საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“10 მაისის შეჯამება უკრაინაში:
– ხარკივი – ქალაქის შემოგარენი, რომლის აღებასაც რუსები 3 საათიდან 48 საათამდე პერიოდში ვარაუდობდნენ თითქმის სრულად გათავისუფლებულია. უკრაინულმა არმიამ დღეს კიდევ 5 დასახლება გაათავისუფლა. ხოლო რუსები დიდი დანაკარგებით, ბოლო 24 საათია პრაქტიკულად უბრძოლველად იხევენ უკან, რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით. უკრაინელებმა ერთ-ერთ ასეთ კოლონას ჩასაფრება მოუწყვეს და შემდგომ საარტილერიო იერიშით გაანადგურეს, რის შედეგადაც რუსების უკან დახევა კიდევ უფრო ქაოსურად გაგრძელდა. თვითონ რუსების მხრიდანვე ხდება ცნობილი, რომ ასეთი მაღალი დანაკარგი ერთ კონკრეტულ პატარა მიმართულებაზე რუსულ არმიას არ ჰქონია. პრაქტიკულად ხარკივი-რუსეთის საზღვრის ტერიტორიის 30 კილომეტრი რუსული არმიის სრული განადგურების სიმბოლოდ გადაიქცა.
უკრაინელთა კონტრიერიშის დაწყებიდან, ბოლო ორ კვირაში 500 რუს სამხედრომდე ჩავარდა ტყვედ მხოლოდ ხარკივის რაიონში. ტყვეთა რაოდენობაც ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე რეკორდულია.
რუსების დანაკარგი იმხელაა, რომ ორი ბრიგადა და ერთი საარმიო კორპუსი პრაქტიკულად თავიდანაა დასაკომპლექტებელი. რუსების მხრიდან დაჭრილები მხოლოდ ხარკივის მიმართულებით 13 ათასს უტოლდება. დაახლოებით 3000 სამხედრომდეა მოკლული. სავარაუდოდ 900 რუსი ტყვედ იქნა აყვანილი 24 თებერვლიდან დღემდე ამ მიმართულებით.
უკრაინელებმა ხარკივის დაცვა ელიტურ დანაყოფებს ჩააბარეს. მსგავსად ამისა, რუსებიც, რომლებიც ხარკივის ასაღებად იყვნენ მომართულები, მათი რიგებიც საუკეთესოდ აღჭურვილი სამხედროებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა როგორც კი ურბანულ სივრცეს მიუახლოვდნენ უკრაინელთა წინააღმდეგობა გადაულახავი აღმოჩნდა, ხოლო რუსული შემტევი ნაწილები უბრალოდ განადგურდა.
რუსებმა თავიანთი საუკეთესო სამხედრო დაჯგუფებები ხარკივზე, მარიუპოლზე, ნოვა კახოვკასა (ხერსონი) და კიევზე მიუშვეს. მათ ხარკივის ასაღებად 1942 წელს დაარსებული 41-ე რუსულ ციმბირიდან გადმოსროლილ არმიას მურმანსკის მე-200 მოტომსროლელი ბრიგადაც კი დაუმატეს. ისინი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პირობებში გამოწრთობილი ნაწილები იყვნენ. დღეს მე-200 ბრიგადა პრაქტიკულად აღარ არსებობს, 41-ე არმია კი იმდენადაა დასუსტებული რომ დავალებების შესრულება აღარ შეუძლია.
მომდევნო რამდენიმე დღე და უკრაინელები დარჩენილ რუსულ ნაწილებს, რომლებიც ცდილობენ სასწრაფოდ უკან დახევას, ალბათ სრულად გაანეიტრალებენ.
ამასთან, ხარკივის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან რუსები საგზაო მონაკვეთს ბომბავენ. მათ ეშინიათ, რომ უკრაინელები იზიუმისაკენ დაიძვრებიან და რუსულ მომარაგებას შეზღუდავენ. სავარაუდოა, რომ როგორც კი უკრაინელები წარმატებით გაწმენდენ ხარკივის შემოგარენს, შემდგომი სამიზნე მართლაც იზიუმი იქნება.
დაბოლოს, ძალიან სიმბოლურია – იქ, სადაც რუსები ყველაზე ნაკლებ წინააღმდეგობას ელოდნენ და ფიქრობდნენ რომ ძალის დემონსტრირების შემთხვევაში ქალაქი ტაშით შეხვდებოდა მათ, დასამარდა კიდეც რუსული არმიის წარმოსახვითი სიდიადე.
– ყირიმში, ხერსონის ადმინისტრაციულ საზღვართან, რუსული პოზიციები დაიბომბა. განადგურებული სამიზნეების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა სავარაუდოა, რომ ესაა როგორც სახმელეთო ისე საზღვაო ობიექტები. რუსული საზღვაო ძალები პრაქტიკულად ყირიმის საზღვაო აკვატორიაში არიან თავმოყრილები და ზღვაში ღრმად აღარ გადიან. უკრაინელები კი მათზე ამ მიმართულებითაც ნადირობენ. ძირითადად “ბაირაქტარის” ტიპის დონები თამაშობენ გადამწყვეტ როლს.
– ბელორუსში, უკრაინის საზღვართან კვლავ აქტიური გადაადგილებაა. შეინიშნება, როგორც ბელარუსული არმიის ნაწილის მობილიზაცია, ასევე რუსული ძალების არსებობაც. რთული სათქმელია ლუკაშენკოს მოტივაცია რა არის (ნაკლებად სავარაუდოა, ომში რაიმე ფორმით ჩართვა იყოს, მით უფრო ახლა), მაგრამ ომის ნებისმიერი სცენარით დასასრული მის პოზიციებს კიდევ უფრო სუსტს გახდის – თუმცა თვითგადარჩენის ინსტინქტი კი ნამდვილად აქვს. აი რაც შეეხებათ რუსებს, მათი მხრიდან ბელორუსის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ კვლავ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ამჯერად არა კიევის მიმართულებით, არამედ კიდევ უფრო დასავლეთით. მათი შესაძლო ქმედების უკან არა რაიმე ქალაქის დაკავება, არამედ უკრაინელთა სამხედრო ნაწილების დივერსიფიცირება და ამ მიმართულებით გადმოსროლა თუ იქნებოდა.
– შეტაკებები გრძელდება დონეცკის რაიონში. პრაქტიკულად უკრაინელებს დიდი ციხე-სიმაგრე აქვთ აგებული ქალაქი დონეცკის გასწვრივ და მის შემოგარენში. რუსების აბსოლუტურად ყველა მცდელობა აეღოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ავდიივკა სრული კრახით დასრულდა. იგივე მოხდა დღესაც. რუსების დანაკარგი ყოველდღიურად მზარდია.
– კვლავ იბომბება მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხანა. რუსები იყენებენ არამხოლოდ არტილერიას, არამედ ავიაციასა და საბრძოლო ხომალდებსაც კი. ეს იმაზე მიანიშნებს რომ რუსები უშუალოდ შეტევაზე კვლავაც არ გადავლენ, რადგან იქ, სადაც მუშაობს არტილერია და ავიაცია, ირგვლივ მოიერიშე სამხედროები ვეღარ იქნებიან. ამასთან, მათი უშუალო მიახლოება ქარხანასთან სრული კრახით დამთავრდა.
– ამერიკელი ანალიტიკოსები პუტინის მზაობას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ მას შეიძლება ხანგრძილივი ომისათვის მზადება აქვს გადაწყვეტილი, რომლის შედეგიც დნესტრისპირეთამდე მისვლა იქნებოდა. თუმცა ამასთან, რუსეთი საკუთარ მოწინააღმდეგედ კოლექტიურ დასავლეთს წარმოაჩენს, რაც დამარცხების შემთხვევაში იმის თქმის საფუძველს მისცემს, რომ რუსეთი არა უკრაინამ, არამედ ანგლო-ამერიკულმა კოალიციამ დაამარცხა. თუმცა ფაქტი ერთია, რუსეთს რესურსი ეწურება და მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთი ისევ რუსეთთან ურთიერთობას ამჯობინებს არის ილუზია, რადგან დღეს უკრაინის დასახმარებლად როგორც დასავლური ქვეყნების საზოგადოებრივი აზრია მობილიზებული, ისე აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომელთაც დასავლურ სამყაროში ყველაზე დიდი სამხედრო წონა აქვთ. ხოლო აგრესორის დამარცხების პრეცედენტი ყველასათვის სასურველი.”
კომენტარები