ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ, თავდადების, პროფესიონალური ბრწყინვალების და მოქალაქეობრივი ტვირთის უზადოდ ტარებისთვის. განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მადლობა, ვინც სწორი და დროული მიმართულება მისცეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას ამ ურთულეს გამოწვევაზე, რომელსაც ბევრმა, გაცილებით უკეთ დაფინანსებულმა სისტემამ სამწუხაროდ ვერ გაართვა თავი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.
მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო პოლიციელების, მესაზღვრეების, სამხედროების, ტრანსპორტის თუ სავაჭრო სფეროში მომუშავე, და სხვა უამრავი ადამიანის მიმართ, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ურთულეს პირობებში მუშაობას და ქვეყნის სამსახურს.
ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული. ასეთ დროს ჩნდება სურვილი, რომ ერთი რიგითი მოქალაქის და ჯარისკაცის პოზიციიდან, შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან.
ერთი კია, შორეულ ისტორიას რომ არ დავესესხო, 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბოლო 31 წლისთვის თვალის გადავლებითაც ცხადი ხდება, რომ შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, დაუფასებელი პროფესიონალიც ბევრი გვყოლია, უბრალოდ ერთი რამ გვაქვს მეც და ყველასაც გასაკეთებელი, რომ მომავალში ყველაფერი ეს მოვახერხოთ მანამდე, სანამ ასე მოიღრუბლება, რომ ერთხელაც გვიანი აღარ იყოს.”
კომენტარები