მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“დღეს, ბანაობის მე-4 წუთზე, როცა ბოლომდე გასაპნული, ბოლო სტროფს ვმღეროდი სიმღერისა „ბრძოლა კვლავ გრძელდება“, – ხალხის მტრებმა წყალი დამიწყვიტეს. ვიღაც ვაი კომუნისტი სარდაფში ჩავიდა და, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, იმდენ ხანს ატრიალა ის ვინტილი, სანამ წყალი არ გადამიკეტა.
„ჰა-ჰა“, – გავიფიქრე მე, – „იმას არ დაესხით, ვისაც უნდა დასხმოდით“. მერე ეს მივაყოლე: „მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა“, შემდეგ ეს – „დაცულს ღმერთი იცავს“… და აი, ეს ბოლო ანდაზა კი ხმამაღლა წარმოვთქვი: „წყალთან, მაგრამ წყლის გარეშე.“
გარედან ლატიკამ ეგრევე შემომძახა: „ყველას ვერ არგებ, მხოლოდ თავს ავნებ.“ – რაც აცდენილი მეჩვენა.
შიგნიდან აცდენილადვე გავძახე: „ძველი სიყვარული ახალს სჯობია.“
არადა, მაინც რა მაგარი ვარ ყოფილი საბჭოელი: მე-8 დან ფეხით ჩავდივარ, ლიფტში რომ არ გავიჭედო; გარეთ კალოშები მაცვია, მძღნერიან მდინარებში რომ გავტოპო; საძინებელში ერთი კასრი მუდამ მიდგას, ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა რომ არ დამტბოროს; და ბლომად ანდაზა ვიცი, თავი რომ დავიმშვიდო.
პოსტ საბჭოთა საქართველოს მე-5 კანონი კი გვეუბნება, „პირში სული სანამ გიდგას, ბანაობამდე თბილი წყალი მოიმარაგე“.
კომენტარები