იაშვილის კლინიკაში 3 წლის, მართა ხვედელიძე გარდაიცვალა. პაციენტის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მათ პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
როგორც გარდაცვლილი ბავშვის მამა, გურამ ხვედელიძე “ფორმულასთან” ჰყვება, მართა რამდენიმე თვის წინ სამკურნალოდ თურქეთში ჰყავდათ წაყვანილი. უცხოელმა ექიმებმა ოპერაციული ჩარევის რეკომენდაცია არ გასცეს, რადგან ფატალური შედეგის დადგომის მაღალი რისკი იკვეთებოდა. გურამ ხვედელიძის თქმით, თურქეთის კლინიკაში ყოფნის დროს მას იაშვილის კლინიკის ექიმი დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ ისინი შეძლებდნენ აღნიშნული ოპერაციის წარმატებულად ჩატარებას, რის შდეგადაც ბავშვი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა.
გურამ ხვედელიძე:
“თურქეთშიც იგივე დიაგნოზი დაუსვეს, რაც საქართველოში – ღვიძლის კარის ვენის ნაწილობრივი თრომბოზი, რის გამოც ბავშვს საყლაპავი მილიდან სისხლდენა უვითარდებოდა. იქ გვითხრეს, რომ ოპერაციული ჩარევა საზიანო იქნებოდა ბავშვისთვის, ვერ გადაიტანდა. ამიტომ დაენიშნა მკურნალობა, მედიკამენტებით უნდა მოგვარებულიყო ეს პრობლემა. თურქეთში ყოფნისას დამიკავშირდა იაშვილის კლინიკის ექიმი და მითხრა, რომ ისინი არ ეთანმხებოდნენ თურქი ექიმების დასკვნას. გვითხრა, რომ მსგავსი არაერთი წარმატებული ოპერაცია ჰქონდათ ჩატარებული და 100 %-იანი შედეგის გარანტია მოგვცა. დავთანხმდით, ოპერაცია გაკეთდა, რის შემდეგაც ჩამოიყვანეს მოუწესრიგებელ პალატაში და იქ განუვითარდა სეფსისი. სეფსისი მკურანლობა დაგვიანდა და ბავშვი გარდაიცვალა”
AMBEBI.GE იაშვილის კლინიკის კომენტარს აქვეყნებს, სადაც კლინიკა სამძიმარს უცხადებს ოჯახს და წერს:
“პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, კლინიკა ვერ გაასაჯაროებს პაციენტის სამედიცინო ისტორიას დეტალურად. პაციენტი საავადმყოფოში შემოყვანილ იქნა 7 მარტს რთული სამედიცინო ჩვენებით. მას ჩატარებული ჰქონდა რამდენიმე ქირურგიული ჩარევა როგორც საზღვარგარეთ, ისე – საქართველოში. ინტენსიური მკურნალობის ფონზე ბავშვის მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკულად მძიმე. აღენიშნებოდა სხვადასხვა ორგანოს მწვავე უკმარისობა. პაციენტის მკურნალობაში ჩართული იყო ყველა საჭირო სპეციალისტი, ჩატარდა რამდენიმე კლინიკური კონსილიუმი საქართველოსა და ისრაელის კლინიკებიდან მოწვეული სამედიცინო ექსპერტების ჩართულობით. მიუხედავად ყველა კლინიკური ჩარევისა და ინტენსიური მკურნალობისა, პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში პაციენტის სამედიცინო ისტორია სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, ან ნებისმიერ უფლებამოსილ, კომპეტენტურ ორგანოს წარვუდგინოთ“.
კომენტარები