ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, ჯუმბერ კირვალიძე.
– ბატონო ჯუმბერ, კარგად ვიცი, ათწლეულებია არ გამოკლებიხართ ეროვნული მოძრაობის არც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას და არა ერთხელ, მათ სათავეებთან ყოფილხართ. იქნებ ამიხსნათ ეს ფენომენი – როგორ შეიძლება, ეროვნული პოზიციების დამცველი, რუსეთთან ნაბრძოლი ომის ვეტერანები, საქართველოს გაცხადებულ მტერს, რუსეთს გულშემატკივრობდნენ? ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული და დღემდე მასთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით?
– მეც გაოცებული ვარ. სიმართლე გითხრათ, ვერც მე ვპოულობ ამ უცნაურობის ახსნას. პოლიტიკური საჯარო ფიგურა არ ვარ, მაგრამ პოლიტოლოგი ვარ, მთელი ცხოვრება, სტუდენტობიდან მოყოლებული, ამ სფეროში ვარ. სულ ვფიქრობდი ამ თემაზე, როგორც თქვენ და როგორც ყველა ქართველი, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდოდა. ამის ახსნა არ მაქვს. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს და კონკრეტულ პიროვნებებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ მაგალითად, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილს მოვიყვან. ძირითადად, ასაკოვან ხალხს, რომლებიც იმ რუსეთის მხარეს არიან, რომელთან ბრძოლასაც ზვიად გამსახურდიამ თავი შესწირა. ზოგჯერ ამ ადამიანების ისეთ პოსტებსა და კომენტარებს ვკითხულობ „ფეისბუკში“, გაოგნებული ვარ. არადა, ნამდვილად ვიცი, ეს ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ათწლეულები იბრძოდა და ზოგიერთი მათგანი იარაღით ხელში. არ ვიცი, რა დაემართათ. შეიძლება „სტოკჰოლმის სინდრომი“ ჩამოუყალიბდათ, შეიძლება ფარ-ხმალი დაყარეს. სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიაში არა ერთხელ მომხდარა, ვისაც ებრძოდნენ ათწლეულები, ხშირად დაუყრიათ ფარ-ხმალი და გამუსულმანებულან. დღევანდელი ქართული საზოგადოების შედარება არ შეიძლება 80-იანი წლების საზოგადოებასთან. როგორი ანთებულები ვიყავით მაშინ, ყველაფერს გავიღებდით, ოღონდ ქვეყნის დამოუკიდებლობა მოგვეპოვებინა. ამ 30 წლის მანძილზე, ქართველი ხალხის მიერ მოწონებულმა მთავრობებმა, ყველამ თავისი წილი გამოხრა ეს ქვეყანა, ამან ხალხში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია. მილიონნახევარი ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. გაჭირვებასა და უპერსპექტივობის განცდას გაექცა ეს ხალხი, დალხენილ ცხოვრებას არავინ გაურბის. ქართველი კაცისთვის ემიგრაცია საშინელებაა, ჩვენ საემიგრანტო ერი არ ვართ და აქამდე არასდროს ვყოფილვართ მოდებულნი სხვა და სხვა ქვეყნებს, ვერ ვხარობთ უცხოეთში. ჩვენ არც სომხები ვართ და არც ებრაელები. აი, ამ იმედგაცრუებამ, პოლიტიკური პროცესის, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნიჰილისტურმა განწყობილებამ წარმოშვა, ალბათ, ეს უცნაურობა, რომ დღეს ქართველები მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს. შეიძლება ხელი ჩაიქნიო, უკეთესი ყოფის იმედი დაკარგო, მაგრამ იმის სასარგებლოდ მაინც ნუ ეწევი პროპაგანდას ან სხვაგვარად ნუ უჭერ მხარს, ვინც შენი სამშობლოს მტერია. ზოგჯერ ვამბობ, მათგან რომ ზოგი „სასარგებლო იდიოტია“, ზოგი ბრიყვია და ზოგი დაშიფრული აგენტი იყო და არ ვიცოდით, სინამდვილეში რას წარმოადგენდა. ისე, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ძალიან ბევრი აგენტურა იყო სპეცსამსახურებისა. ამ სფეროს ერთმა ვეტერანმა მითხრა, რომ არც ერთ სხვა რესპუბლიკაში იმდენი აგენტურა არ ჰყოლიათ საბჭოთა სპეცსამსახურებს, რამდენიც საქართველოშიო. სამწუხაროდ, როგორც გამოჩნდა, ეს საქმე, ეტყობა, ეხერხება ჩვენს ხალხს. „დათა თუთაშხია“ გაიხსენეთ, ჭაბუა ამირეჯიბის ეს ბრწყინვალე ნაწარმოებიც ამის დასტურია. გაოცებული ვარ და ასეთი გულგატეხილი ამ მხრივ, სიმართლე გითხრათ, არ ვყოფილვარ. ყველაფერს ჩამოშორებული ვარ, არ ვიცი, რა და როგორ იქნება ხვალ და ზეგ. იყო რაღაც შეხვედრები, მაგრამ არ მინდა, რაიმე საზოგადოებრივ მოძრაობაში ან სადმე გავერთიანდე. პატარა ბიჭი აღარ ვარ და მეც ძალიან ბევრი იმედგაცრუება შემხვედრია ცხოვრებაში. პათეტიკაში არ ჩამომართვათ და ფეხებით რომ ჩამომკიდონ, გამორიცხულია, საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა რაიმეში გავცვალო და ჩემი ქვეყნის რაიმე საწინააღმდეგო ვთქვა. პირადად ჩემი კი არა, ჩემი ოჯახის ტირანი რომ იყოს საქართველოს სათავეში, ოჯახი რომ ამომიწვიტოს, მაინც საქართველოს საზიანო სიტყვას არ ვიტყვი და საქმეს არ ჩავიდენ. სიცოცხლე არ მინდა მაშინ. მოკლედ, თქვენს კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ჩემო ლევან. მართლა ძალიან უცნაური ფენომენია და მე ვერ ავხსენი მისი რაობა, თუმცაღა, ბევრი მაქვს ნაფიქრი ამ საკითხზე.
– კი, მეტად უცნაური საკითხია და საგულისხმოა, რომ ბელარუსის გარდა, საბჭოთა კავშირის არც ერთ ყოფილ რესპუბლიკაში ამგვარი რამ არ დაფიქსირებული. რუსეთის მომხრეები მეტ-ნაკლებად ყველგან არიან, ასევე, რუსეთის „მეხუთე კოლონა“, მაგრამ საქართველოში რომ არიან, იმდენი და თან ასეთი მოწადინებულნი, რომ რუსეთის საქმე აკეთონ, სხვაგან არ გამიგია.
– თქვენ გეხსომებათ, ჩვენ, ქართველები მოწინავენი ვიყავით, როდესაც ეროვნული მოძრაობის ტალღები აგორდა საბჭოთა კავშირში. ჯერ ჩვენ ვიყავით, 9 აპრილიც ჯერ ჩვენ გადავიტანეთ და ჩვენს მერე იყვნენ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, აზერბაიჯანი და სომხეთზე, მოლდოვაზე და შუა აზიის ქვეყნებზე ხომ ლაპარაკი არ არის. თბილისში ჩამოდიოდნენ ბალტიისპირეთისა და სხვა ქვეყნების დელეგაციები და ჩვენგან სწავლობდნენ იმპერიასთან მშვიდობიან ბრძოლას, მის მეთოდებს, არ ვაჭარბებ და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ჩვენ ვიყავით ავანგარდი. ამდენი ბიჭები დაიხოცნენ, ამდენი ომი გადავიტანეთ და ამის დავიწყება და ამაზე გადავლა როგორ შეიძლება? მერე გამოჩნდნენ ბრძენები, რომლებიც ტელევიზიით გვასწავლიან, რომ მაშინ ასე კი არა, ასე უნდა ყოფილიყო, ისტორიის გადაწერა დაიწყეს, ფაქტებს ამახინჯებენ და მოვლენებს ცვლიან. კი, შეცდომების მეტი რა იყო, მაგრამ მაშინ იმ ხალხს, საკუთარი ქვეყნისთვის არა თუ არ უღალატიათ, ეს წამითაც არ გაუვლიათ გულში. იმის სურვილიც აღარ დამრჩა, „ფეისბუკზე“ შევიდე და კომენტარები გავაკეთო. ნერვები მეშლება. მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში ანალოგიებსაც კი ვეღარ ვპოულობ. კი, არის რამდენიმე მსგავსი შემთხვევა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ იმ ცუდს და უვარგისს მიბაძო? კარგს რატომ არ ბაძავენ, ეს მიკვირს. მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთმა არ იომა და გენერალმა დე გოლმა ჩააბარა გერმანელებს ქვეყანა, თავად კი ინგლისში გაიქცა. თითქოს ამისკენ მოუწოდებენ ხალხს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი რუპორები. ფრანგებს ეს როგორ მოუვიდათ, დღემდე ვერ გამიგია. ომი მაგათ არ ესწავლებათ, ნაპოლეონის ქვეყანაა ბოლოს და ბოლოს. ღია ქალაქად გამოაცხადეს პარიზი, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და არ დავანგრევინოთო და ზარ-ზეიმით და სიცილ-კისკისით შეუშვეს ფაშისტები საფრანგეთში. რუსეთმა, დავუშვათ და მოიგო ომი უკრაინასთან, დაიპყრო ეს ქვეყანა, მერე საქართველოში რასაც უნდა, იმას გააკეთებს. გინდა დალაგებული გქონდეს ურთიერთობა პუტინთან და გინდა, ფეხები ულოკონ, მაინც თავისას გააკეთებს. ეს გასაკეთებელი კი პუტინისთთვის საქართველოზე სრული კონტროლის დამყარება, ჩვენი დსთ-ში შეყვანა და იმ ოდკბ-ში გაწევრიანებაა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ყოველგვარი დეოკუპაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გარეშე. ვფიქრობ, ალბათ ამზადებენ რაღაცას რუსები და აქაურ „მეხუთე კოლონას“, პარიზის მსგავსად ღია ქალაქად უნდა გამოაცხადოს თბილისი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. დაგვჩხავიან – აბა, ომი გინდათ? რის ომი, კაცო? ვის უნდა ხალხის ხოცვა? არც ერთ ჭკუათმყოფელს ომი არ უნდა, მაგრამ არის ასეთი კატეგორიები – პიროვნული და ეროვნული ღირსება. ქართველ კაცს ვინმემ დედა რომ შეაგინოს, ათიდან ცხრა არ შეარჩენს და უმკაცრესად აგებინებს პასუხს, არ დაინდობს, იარაღსაც ესვრის. აი, ეროვნული ღირსება თუ შეულახე, ბევრი არც კი ამოიღებს ხმას და არ მოგთხოვს პასუხს. ჩვენში ბევრს დაჩლუნგებული აქვს ეროვნული ღირსების გრძნობა და არ მინდა დავიჯერო, რომ ერის უმეტესობას. ეროვნული ღირსება, ეროვნული ინტერესები თუ არ დაიცავი, სხვაგვარად სახელმწიფოს ვერ ააშენებ. არადა, ეროვნული ღირსების შელახვა უფრო მწარეა. პიროვნულზე წინ უნდა დააყენო ეროვნული ღირსება. თუ ეს ვაებით მოპოვებული თავისუფლება და მისი შენარჩუნება არ გვინდოდა, მაშინ ვყოფილიყავით საბჭოთა კავშირში. მაშინ განვითარდაო კინო, თეატრი, მეცნიერებაო და კი, ბატონო, რა ჯობია მაგას. თუმცა, შენ თავს არ ეკუთვნოდი. შენ არავინ არაფერს გეკითხებოდა შენს ქვეყანაში. ჩამოვიდოდა ერთი გენერალი რუსეთიდან და საითაც თითს გაიქნევდა, იქით მიდიოდა ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა. ეს გვინდა? სახინკლისა და სახაჭაპურეს ქვეყნად ვიქეცით. ამასწინათ ვუყურე დოკუმენტურ ფილმს „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. ერთი ღიპიანი კაცი ვერ ვნახე, ხმელ-ხმელი, ლამაზი ქართველები ჩოხებში თუ ევროპულ ტანსაცმელში. ღიპიანი საქართველო იყო ის საბჭოთა კავშირი, ჭამა-სმასა და საშოვარზე იყო გადაგებული მთელი ქვეყანა. ერთეულები ფიქრობდნენ ქვეყანაზე და ერთეულები ბედავდნენ ბრძოლას ქვეყნის საკეთილდღეოდ. ღმერთმა გადმოგვხედა ახლა და ამაზე ხელის ჩაქნევა როგორ შეიძლება?! ცხადია, სისულელეები არ უნდა გავაკეთოთ, ფრთხილადაც უნდა ვიყოთ. 2008 წელს საქართველოს დაიწყო ომიო, ბევრი ამბობს. რუსეთი შემოეთრა აქ ჯარით, საქართველოს არ დაუწყია ომი. ამერიკის იმჟამინდელმა თავდაცვის მდივანმა, რობერტ გეიტსმა განაცხადა – ,, სააკაშვილი გაება რუსულ ხაფანგშიო“ და ასე იყო. ახლაც, ხაფანგში არ უნდა გავებათ, ჭკუით უნდა მოვიქცეთ. ომისთვის უნდა ემზადო მშვიდობის დროს. როდესაც რუსეთი შევარდა უკრაინაში, რა უნდა ექნა საქართველოს ხელისუფლებას, არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია მკვეთრი პროტესტის გამოხატვისა და უკრაინის მხარდასაჭერადო, იძახიან. ჯერ რომ გააჩნდეთ ბერკეტები, რას ამბობთ, გამოიყენებდნენ. მეორეც, 2008 წლიდან ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი აქვს რუსეთს ოკუპირებული, თან მის მიერვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული. რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსი გვაქვს მინიჭებული. 40 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ რამშტაინში და შეიქმნა ანტუპუტინური კოალიცია, იმაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი, ვიდრე ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. არ იყო იქ საქართველო. არადა, იქ უნდა ყოფილიყო და იქ უნდა გაგვეცხადებინა ღიად, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა და მოვითხოვთ, დამთავრდეს მშვიდობიანად ჩვენი პრობლემა და შესრულდეს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება, რომლის გარანტორიც ევროკავშირია.რუსეთმა უნდა გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები ჩვენი ტერიტორიიდან.აი, ეს უნდა მოეთხოვა ხელისუფლებას. ამის ნაცვლად, რაღაც მიკიბულ-მოკიბულს ბლუკუნებენ ჩვენი დეპუტატები თუ მთავრობის წევრები. აბა, ის რა იყო მთავრობის სხდომაზე, რომ ლაპარაკობენ, აი, რა მოიგო უკრაინამ, ნადგურდებიან და უცხოელები რომ ეხმარებიან მერე რაო? ან რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ იმუშაობსო, რომ იძახდნენ. ეს რა იყო?..
კომენტარები