ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე.
– ოთო, გაერო-მ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მსოფლიოში სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი. ჩვენ რა მოგველის?
– გაერო-მ განაცხადა, რომ შესაძლოა, სასურსათო კრიზისი დაგვიდგესო. ეს არ შეეხებათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს. საუბარია, განუვითარებელ სახელმწიფოებზე. რაც შეეხებათ, განვითარებულ და განვითარების საფეხურზე მყოფ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ამ ქვეყნებში სასურსათო დეფიციტი არ შეიქმნება და იქნება ფასების რადიკალური ზრდა. მოთხოვნა იზრდება სურსათზე, საქონელზე, მომსახურებაზე, მიწოდება მცირდება და ეს ყოველთვის წარმოქმნის ფასების ზრდას. სამომავლოდ, საქართველოში უნდა ველოდოთ, მინიმუმ, 20%-ით, ყოველდღიურ თუ არაყოველდღიურ მოხმარების საგნებზე, ფასების ზრდას.
– ეს „სამომავლოდ“, სავარაუდოდ, რა პერიოდი იქნება?
– 30 კალენდარული დღე და ზემოთ.
– ოთო, შენ ბევრს საუბრობ იმ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელების შედეგადაც, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდება. რატომ არ აკეთებს ამას ხელისუფლება? ინფლაციის შედეგად, ხალხი დღითი დღე ღარიბდება. რაში აწყობს ხელისუფლებას ამდენი გაღატაკებული და უკმაყოფილო ხალხი?
– პირველ რიგში, ინფლაციის მაჩვენებელი თვიდან თვემდე 1.8%-ით იზრდება. 2022 წლის ბოლოს გავალთ აბსოლუტურ რეკორდზე, 15%-ს გადაცილებულ ინფლაციაზე, რომელიც გამოიწვევს ლარის უფრო მეტად გაუფასურებას და ფასების კვლავ ზრდას. რაც შეეხება ქმედით ნაბიჯებს, აქ მთავარი ნიუანსია, ქვეყანაში შემოვიდეს გარე ვალუტა და მოხდეს საგადასახადო ლიბერალიზაცია – ზოგიერთი გადასახადის გაუქმება და ზოგიერთის შემცირება. ეს ორივე ფაქტორი ერთმანეთთან კვეთაშია. შენ თუ არ განახორციელებ საგადასახადო რეფორმებსა და ლიბერალიზაციას, გარედან ვალუტა არ შემოვა. ეს თუ არ გაკეთდა, ამ ქვეყანას ეკონომიკური მომავალი არ აქვს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. რატომ არ აკეთებს ამას ხელისუფლება? ეს კითხვა მეც მაქვს დიდი ხანია და ვერ ვხსნი. ფაქტიურად, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, არც ერთი მინიმალური ტიპის რეფორმაც კი არ მინახავს, რომელიც პოზიტიურად წაადგებოდა ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს. მართლა გულწრფელად ვამბობ ამას. ართულებენ და ართულებენ საგადასახადო სისტემას. მათ შორის, დივიდენდის გატანის საკითხი გაართულეს, შეზღუდეს გებლინგი, რითაც ყოველწლიურად 500 მილიონი ევრო დაკარგა ქვეყანამ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში არსებული გემბლინგი, მხოლოდ ქართველ მომხმარებელზე იყო გათვლილი, ძალიან სცდება. მომხმარებელთა 70-%-ზე მეტი უცხოელი იყო, შემოდიოდა უცხოური ფული და გემბლინგი საქართველოში იყო მძლავრი ეკონომიკური აქტორი. ესეც ჩაიხსნა. 1-ლი აპრილიდან მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც იპოთეკურ სესხებზე ადამიანებს ხელმისაწვდომობას ურთულებს. მართლა არ ვიცი, რატომ იღებს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ცალკე ხალხს და ცალკე ბიზნესს უმძიმებს და ურთულებს მდგომარეობას. ამას ახსნა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ვერ ვხსნი. ეკონომიკა ზუსტი მეცნიერებაა, მაგრამ ვერც ერთ ეკონომიკურ დოქტრინასა და კანონზომიერებაში ვერ ჯდება, თუ რატომ არ აკეთებენ ეკონომიკურ რეფორმებს და რასაც აკეთებენ, იმას რატომ აკეთებენ. რაც შეეხება ინფლაციის ფაქტორს. ახლა რეალურად ვუყურებთ, რომ ლარი მყარდება. ეს ცალსახად პოზიტიურია, რა თქმა უნდა. თუმცა, ეს ფასებზე გავლენას არ იქონიებს. ავხსნი, რატომ არ იქონიებს ფასებზე გავლენას და მეტიც, რატომ გაიზრდება ფასები. ფასების ზრდა მიბმულია საერთაშორისო ფასწარმოქმნაზე, რომელიც მზარდია და ინფლაციაზე, რომელიც ადგილზე გაქვს ჭარბი ფულის მასის სახით. ვალუტის კურსის გამყარებას რაც შეეხება, ნახეთ, რა გამოიწვია: 1.ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი და ავიდა 11%-ზე. ანუ თითოეული მსესხებელი, რომელიც ბანკიდან ლარში აიღებს სესხს, იმ თანხიდან 11% ეროვნული ბანკს, ანუ სახელმწიფოს რჩება, დანარჩენი, 5% რჩება კერძო ბანკს. 2. მარტო 2021 წელს, ის რაც ლეგალურად ვიცით, 100 ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და რეალურად, სამჯერ მეტია. შესაბამისად, 1.5 მილიონს ავცდით ემიგრანტთა რაოდენობით. თითოეული ემიგრანტი, საშუალო სტატისტიკური გამოთვლებით, ყოველთვიურად საქართველოში რიცხავს 150-დან 300 დოლარის ექვივალენტს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაზრდილია ემიგრანტებისგან გადმორიცხული თანხები, რაც ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა. ეს თავისთავად ხელს უწყობს ლარის გამყარებას. 3. ეროვნულმა ბანკმა 50 მილიონი დოლარი ჩაუშვა გაყიდვაში და ამით ლარი დროებით გაამყარა. 4. მცირე ტურიზმი, რომელიც წამოვიდა და გარკვეული ოდენობის უცხოური ვალუტა შემოიტანა ქვეყანაში. ამ 4 ფაქტორის გამო შედარებით გამყარდა ლარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის კურსი გამყარებული კი არ არის, არამედ მისი გაუფასურებაა გაჩერებული. მოკლედ, ეს არის მოკლევადიანი პერსპექტივა, ვინაიდან საქართველო დამოკიდებულია იმპორტზე. იმპორტიორები ამ თანხას, დოლარს ქვეყნიდან გაიტანენ კონკრეტული რაღაცების საყიდლად და აქ შემოსატანად. ეს არის მოკლევადიანი სიხარული, თუმცა, რა სიხარული ეს არის. დოლართან მიმართებაში ლარის 2.92 თუ კარგი კურსი და სასიხარულოა, მაშინ ხმას აღარ ამოვიღებ საერთოდ.
– რას ურჩევ საქართველოს მოსახლეობას, რომელ უცხოურ ვალუტაში შეინახონ დაზოგილი თანხა, დოლარში თუ ევროში?
– ვისაც დაზოგილი აქვს, ის ამ თანხას ინახავს ევროში, ეს ცალსახაა. ვისაც დაზოგილი არ აქვს, ის თანხას მოიხმარს და მოხმარება თავისთავად ლარშია და საქართველოში სხვა ვალუტა არ გამოიყენება. აქ ბევრი ისეთი კითხვა და ბევრი ისეთი დეტალია, საბოლოო ჯამში, მივდივართ მთავარ პრობლემასთან – ინფლაციასთან. ვიდრე ქვეყანაში არ ჩატარდება ეკონომიკური რეფორმა, საგადასახადო რეფორმა, ვიდრე არ გაუქმდება აქციზის გადასახადი, ვიდრე არ გადავა საგადასახადო პოლიტიკა მცურავ რეჟიმზე, ვიდრე მთავრობა არ დაიწყებს ნაკლები ფულის ხარჯვას, ვიდრე 5 მილიარდიანი ადმინისტრაციული ხარჯი არ ჩამოვა 2 მილიარდზე, ვიდრე 19 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ ჩამოვა, მინიმუმ, 15 მილიონ ლარზე, მანამდე არაფერი გვეშველება. მთავრობა დღეს ყველაზე მსხვილი გადამხდელია, წლიურად 20 მილიონს ხარჯავს, ფაქტიურად. ვიდრე ამ ხარჯებს არ დავაკორექტირებთ, არ გადავალთ მცირე მთავრობის მოდელზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება საგადასახადო შეღავათებზე, სადაც პრიორიტეტი იქნება მდიდარი ადამიანი და არა გაზრდილი ბიუჯეტი, ვიმეორებ, იქამდე არაფერიც არ გვეშველება.
– ხელისუფლება აცხადებს, რომ 50%-ით შემცირდა ქვეყანაში სიღარიბეო. ამ უტიფარი განცხადების და განმცხადებლების შესახებ რას იტყვით?
– ორი პარადოქსული რაღაც თქვა ხელისუფლებამ. პირველი, გასულ წელთან შედარებით, 1.5 მილიარდი ლარით მეტი ინვესტიცია მიიღო ქვეყანამო. ამით ვის ატყუებენ? ეს არის ციფრებით ჟონგლიორობა. თუ პირობითად, 2018 წელს ადამიანმა ქვეყანაში შემოიტანა 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია, მაშინ ეს თანხა იყო 2.4 მილიონი ლარი მაშინდელი კურსით. დღეს რომ შემოიტანოს იგივე 1 მილიონი დოლარი, 3 მილიონი ლარია. ანუ, „ვალუტჩიკობის“ და კურსის შეფარდებებით ცდილობენ გავიდნენ ფონს. ახლა რომ ავიღოთ რეალური ეკონომიკა, 2012 წელს ლარის კურსი იყო 1.65. მაშინ თუ ქვეყანაში შემოდიოდა 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, ამით ქვეყანა მიიღებდა 1 მილიარდ 650 მილიონ ლარს. ამბობენ, ინვესტიცია გაზრდილიაო. ეს არის ციფრებით ჟონგლიორობა. შესაბამისად, ინვესტიციების რაოდენობა განახევრებულია საქართველოში. უფრო მეტიც. 70%-ით ნაკლები ინვესტიცია შემოდის. უბრალოდ, ლარის ინფლაციის გამო, ლარში ნებისმიერი ინვესტიცია ჩანს სოლიდურად. რაც შეეხება ხალხის გაღარიბებას, აქაც იგივე კოეფიციენტია. ამბობენ, რომ სიღარიბე გავანახევრეთო და კი, ბატონო, აბსოლუტურად მართლები არიან. ესენი ანგარიშობენ ლარში. თუ ადამიანს ჰქონდა შემოსავალი 100 ლარი და ამ 100 ლარის მსყიდველთუნარიანობა იყო 50-60$, დღეს თუ აქვს ადამიანს შემოსავალი 200 ლარი, ამ თანხით შეიძენს 60 დოლარს. ანუ რამდენი დოლარიც ადრე მოსდიოდა 100 ლარად, დღეს იმდენივე მოსდის 200 ლარად. კი გაიზარდა მისი შემოსავალი 100 ლარით, მაგრამ რეალურად არ გაზრდილა, რადგან მისი მსყიდველთუნარიანობა დოლარში იგივე დარჩა. ციფრებით მანიპულირებენ, სულ ეს არის. სათქმელი არაფერი აქვთ. ეკონომიკა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის არის უცხო ხილი, რბილად რომ ვთქვა. რად უნდა დიდი ეკონომიკური განათლება იმას, რომ იზრდება თუ არა ადამიანის შემოსავალი, ეს დოლარში უნდა დაანგარიშდეს და ამის მიხედვით მარტივად დაასკვნი. ხელისუფლება რომ იძახის, მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდაო, ეს გაიზარდა ლარში, გაზარდა ინფლაციამ და ეს ტრაგედიაა, კი არ უნდა უხაროდეთ. ბოლოს კი კონკრეტული ციფრებით გავცემ პასუხს ხელისუფლების ტყუილს, რომ ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა.
600 000 ზე მეტი ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას.
2021 წელს ქვეყანა დატოვა 100 000 მა ადამიანმა და უკან აღარ დაბრუნდა.
პროდუქტებზე, საქონელსა და მომსახურებაზე ფასები გაზრდილია საშუალოდ 40% – ით.
საწვავი ღირს 4.4 ლარი.
კომუნალური სერვისები გაძვირდა საშუალოდ 20% – ით.
ინფლაცია წლიურ მაჩვენებელში გადაშორდება 15% – ს.
ადამიანებს შემოსავალი შეუმცირდათ საშუალოდ 20% – ით.
ოფიციალურად, იუნისეფის კვლევით 150 000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა.
და ამ ყოველივეს ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ სიღარიბე შემცირდა 50% – ით, ეს არის ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდება.
კომენტარები