.
– ოდესაში კომენდანტის საათი იწყება. როგორც ირკვევა ამ ქალაქ ციხე-სიმაგრეში, რომლის გარედან აღების შანსი თითქმის არ არსებობს, რუსები ქმნიდნენ ორგანიზებულ ქსელს, რომელთაც ქალაქის შიგნით არეულობა უნდა დაეწყოთ, რასაც შეიარაღებული შეტაკებებიც კი შეიძლება მოჰყოლოდა. ეს კი ქალაქის დაცვას გარე მტრისაგან ბევრად დაასუსტებდა. თუმცა უკრაინელებმა ქსელი გაშიფრეს და დივერსანტები დააკავეს. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობა კომენდანტის საათის გარდაუვალობაზე მიუთითებს.
– რუსებს იმდენად ეშინიათ პარტიზანული მოძრაობის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონში, რომ პრაქტიკულად სრულად ცდილობენ ინტერნეტის ჩახშობას და კომუნიკაციების განადგურებას.
უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ილონ მასკის მიერ მიწოდებული თანამგზავრული “სტარლინკის” ინტერნეტი ეფექტურად ფარავს (განსაკუთრებით სამხედრო კომუნიკაციებს), მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქსელური ინტერნეტის მიზანმიმართული განადგურება ხდება. მიუხედავად ამისა, პარტიზანული მოძრაობის გაშლას ამ მეთოდებით რთულად შეეშლება ხელი – რადგან რუსები უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სრულიად დემორალიზებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომლებიც იმდენად ჩარჩენილები არიან წინა საუკუნეში რომ ნაცვლად პოზიციების გაძლიერებისა ქალაქ ნოვა კახოვკაში ლენინის ძეგლს დგამენ.
– რუსები მარიუპოლის წინათ დასახლებულ ახლა კი ცარიელ საცხოვრებელ რაიონებს ანადგურებენ. ისინი ქალაქისაგან არსებობის კვალის წაშლას ცდილობენ. ამასთან, მარიუპოლში დატყვევებულ სამხედროებს მასობრივად ხვრეტენ რუსები და მოწინააღმდეგის ახალი ძალების განადგურებად ასაღებენ ამ ამბავს. ტყვეების დახვრეტა კიდევ ერთი საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულია.
– ორი დღის წინ უკრაინელების მიერ რუსების სამეთაურო პუნქტის განადგურებას იზიუმთან რამდენიმე ათეული მაღალი რანგის ოფიცერი შეეწირა. დაუდასტურებელი ინფორმაციით მოკლულია ამ მიმართულების ხელმძღვანელი, გენერალი სიმონოვი. თუკი აღნიშნული შეესაბამება სინამდვილეს პრაქტიკულად რუსების მიერ მომზადებული იზიუმი-დონეცკის შეტევის მიმართულების განვითარების შანსები აღარ არსებობს. ახლა კი ოფიცერთა ნაწილების განადგურება რუსებს დიდ პრობლემებს შეუქმნის – სულ რომ გენერალი ცოცხალი იყოს, რუსებმა იციან რომ მათ სამეთაურო პუნქტზე შეტევა ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება.
– გრძელდება უკრაინელთა ორგანიზებული შეტევა ხარკივის შემოგარენში. მათ შეძლეს და გაათავისუფლეს კიდევ ერთი დასახლება – ვერხნია როჰანკა. ამჯერად შეტევა არა ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არამედ აღმოსაველთით და სამხრეთ აღმოსავლეთითაც გრძელდება. იზიუმის რუსული მომარაგება ამ მიმართულებაზეა დამოკიდებული და თუკი უკრაინელებმა ეფექტურად შეძლეს ღრმად წინსვლა (განსაკუთრებით კი ქალაქი ჩუჰუივიდან), რუსული ისედაც გასაჭირში მყოფი ლოჯისტიკა მთლიანად მოირღვევა. სხვა თუ არაფერი, უკრაინელების მიერ ხარკივის შემოგარენის გათავისუფლების შემთხვევაში (სულ რომ ამ ეტაპზე უფრო სამხრეთით შეტევა არ განვითარდეს) გამოთავისუფლებულ ძალებს შეეძლებათ ქალაქის სამხრეთით ინტენსიური საბრძოლო ოპერაციების წამოწყება, ხოლო უკრაინული არტილერია უფრო ადვილად შეძლებს მოქმედებას იზიუმის მიმართულებით. ამ ეტაპზე ხარკივის შემოგარენში უკრაინელები რუსეთის საზღვართან ზოგიერთი მიმართულებით 11 კილომეტრშიც კი არიან მიახლოებული.
– უკრაინულმა არტილერიამ შეძლო და ოკუპირებულ სამხრეთში რამდენიმე ადგილას გაანადგურა ს-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. შესაძლებელია ზოგიერთი მათგანის განეიტრალება მომხდარიყო თვითმკვლელი დრონების მეშვეობითაც კი. ზოგადად კი რუსების საჰაერო უსაფრთხოება დასუსტებულია.
– დონეცკის რაიონში უკრაინელებმა რუსების ოცეული ჩაიგდეს ტყვედ. მათი მონაყოლიდან ირკვევა რომ რუსულ სამხედრო ნაწილებში სრული ქაოსია. ოფიცრები გაურკვეველ დავალებებს იძლევიან, უმეტეს შემთხვევაში კი უეჭველ თვითმკვლელობაზე უშვებენ რიგითებს. გავრცელებულია სმა, ქურდობა და ერთმანეთში შუღლიც კი. დემორალიზება იმდენად შესამჩნევია, რომ უკრაინელთა მხარეს ტყვედ ჩავარდნა ხშირად შვებას უდრის ხოლმე.
– რუსეთში ძალიან იმატა ხანძრებმა. განსაკუთრებით კი სტრატეგიულ ობიექტებზე. ერთ-ერთი ელექტროსადგურის განადგურებამ რუსეთს 500 მილიონი ამერიკული დოლარის ზარალი მოუტანა. უცნობია ვინ ან რა დგას ამ ხანძრების უკან, მაგრამ რუსეთი რომ ყოველდღიურად სუსტდება ეს კი შესამჩნევ ტენდენციად იქცა.”
კომენტარები