„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოსტის დატოვებაზე დაწერა, რისი მიზეზიც ჯანდაცვის ახალ მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან დაპირისპირებაა, რაც კულუარული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება.
“მთავარმა” ინფორმაციის გადამოწმება თავად ცერცვაძესთან სცადა, თუმცა მან არხის კითხვებს არ უპასუხა:
“არ ვთანამშრომლობ თქვენთან, შესაბამისად, არცერთ კითხვაზე არ გიპასუხებთ. იმას კითხეთ, ვინც გითხრათ. არანაირი დაპირისპირება არ მქონია [ჯანდაცვის მინისტრთან]. მივდივარ ახლა იქ [ინფექციურში] სამუშაოდ”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
კონკრეტულად როდის დატოვებს თენგიზ ცერცვაძე დაკავებულ თანამდებობას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის დანიშვნის შემდეგ თანამდებობა უკვე დატოვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.
„ჰოთნიუსი“ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბერიძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ცერცვაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია პირველად სწორედ „მთავარი არხისგან“ შეიტყო:
„აღნიშნული ინფორმაცია მეც და ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმაც „მთავარი არხისგან“ გავიგეთ, ჩვენთვის ეს მოულოდნელი შოკი იყო, რადგან წუხელ ვესაუბრე ბატონ თენგიზს და მსგავს საკითხზე საუბარი მიახლოებითაც კი არ ყოფილა.“
კომენტარები