ფოტო – 24tv.ua
უკრაინული მედია აქვეყნებს მარიუპოლში, აზოვსტალში დაჭრილი მებრძოლის ცოლის, იულია ფედოსიუკის წერილს:
„29 წლის ვარ. ომამდე რადას დეპუტატის თანაშემწედ ვმუშაობდი. ჩემი ქმარი, არსენ ფედოსიუკი, მარიუპოლის მცველი პოლკის მებრძოლია, აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის.
ომში ის აკადემიის დასრულებისთანავე წავიდა. პროფესიით ისტორიკოსია.
„აზოვსტალშია“ უკვე ორი კვირა. აქამდე მებრძოლების ორი ჯგუფი იყო, ერთი – „აზოვსტალში“, მეორეს კი მარჯვენა სანაპირო ეჭირა. ჩემი ქმარი, არსენი, მარჯვენა სანაპიროს ჯგუფში იყო. მერე ორმაგ ალყაში მოექცნენ. ანუ მარიუპოლის ირგვლივ ალყის გარდა ალყაში იყო ჩემი ქმრის ჯგუფიც ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე.
რაღაც სასწაულით მოახერხეს ალყის გარღვევა, რომ „აზოვსტალის“ პოლკის ძირითად ნაწილს შეერთებოდნენ.
მათ ალყა არტილერიისა და ტანკების ცეცხლის ქვეშ გაარღვიეს, გადაცურეს მდინარე და მიაღწიეს აზოვსტალამდე. ვფიქრობ, ეს ამ ომის ყველაზე ფანტასტიკური ოპერაცია და უდიდესი გამბედაობაა.
მას შემდეგ ჩემი ქმარი უკვე „აზოვსტალშია“. მიამბობს, რომ მათ განუწყვეტლივ ბომბავენ. ბევრი დაჭრილია, კვდებიან სეფსისით, განგრენით. უთავდებათ სასმელი წყალი. ჩემმა ქმარმა შეტყობინება გამომიგზავნა, რომ ვიპოვო ინფორმაცია, როგორ შეიძლება იცოცხლო წყლის გარეშე. ამ მესიჯითაც გასაგებია, იქ რა ხდება.
არსენის მესიჯი ცოლს: „დაგუგლე, რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლო წყლის გარეშე. დააკოპირე რამე გამოსადეგი სტატია ამ თემაზე და ჩამომიგდე. მხოლოდ ტექსტი და არა, სქრინი. ფოტოები არ იტვირთება“.
ისინი არ ჩაბარდებიან ტყვედ! იმიტომ არ ჩაბარდებიან, რომ რუსები პოლკის მეომრებს ტყვეობაში კლავენ. ერთი თვის წინ მათ მარიუპოლში ერთი მებრძოლი აიყვანეს ტყვედ, აწამეს, ვიდეო გადაიღეს, შემდეგ მოკლეს და დედამისს მოკლული შვილის ფოტო გაუგზავნეს.
ამიტომაც ტყვედ ჩაბარება მარიუპოლის დამცველი პოლკის მეომრებისთვის შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შეიძლება, ეს ჰუმანიტარული კორიდორია და ექსტრაქცია მესამე ქვეყანაში, სადაც ისინი შეძლებენ ამ ომის დასრულებამდე დარჩენას.
ამას ვცდილობთ, ვთხოვთ დეპუტატებს, პოლიტიკოსებს ყველა ქვეყნიდან, ზეწოლა მოახდინონ პუტინზე, რომ ისინი გამოუშვას“.
კომენტარები