„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ რუსი ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი და აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ.
ნათელაშვილი ინფორმაციის გავრცელებაში ქართველ ბიზნესმენსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს და წერს, რომ ივანიშვილი ჯო ბაიდენის ოჯახის შანტაჟზე გადავიდა.
„როგორც ჩანს ივანიშვილს ვერ ჩამოსდის ამერიკიდან მაინც და მაინც კარგი ამბები მისი ქარვასლის სანქციებისგან გადარჩენაზე და ახლა არც მეტი არც ნაკლები იგი პირდაპირ გადავიდა პრეზიდენტ ბაიდენის ოჯახის შანტაჟზე, რომ თითქოს უმცროსი ბაიდენი ოლიგარქ ევტუშენკოვს შეხვედრია.
ასე ჯო ბაიდენი გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს მოსკოვში შეხვდა მაშინდელ საბჭოთა ლიდერებს ბრეჟნევსა და კოსიგინს. ამის გამო იმედია ივანიშვილი აშშ-ს პრეზიდენტს არ გამოაცხადებს საბჭოთა რეჟიმის მეგობრად,“- წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.
ცნობისათვის, დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი და რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. ამ შეხვედრებს უკავშირებენ მედიაში იმ ფაქტს, რომ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ევტუშენკოვს, ამერიკამ სანქციები არ დაუწესა.
კომენტარები