ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თეოლოგიის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე, თეოლოგიის დოქტორი გიორგი ანდრიაძე.
– ბატონო გიორგი, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად მართლმადიდებელი უკრაინის საეკლესიო სივრცეში, ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს. რით ახსნით ამას?
– გეთანხმებით. უკრაინის საეკლესიო და რელიგიურ მდგომარეობაზე მართლაც ხმას არავინ იღებს და, თუ ვინმე ლაპარაკობს, საერთოდ გაურკვევლად. თავად უკრაინის ტელევიზიები არ აშუქებენ ამ თემას. არადა, ყველაზე საინტერესო სწორედ ისაა, რა მდგომარეობაა უკრაინაში ამ მხრივ. უკრაინაში არსებულ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ რუსულ ეკლესიას და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაა წლების განმავლობაში. თვითონ კიევშიც ომამდე ღიად მოქმედებდა მოსკოვის საპატრიარქო და მასში არა მარტო რუსი ეროვნების მრევლი იყო, არამედ ძალიან ბევრი უკრაინელიც. უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობა, ავტოკეფალია მიანიჭა კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ. ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოსთან მისი ურთიერთობა გაწყდა. რამდენიმე ბერძნულმა ეკლესიამ აღიარა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა. საქართველოს ეკლესიას კი არ უღიარებია უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა. ახლა, როდესაც ომია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, თუ რა ბედი ეწია მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ სამრეკლოებს. აი, ეს ფაქტი არცერთი ტელევიზიით, არც ქართული არხებით არ გახმოვანებულა. უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ-ერთი შედეგი იქნება ის, რომ უკრაინაში რელიგიური სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება.
– რას გულისხმობთ?
– თუ რუსეთმა უკრაინაზე გავლენა ვერ მოახდინა, თავისი მმართველობა არ გაავრცელა, თავისი მთავრობა არ დასვა კიევში, მაშინ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქო არსებობას შეწყვეტს, ანუ მოსკოვის პატრიარქის დაქვემდებარებაში მყოფ (მის მომხსენებელ) სასულიერო პირებს ყველაზე მინიმუმ უკრაინიდან განდევნიან, ხოლო თუ პუტინის მიზნები მიღწეული იქნება, მაშინ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია შეწყვეტს არსებობას. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უკრაინელი ერი ერთი ეკლესიის შვილი არ არის, როგორც ეს საქართველოშია. უკრაინელი მართლმადიდებლები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ერთი სიტყვით, ყველანაირი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის ომის შესახებ, გარდა უკრაინის რელიგიური მდგომარეობისა.
– რატომ ხდება ასე?
– იმიტომ ხდება, რომ მოსკოვის დაქვემდებარემაში მყოფი მღვდლები და მრევლი განიცდიან დევნას უკრაინის ხელისუფლებისგან და მებრძოლი უკრაინელებისგან და ამ ინფორმაციის გავრცელება არ აწყობთ. საქართველოს ეკლესიის წინაშე დგას იმ საკითხების გათვალისწინება, რასაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო აყენებს. საქართველოს ეკლესია თუ დღემდე თავს არიდებდა თავისი პოზიციის დაფიქსირებას, ახლა ალბათ უკვე კონსტანტინეპოლის მოთხოვნისთვის მკაფიო პასუხის გაცემა მოუწევს. უკრაინის ომმა მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში ძირეული ძვრები გამოიწვია. უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება უკვე ერთგვარ პოლიტიკურ საკითხად იქცა. აქამდე მას მხოლოდ მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროში კანონიკური დავის სახე ჰქონდა. საქართველოს ეკლესიის წინაშეც ძალიან სერიოზულ კითხვებზეა პასუხი გასაცემი. საქართველოში არსებული ანტიეკლესიური ძალები ამას ხელიდან არ გაუშვებენ და მორიგი ცილისმწამებლური კამპანიისთვის გამოიყენებენ. რთულია იმის პროგნოზი, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს უკრაინაში საეკლესიო დაპირისპირება. ერთ მხარეს არის კონსტანტინეპოლის საპატრიარქო და მის მიერ შექმნილი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, მეორე მხარეს კი არის მოსკოვის საპატრიარქო და მის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინული ეკლესია. ამ ორივე ეკლესიას საერთაშორისო დონეზე ჰყავს თავისი მხარდამჭერები და შესაბამისად, უკრაინის საეკლესიო კრიზისი მსოფლიო დონეზეა გადაზრდილი.
– ჩვენი ეკლესია რა პოზიციაზეა?
– ჩვენს ეკლესიას არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, ვინაიდან საკუთარი პრობლემები აქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საიდანაც იძულებით არის გამოძევებული. ხოლო იქ ფაქტობრივად მოქმედებენ როგორც რუსეთის, ასევე საბერძნეთის ეკლესიის სასულიერო პირები.
– გამოდის, საბერძნეთის ეკლესია რუსეთს აქაც უპირისპირდება და უკრაინაშიც?
– დიახ, ეს დაპირისპირება გლობალურია და დიდი ხანია, არსებობს. ჩემი აზრით, კონფლიქტის მოგვარების ყველაზე ნეიტრალური ფორმა შეიძლება იყოს ასეთი: ის ეპისკოპოსები და სამრეკლოები, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში იყვნენ, ისინი ბუნებრივია, ამ ეკლესიის წევრები იქნებიან. ხოლო ვისაც სურს მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში დარჩნენ, მათ ეს უფლება უნდა მიეცეთ. ამდენად, უკრაინაში ერთდროულად იქნება ორი იურისდიქცია. ეს ზოგადად საეკლესიო კანონიკას არ შეესაბამება, მაგრამ იკონომიის (გამონაკლისი) პრინციპის მიხედვით შეიძლება დაშვებული იქნას, რათა არ იყოს დაპირისპირება და შფოთი ეკლესიაში, რომლის მთავარი პრინციპია ერთობა და მშვიდობა. ანუ მრევლს აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს, თუ რომელი ეკლესიის წევრი იქნება. ძალდატანებითი მომენტი ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელია. ამდენად, ძალით გავლენის თავს მოხვევა რომელიმე იურისდიქციისთვის წარმოუდგენელია და ძნელად მისაღწევი იქნება. ეს არის უკრაინელი ხალხის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ მას აქამდე ერთიანი ეკლესია არ ჰქონია. ამ გადასახედიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, თუ რა განძის მფლობელები ვართ ჩვენ, ქართველები, რომელთაც ორიათასწლოვანი ერთიანი ეკლესია გაგვაჩნია. სწორედ მან შექმნა ერთიანი ქართველი ერი და საქართველოს სახელმწიფო გვირგვინი დაადგა მრავალათასწლოვან ქართულ კულტურას. არადა, ამ ეროვნულ ინსტიტუტს ათეული წლებია ებრძვიან საქართველოში ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ სახელი გაუტეხონ მას საერთაშორისო დონეზე. ყველასთვის ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის პირველი დარტყმის ობიექტი სწორედ ეკლესია იყო, მათ მიერ შეგზავნილი სასულიერო აგენტურა, სასულიერო პირები დღემდე დაუფარავად მოქმედებენ კათოლიკოს-პატრიარქის და მთელი ეკლესიის წინააღმდეგ. ამას ემსახურება ნაციონალების მიერ დაქირავებული ტელევიზიები. სწორედ იგივე პროცესი არის მოსალოდნელი უკრაინის საეკლესიო კრიზისთან დაკავშირებით. ნაციონალების ოფიციალური რუპორები, სხვადასხვა სასულიერო პირები სოციალურ ქსელში დიდი ხანია წერენ კომენტარებს, ვრცელ სტატიებს აქვეყნებენ საპატრიარქოს წინააღმდეგ. ფაქტობრივად, ნაცმოძრაობას ეკლესიაში ჰყავს თავისი გავლენის აგენტები, რომლებიც ძირს უთხრიან დედაეკლესიის ავტორიტეტს ჩვენს საზოგადოებაში…
კომენტარები