ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, უკრაინის ხელისუფლებამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი სთავაზობდა უკრაინის სუვერენიტეტის სანაცვლოდ, რუსეთთან მორიგებას და მაკრონის საზრუნავი ის იყო, რომ რუსეთს სახე შეენარჩუნებინა. ეს მოგვიანებით ზელენსკიმაც დაადასტურა. რას ნიშნავს მაკრონის ეს საქციელი? ევროპა უკან ხომ არ იხევს რუსეთთან დაპირისპირებაში?
– არა, არა,ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ვილაპარაკოთ მაკრონზე, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტზე. მაკრონი ყოველდღე ელაპარაკება პუტინს და ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ევროკავშირის სახელით ელაპარაკება. მაკრონს თავისი ქვეყნის ინტერესებიც ამოძრავებს, ეგრე ჩანს. მერე, უკრაინას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და საფრანგეთის გარდა, შესაძლოა, ამის წინააღმდეგი 27 ქვეყნიდან იყოს კიდევ 5-6 ქვეყანა. უკრაინა დაჩქარებული ტემპით რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება ამ გაერთიანებას. ჯერ საბერძნეთის ამბავი ვერ მოუნელებიათ, რომელიც რამდენიმე ათეული მილიარდი ევრო დაუჯდათ, ჯერ გადაარჩინეს ქვეყანა სრულ გაკოტრებას და მერე ფეხზე დააყენეს. ზელენსკი უკვე შეეჩვია იმას, რომ ევროპა და ცივილიზებული სამყარო, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მას მხარს უჭერს. ზელენსკი ფიქრობს, მაკრონი ამოვარდნილია ამ საერთო სიტუაციიდან. პუტინს ხშირად ელაპარაკება, ახლა ესეც გაუხსენა ზელენსკიმ. მთავარი მაინც მაკრონის ის განცხადება იყო, ადრე რომ თქვა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაძლოა, დიდი დრო და ათწლეულებიც კი დასჭირდესო. ეს ეწყინა ზელენსკის. ზელენსკი ვარაუდობს, რომ 2-3 წელიწადში უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება და წამოვა იქიდან დიდი ფინანსური დახმარება. ამ დროს, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი გავლენიანი წევრის, ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის პრეზიდენტი ამას აცხადებს და ზელესკისთვის ეს ცივი შხაპი იყო. ჩვენ არ ვიცით ყველაფერი. შესაძლოა, ზელენსკისთან პირად საუბარში დაუკრეფავში გადავიდა მაკრონი. ეს დიპლომატიური უტაქტობა იქნებოდა, თუ მართლა შესთავაზა უკრაინის სუვერენიტეტის ხარჯზე, რუსეთისა და პუტინის სახის შენარჩუნებისთვის რუსეთთან რაღაც სახის კომპრომისი. ომის დროს, არც ერთი მხარე არ ფიქრობს, მოწინააღმდეგეს სახე შეუნარჩუნოს. მერე, პუტინი არ არის ის ადამიანი, რომ რაღაც სახის შენარჩუნებით დაკმაყოფილდეს. რაც პუტინი რუსეთის ხელისუფლებაშია, რაც მოინდომა, მთლიანად მიიღო. რაც მიზნად დაისახა, ჯერჯერობით, ყველაფერს მიაღწია. მაკრონის პოზიცია არ არის ევროკავშირის პოზიცია. ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის უპრეცენდენტო დახმარებას და ასევე უპრეცენდენტო სანქციებს არ იშურებს რუსეთისა თუ მისი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოლიგარქების მიმართ. ევროკავშირი უკან იხევს კი არა, პირიქით, ახალ სანქციებს უმზადებს რუსეთს და უკრაინას უზრდის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.
– რამდენიმე დღეა, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინს გარემოცვა გადატრიალებას უმზადებს. რა მიზანი აქვს ამ ინფორმაციის ასე, დღეში რამდენჯერმე გავრცელებას და მერე ამის ალბათობაზე ექსპერტთა და პოლიტიკოსთა მსჯელობას? ჰიბრიდული ომის ნაწილია, ეს ვიცი, მაგრამ გადატრიალებები ასე ღიად არ მზადდება და ხორციელდება. შეთქმულებები კონსპირაციის ყველა პირობის დაცვით მზადდება და ასევე საიდუმლო ვითარებაში მოჰყავთ სისრულეში. შესაძლოა, ეს პუტინის ყურადღების გაფანტვასა და მისი ახლო გარემოცვის წევრებში ეჭვის შეტანას ემსახურებოდეს?
– კი, შესაძლოა ეს ხმები, პუტინმა ახლო გარემოცვის წევრებში ეჭვი რომ შეიტანოს, ერთგული ხალხი რომ ჩამოიცილოს გვერდიდან, იმას ემსახურება. შეიძლება, მისი ყურადღების გაფანტვის მცდელობაც იყოს. თუმცა, ვინც ამ ხმებს ავრცელებს, არა მგონია, მიზანს მიაღწიოს, დღესდღეობით მაინც. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია ამის შესახებ – უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან საუბარში, უკრაინის კგბ-ს ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, პუტინს შეთქმულებას მოუწყობენ და ხელისუფლებას ჩამოაცილებენო. მოგვწონს, არ მოგვწონს, ფაქტია – პუტინი რკინის ხელით მართავს თავის გარემოცვას. პუტინი არ არის ზვიად გამსახურდია, რომ თავისმა გარემოცვამ გადატრიალება მოუწყოს. პუტინი ჩეკისტია, ნუ გავიწყდება. ქართული ანდაზა რომ გამოვიყენოთ, ნაბოზარ დედამთილს რძალი არ გაუბოზდებაო, ეგრეა საქმე. გამორიცხულია, პუტინს გარემოცვამ, მას ახლა რაიმე გაუბედოს. გავრცელდა ხმები, რომ პუტინი ოპერაციას იკეთებს და ქვეყნის მმართველობას ფე-ეს-ბე-ს შეფს, ნიკოლოზ პატრუშევს გადასცემსო. ეს თუ მართალია, წარმოიდგინე, რამდენად ერთგული და კონტროლირებადი გარემოცვა ჰყავს პუტინს. პუტინი ძალიან ადვილად იშორებს იმ ადამიანებს, ვის ერთგულებაშიც ეჭვი ეპარება. აგერ, დიმიტრი კოზაკი მოიშორა, რომელთან ერთადაც ახალგაზრდობაში პეტერბურგის მერიაში მუშაობდა. რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და მორჩა, გაქრა კოზაკი. ილიონოვი, პუგაჩოვი, ჩუბაისი… ბევრი მოიშირა თავიდან. მოსახლეობის 85% მხარს უჭერს პუტინს და ასეთ ვითარებაში, ძალიან ძნელია გადატრიალებაზე ფიქრიც კი. აფრიკა სახელმწიფო გადატრიალებების კლასიკური მაგალითია. აფრიკის ქვეყნებში როდესაც გადატრიალებას აწყობენ, იციან, რომ მოსახლეობა მათ მხარეს არის და მმართველთა წინააღმდეგი, მათით უკმაყოფილოა. საერთოდ, უკმაყოფილების ნიადაგზე ხდება ასეთ შეთქმულებები. უცხოელი ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთში უკმაყოფილების ტალღა აგორდება შემოდგომით, როდესაც სანქციები მოიტანს შედეგებს. ჯერ რუს ხალხს ომის საშინელება არ უგრძვნია, თუ ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლებს, ოჯახის წევრებს არ ავიღებთ. თუმცა, ეს უკმაყოფილება მინიმალურია, 150 მილიონ ქვეყანაში 25 000 ჯარისკაცის დაღუპვა საერთო-სახალხო მღელვარებას ვერ გამოიწვევს. ვისაც სანქციები დაადო დასავლეთმა, ის ბიზნესმენები, ჩინოვნიკები ვერ იქნებიან კმაყოფილნი, მაგრამ პუტინს ჯერ ვერ დაუპირისპირდებიან. ჯერ ერთი, ის მილიარდები, რაც ჰქონდათ, პუტინმა აშოვნინა გარკვეული პირობებისა და შეთანხმების საფუძველზე. მეორეც, დასავლეთში კი დაუყადაღეს ამ ხალხს ქონება და საბანკო ანგარიშები, მაგრამ რუსეთში დარჩათ ფულიც და ქონებაც და იმის შენარჩუნებას ცდილობენ. პუტინთან წარუმატებელი დაპირისპირება კი, იმასაც დააკარგვინებს, ზოგიერთებს კი თავსაც დაკარგავენ. აიღე ძმები ბორის და არკადი როტენბერგები. ისინი ჯერ კიდევ 2014 წელს მოხვდნენ დასავლეთის სანქცირებულთა შორის, ყირიმის ხიდი სწორედ მათ ააშენეს. გამოვიდა ბორის როტენბერგი და მე რუსეთის ერთგული ვარ და უკრაინასთთან ომსაც ვამართლებო. მხარი დაუჭირა პუტინს. ეგრეა, ვისაც 10 მილიარდი ჰქონდა და ხუთი დაკარგა, ყველანაირად ცდილობს, რომ დარჩენილი 5 მილიარდი შეინარჩუნოს. რა უქნა ხადარკოვსკის, ბერეზოვსკის და სხვებს, ხომ ყველამ ნახა? არავის უნდა მათი ბედის გაზიარება. ცხადია, არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ რეალური გახდეს პუტინის დამხობა, მაგრამ საამისოდ ვითარება უნდა იყოს შესაფერისი, მომწიფებული.
– რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა სცადა პუტინთან მოლაპარაკება, რომ ქარხანა „აზოვსტალში“ ჩარჩენილი მებრძოლები რუს ტყვეებში გაუცვალოს, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა. „აზოვსტალი“ 3 ტონიანი ბომბებით დაბომბა და დღემდე ბომბავს. არ აპირებს იმ მებრძოლების ცოცხლად გაშვებას. აშკარაა, რომ გამწარებულია პუტინი. კი ვიცი, მაგრამ მაინც გკითხავთ – რამ გაამწარა ასე პუტინი?
– მოდით, ვიყოთ ობიექტურები. მე ვერავინ დამწამებს ვერც პუტინისა და ვერც ზელენსკის ადვოკატობას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ვერც რუსეთში ჩვენმა საელჩომ ივარგა, ვერც დაზვერვამ ივარგა, ვერც საგარეო და სამხედრო დაზვერვამ, ვერც კონტრდაზვერვითმა სამსახურებმა. რუსეთი სამხედრო წვრთნებს ატარებდა როკის გვირაბთან, ოს სამხედრო ფორმირებებთან ერთად და გამოვიდა ჩვენი მაშინდელი პრემიერი, ლადო გურგენიძე და ღიად აცხადებდა, რუსეთი ომში არ ჩაერთვებაო. გარდა მაგისა, მე მითხრა მაშინ სააკაშვილმა, აფხაზეთი რომ იყოს, კი, ჩაერეოდა რუსეთი, მაგრამ ცხინვალის რეგიონი არ აინტერესებსო. რასაკვირველია, რუსეთი ჩაერთვებოდა. ახლა პუტინიც ასეა. ვიღაცებმა უთხრეს, რომ უკრაინაში ხალხი გაშლილი დროშებით და პურ-მარილით გველოდებაო. იმიტომ იყო, სამ დღეში კიევის აღებას და ერთ კვირაში კი „სპეცოპერაციის“ დამთავრებას აპირებდნენ. ამის მერე დაბოღმილიც არის პუტინი, გაბოროტებულიც არის და გამწარებულიც. ამ ყველაფერს კი უკრაინაში მისი ჯარი გამოხატავს. პუტინს უნდა, ანანოს უკრაინელ ხალხს, რომ მას იმედები გაუცრუა. ამიტომაც არის, ჯავრს იყრის „აზოვსტალში“ ჩარჩენილ მებრძოლებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომელთაც ბარბაროსულად ხოცავენ. აზოვის ბატალიონი ცალკე თემაა. სისხლი გაუშრეს რუსებს ჯერ კიდევ როდიდან. დღეს რასაც აკეთებენ, სასწაულია. „აზოვსტალში“ ჩარჩენილები ამბობენ, რანაირი გარანტიაც არ უნდა მოგვცენ, რომ ცოცხლად დაგვტოვებენ, არ ჩავბარდებით ტყვედ, თითო ტყვია რომ დაგვრჩეს, მაინც ვიბრძოლებთო. რაც არ უნდა მოხდეს, ესენი უკვე გმირები არიან, 80 დღეა რუსეთი ბომბავს, ქარხნის მოღალატე ელექტრიკოსი გამოჩნდა, რომელმაც ქარხნის კატაკომბებში შესასვლელები ასწავლა რუსებს, მაგრამ ჯერ მაინც ბევრი ვერაფერი დააკლეს. თანამედროვე 300 სპარტელები არიან ეს ბიჭები, ყველანაირ ეპითეტს იმსახურებენ ეს ვაჟკაცები. უკვე ჩაეწერნენ ისტორიაში თავიანთი თავდადებითა და პატრიოტიზმით. უკრაინაში იმდენი საშინელებები ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა, აგერ, ჰააგიდან ჩასული პროკურორი ვერ აუდის უკრაინელთა გენოციდისა და ომის დანაშაულებების ფაქტების შეგროვებას. უკრაინელებმა ერთი რუსი ჯარისკაცის გასამართლება დაიწყეს, რომელმაც მშვიდობიანი, უიარაღო მოქალაქე მოკლა. მალე სხვა პროცესებიც იქნება. ადგება ახლა პუტინი და რუსეთში გაასამართლებს უკრაინელ მებრძოლებს, ბევრი ჰყავს ტყვედ აყვანილი. ამ დროს ჰუმანიტარული ტრაგედია უკვე სახეზეა. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელები არ იქცეოდნენ ასე სასტიკად, ასე თუ ისე, მაინც ევროპელები იყვნენ. მილიონი მემუარები მაქვს წაკითხული, მაგრამ არსად შემხვედრია, გერმანელებს მოტივაციის გარეშე ხალხი დაეხოცათ. კი, პარტიზანებს ხოცავდნენ, კი, ბელარუსში სოფელი გადაწვეს, რადგან პარტიზანები შეიფარეს იმ სოფელში. ჩეხეთში გადაწვეს სოფელი ლიდიცე, 1942 წელს, მაგრამ ამ ბარბაროსობასაც ჰქონდა მოტივაცია – პრაღში, ჩეხმა დივერსანტებმა მოკლეს გერმანიის პროტექტორი ჩეხეთში, რეინჰარდ ჰეიდრიხი და ამის გამო შური იძიეს. 1 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტი არ ყოფილა არც გერმანელთა და არც მათი მოკავშირეების მხრიდან, იმხელა ომი იყო და ეს არავის უკადრია, რუსეთის ჯარმა ეს ომის დაწყებიდან ერთ თვეში მოახერხა. რუსი ჯარისკაცები, უკვე დაპყრობილ ქალაქებში, სოფლებში, ქუჩაში მიმავალ ხალხს ხოცავენ. აი, უბრალოდ, უკაცრავად და, დილიხორის გამო, უმიზეზოდ. პუტინი გერმანიაში წლები ცხოვრობდა, გერმანიის კულტურის მოღვაწეებთან ურთიერთობა ჰქონდა. საბჭოთა კავშირისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის მოღვაწეთა მეგობრობის სახლის დირექტორი იყო. შირმა იყო ეს კულტურის სახლი კგბ-სი. რა გერმანია, რის კულტურა, მაინც არაფერი ეშველა, ჩეკისტი ჩეკისტია და მორჩა. იმ ლენინგრადელ „პაცანად“ დარჩა, კგბ-მ რომ გადაიბირა. აქ უკვე ორივე მხრიდან იმდენი სისასტიკეა, უმეტესად რუსეთის მხრიდან, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, დიდად არც უკრაინელები აკლებენ. აქედან გამომდინარე, რაიმე მოლაპარაკებასა და ზავზე ლაპარაკიც ზედმეტია. ძალაც აქვს პუტინს.
კომენტარები