შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა – იგი 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. ბორჯომში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე – 1985 წელს დაბადებულ ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.
დაშავებული ვ.ა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – წერია უწყების განცხადებაში.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები