ამ წუთებში, პოლიტიკური პარტიების ლიდერები იკრიბებიან, როგორც გაჟღერდა ერთიანი სამოქმედო გეგმის შესადგენად. ადგილზე მივიდა ასევე, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი გაბუნია.
გიორგი გაბუნია მედიასთან ამბობს:
“სამოქმედო გეგმას შევიმუშავებთ ერთობლივად, იმიტომ რომ ისე მოხდა, ერთ ნავში ვსხედვართ, იქნებიან ეს პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კრიტიკული მედია, თუ საზოგადოების ის წევრები, რომელიც არ დგას ქართული ოცნების მხარეს. ისე მოაქცია ეს ქვეყანა ქართულმა ოცნებამ, რომ ასე ორად არის საზოგადოება გაყოფილი, ქართული ოცნების მომხრეები, მათთვის არის ამ ქვეყანაში ყველაფერი და მათი მოწინააღმდეგეები, რომლებისთვისაც არ არის არაფერი, მათ შორის, არც სამართალი. გადავწყვეტთ როგორ ვიმოქმედოთ ერთად, გვექნება ასევე მიმართვა ოპოზიციური არხების მედიამენეჯერებს, დასავლელი პარტნიორებისადმი, იმიტომ რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რას იტყვის ამ ყველაფერზე დასავლეთი. იმ დროს როდესაც ევროკავშირის კითხვას ვავსებთ, რა სიგნალია ეს? საინტერესოა რა პასუხები დაწერა ისეთი, ქართულმა ოცნებამ, კითხვარში, რომ შეიძლება ეს ფაქტი გადაიწონოს?
და მეორე – როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ომი და ისედაც აშკარად რუსული პოზიცია უჭირავს ქართულ ოცნებას, რა დაამატა ამ ნაბიჯით? უბრალოდ, კიდევ ერთხელ თქვა, რომ დიახაც, მე რუსეთი ვარ და ვერაფერს იზამთ, მე მინდა რუსეთი. ამიტომ მივმართავთ დასავლელ პარტიონრებს და ველით მათ პასუხებს. მთავარი არხის გადარჩენა, ეს არის მთლიანად თავისუფალი სიტყვის გადარჩენა, როგორც ნიკა გვარამიას თავისუფლება არის მთლიანად სიმბოლო ქვეყნის და საზოგადოების თავისუფლების.”
კომენტარები