ანი დვალიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი გაბრაზებულია, უფრო ზუსტად, ძალიან გაბრაზებული, რადგან მთავრობის სხდომაზე თქვა, საწვავი უნდა გაიაფდესო და მეორე დღეს გაძვირდა. ის სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა და როგორც „ალიას“ უყვებიან, „გაუტყდა“ და ამ თემის „გატარებას“ არ აპირებსო. მას ნავთობიმპორტიორებმა აუხსნეს, რომ სწორედ მისი განცხადებიდან ორ საათში, საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდა ნავთობი და შედეგად, ისინი ფასს ვერანაირად ვერ დაუწევდნენ. ღარიბაშვილს კი არაფრის გაგონება არ სურს და ამჯერად, კონკურენციის სააგენტოს დაავალა, 15 მაისამდე მომახსენეთ, ბენზინზე ფასები რატომ არ იაფდებაო. ჰოდა…
„მე ვერ გეტყვით, რა დასკვნას დადებს კონკურენციის სააგენტო, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე არის იმის მოლოდინი, რომ საწვავი კიდევ უფრო გაძვირდება და მეც ასე ვფიქრობ – გაძვირდება. ეს კიდევ უფრო გააბრაზებს ღარიბაშვილს, რომლის სიტყვასაც ისედაც არაფრის ფასი არ აქვს, თუმცა ის რეალობას ვერსად გაექცევა. ნავთობკომპანიებმა რომ გაიჭირვონ და მაგალითად, 3-4 დღით გააიაფონ საწვავი, შესაძლებელია, ისიც საკუთარი წაგების ფასად, მაგრამ ეს დიდ ხანს ვერ გაგრძელდება. ღარიბაშვილს კი ამის გაგება არ სურს, რადგან ფიქრობს, რომ შემომატანებმა მას პატივი არ სცეს და პირიქით, შეურაცხყოფა მიააყენეს, როცა საწვავი მეორე დღესვე გააძვირეს“, – ეუბნება „ალიას“ ერთ-ერთი ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.
ჰო, მაისის დასაწყისიდან პურის ფასიც იმატებს (წონაშც დაიკლებს პური, გვერწმუნეთ), საწვავიც და ყველაფერი დომინოს პრინციპით გაძვირდება. ცალკე თემაა ის, რომ საქართველოში თამბაქოს ნაწარმი უკვე უკრაინიდან აღარ შემოაქვთ და ცოტა არ იყოს, თამბაქოს სხვა, უცნაური გემო აქვს, მწეველები ამბობენ, თითქოს ყარსო. ზოგადად, ყველა თამბაქო ყარს, მაგრამ ნიკოტინის სიმყრალე და ნესტის სიმყრალე ერთმანეთისგან მარტივად გაირჩევა… მოკელდ, წინ „მხიარული“ ამბები გველის…
კომენტარები