ჟურნალისტი, სააგენტო “თაიმერის” დამფუძნებელია, ბერდია კალანდია, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
ენას, მით უმეტეს, „ქოცების“ ენას ძვალი არ აქვს. ამასთან, „ქოცების“ ფანტაზია მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით აღვირახსნილია. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ადამიანები, რომლებისთვისაც სამყაროს მხოლოდ ლურჯი ფერი აქვს და რომლებიც ხატის ნაცვლად პარტიულ ლოგოზე ლოცულობენ, ყველას, ვინც განსხვავებულად, ანუ არაქოცურად ფიქრობს და აზროვნებს, მტრად აღიქვამენ. უფრო სწორად, „არაქოცურად“ მოაზროვნეებს მტრად რიგი „ქოცები“ კი არა, მათი ბოსები თვლიან, ბოსები, რომლებიც დღეს მართლმორწმუნე „მეოცნებეები“ არიან, ხვალ კი, თუ პოლიტვითარება შეიცვლება, მგზნებარე მიშისტები, ლეიბორისტები ან, სულაც, გრიშისტები გახდებიან. ჰოდა, ამ ბობოლების მითითებებს რიგითი „ქოცები“ პირნათლად მხოლოდ იმის გამო ასრულებენ, რომ სოციალურ ქსელში დაწერილ ერთ კომენტარში ფეშქაშად, სულ რაღაც, ლარნახევარს იღებენ. დიახ, თქვენი გულისა, „მპსოტავი“ რიგითი ქოცები „ოცნების“ ბოსებს ორი ლარიც კი არ უღირთ!
ვინაიდან და რადგანაც ცხოვრება გაძვირდა და საჭმელ-სასმელს ცეცხლი უკიდია, ოცნებაჩაფლავებულები იძულებულნი არიან, ზემდგომთა მითითება ლარნახევრის სანაცვლოდ უსიტყვოდ შეასრულონ. ჰოდა, ასე ცხვება ტროლ-ბოტების კომენტარები თუ პოსტები. აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ „ოცნების“ „ტვინები“ კონკრეტული მსხვერპლისთვის კონკრეტულ სტრატეგიას იმუშავებენ.
ასე ხდება, მაგალითად, წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას შემთხვევაში, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხარჩილავამ „ოცნებას“ მდუღარე გადაასხა და მთელ საქართველოში ერთადერთი ოპოზიციონერი მერი გახდა, „ოცნებამ“ კონკრეტულად მის წინააღმდეგ, როგორც კულუარებიდან გამოჟონილი ხმა მოწმობს, 30-მდე ფეიკგვერდი და უფრო მეტი პროფილი შექმნა.
ერთი შეხედვით, ცუდი არ არის, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა ერთ ადამიანს ებრძვის, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი ხარჩილავა „ოცნებისთვის“ დიდი თავის ტკივილია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ბრძოლას უკვე კრიმინალის ნიშნები აქვს.
კონკრეტულად: რამდენიმე თვის წინ, წალენჯიხა უკრაინულ ქალაქ იავოროვს დაუმეგობრდა და გიორგი ხარჩილავამ თავის უკრაინელ კოლეგასთან, იგორ გრაბოვსკისთან ონლაინშეხვედრაც გამართა, რომლის ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ქოცებმა“ ეს, ცხადია, ვერ აიტანეს და ვითომ ხარჩილავას დისკრედიტაციის მიზნით, უკრაინელ კოლეგასთან გამართული ონლაინშეხვედრის ფოტოებზე ახლა უხამსი ფოტოები დააკოლაჟეს და თავიანთ უბადურკ გვერდებზე გაავრცელეს, აქაოდა, ნახეთ, ხარჩილავა როგორ ერთობაო. (ფეიკფოტოებს არ ვავრცელებ)
ჯერ ერთი, ხომ გაგიგათ, ცუდას რათ უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო. მეორეც, ამ აღვირახსნილი ტყუილით ხარჩილავას ვერავინ ვერაფერს დააკლებს და მესამეც, ძვირფასო „ქოცებო“, ისეთი ერთუჯრედიანებიც არ ხართ, რომ არ იცოდეთ, მსგავსი კამპანია სისხლის სამართლის დანაშაულია და ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუ გიორგი ხარჩილავა ბინძური ცილისწამებისა და სიმართლის გაყალბებისთვის შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს და მხოლოდ შემსრულებლების კი არა, დამკვეთების დასჯასაც მოითხოვს.
ამასთან, „ქოცებო“, აბა, დაფიქრდით: ოპონენტთან საბრძოლველად თქვენს არსენალში მხოლოდ და მხოლოდ სიბინძურის ფრქვევაა დარჩენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდებით, მაგრამ ეს ხავსი მალე გაწყდება და ფსკერზე აღმოჩნდებით, თუმცა ფსკერზე უკვე ხართ და ამას მალე თავადაც იგრძნობთ!
წყარო – თაიმერი
კომენტარები