ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:
“საცხრამაისო ფიქრები ….
————————–
კატინის ტყეში პოლონეთის არმიის ოფიცერთა მთელი ელიტა რომ დახვრიტეს რუსებმა, ძალიან კარგად იცოდნენ რასაც აკეთებდნენ.
ერის მხედრული ინტელექტის მოსპობა სურდათ.
დიახ, არსებობს ასეთი ცნება, – მხედრული ინტელექტი. ამ ინტელექტის განვითარებაზეა დამოკიდებული ერის ჩამოყალიბება სახელმწიფოდ, რადგან ნებისმიერი წარმატებული ერისა და სახელმწიფოს ისტორია მისი მხედრობის სისხლსა და ძვლებზე დგას.
“From the Halls of Montezuma, to the Shores of Tripoli” – დღესაც ამაყად მღერიან ამერიკელი საზღვაო ქვეითები 1878 წელს შექმნილ ჰიმნს.
ამერიკის სახელმწიფო ჰიმნის შექმნის ისტორიაც იცით ალბათ და ამიტომ არიან ამერიკელები ასეთი ამაყნი და ძლიერნი. და ამიტომ მოსპო და გაანადგურა რუსულმა იმპერიამ ქართული მხედრული სული. ეროვნული მხედრული ინტელექტი მხოლოდ ეროვნულ ფესვებზე დგას; დანარჩენი ყველა დაქირავებული მებრძოლი და უსამშობლო ავანტურისტია, რომლებიც გაუცნობიერებლად ან შლეგნი არიან, ან ბრიყვნი, ან სასიკვდილოდ განწირული სასოწარკვეთილნი.
ეროვნული მხედრული ინტელექტი რთული გასავითარებელია. ცხადია მასში უნდა იყოს ჰეროიკულ-პათეტიკური ელემენტებიც, ისტორიული წიაღსვლებიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გადაჭარბებული მისტიკურობა, რადგან ასეთ შემთხვევაში პროფესიონალი მხედრობის ნაცვლად რაღაც რელიგიურობაში გადასული, ფანატიკური ორდენი ყალიბდება, რაც საბოლოოდ და ლოგიკურად იძენს გარკვეულ პათოლოგიურ გადახრებს. თუნდაც მესამე რაიხი გამოდგება ამის კარგ მაგალითად.
მხედრული ინტელექტი სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სახელმწიფო ინსტიტუციებთან, კანონთან, ქვეყნის სამხედრო დოქტრინასა და პრინციპებთან; აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს კლასიკურ სამხედრო მეცნიერებებს. ამას კი განათლებულ ოფიცერთა კლანის განვითარება სჭირდება, რომლებსაც შესანიშნავად ეცოდინებათ ისტორიაც, სამართალიც და თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებიც; წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ შუა საუკუნეების ყაიდაზე ჩამოყალიბებულ, ქაოტურ, ფსევდო-სამხედრო შენაერთებს.
მხედრულმა ინტელექტმა თანაბრად უნდა გამოიყენოს როგორც ბუნებრივი ფსიქოლოგიური მონაცემები, ასევე ყველა სხვა ინტელექტუალური რესურსიც, რომელიც სამხედრო ლოგისტიკას სჭირდება. რომელიმე მათგანის გამოცალკევება და ამაზე აქცენტის აღება დიდი შეცდომაა. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული მსოფლიოში უძლიერესი ამერიკული სამხედრო მანქანა, სადაც მინიმალურ დონეზეა დაყვანილი საბრძოლო შიშველი “მაჩოიზმის” მნიშვნელობა. ეს ელემენტი მხოლოდ განსაკუთრებულ, მცირერიცხოვან, სპეციალურ შენაერთებშია აქცენტირებული და ისიც სასტიკი სამხედრო დისციპლინის თანხლებით. უდისციპლინო და დაუმორჩილებელი სამხედრო ძალა აღარ წარმოადგენს მხედრულ ინტელექტს და იქცევა ბანდად. ეს ბრწყინვალედ ჰქონდათ გაცნობიერებული ბრიტანელებს და ინგლისურ ხომალდებზე დისციპლინის დარღვევები უსასტიკესად ისჯებოდა. მშვენიერ მაგალითს წარმოადგენს ჰიუგოს მონათხრობი მარკიზ ლანტენაკზე, როდესაც მან მეზღვაური ჯერ დააჯილდოვა აშვებული ზარბაზანის დაოკებისათვის და შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა, რადგან ზარბაზანის აშვებაც მისი დაუდევრობის ბრალი იყო. სამხედრო დისციპლინისა და სამართლიანი დაუნდობლობის ბრწყინვალე ნიმუშია.
ჩვენთვის კარგი მაგალითი იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაზე დაკვირვება. ისინი პირდაპირ ცეცხლში იწრთობიან ამჟამად. ვნახოთ.
ცხრა მაისი კი ტრაგიკული თარიღია ქართველებისათვის და ერთგვარი ეპიტაფიაც სხვათა ომებში უსაზმნოდ დაღუპული ქართველი მხედრებისთვის.”
კომენტარები