ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.
–უკვე ისეთ სურათს ხატავენ ექსპერტები, რომ პუტინზეა დამოკიდებული, მსოფლიოში შიმშილობა იქნება თუ არა. 25 მილიონი ტონა ხორბალი აქვს გასაყიდი უკრაინას, მაგრამ ვერ გააქვს, რადგან შავ ზღვაზე, ყველა უკრაინული პორტი ან რუსეთის ხელშია, ან დაბლოკილი აქვს. ოდესა არ აუღია, მაგრამ რომელი ნორმალური გარისკავს და ხორბლის დასატვირთად შეიყვანს გემს ოდესის პორტში? რუსეთი დაბომბავს, ჩაძირავს და მორჩა. რუსეთს კიდევ ხორბლის რეკორდული მოსავალი აქვს წელს. 34-დან 40 მილიონამდე ტონა ხორბალს ელოდებიან. აგერ, უკრაინაში ხვნა-თესვას ვერ იწყებენ, არადა, ევროპაში ხორბლისა და მზესუმზირის დიდი წილი უკრაინაზე მოდის. არა მგონია, მოახერხონ, დათესონ და მოიყვანონ მოსავალი. ეს იმას ნიშნავს, რომ გაისად დიდი დეფიციტი იქნება ხორბლისა და მზესუმზირის ზეთის. სამაგიეროდ, რუსეთი გაყიდის წელს მაღალ ფასში ხორბალს, რადგან უკრაინამ თუ ვერ გაიტანა გასაყიდად, ხორბლის დეფიციტი წელსვე იქნება. პუტინი უკრაინული ხორბლის საკითხს გახდის ევროპასთან სავაჭროდ.
– რუსეთს უკრაინიდან მოპარული ხორბალი რომ გააქვს ტრაილერებით, ეს ფაქტია. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არალეგალურად, უკრაინული ხორბალი მოლდოვას გავლით ევროპაშიც გადის, უკრაინას პარავენ და ევროპელებს მიაქვთო. ასეა?
– არა, ეს სისულელეა. მილიარდები მისცეს უკრაინას და ტრაილერებით ხორბალს მოპარავენ? მერე, ტრაილერებით ხორბლის გატანა არ დაიმალება, რამდენიმე საბაჟო უნდა გაიაროს მოლდოვას საბაჟოს ჩათვლით. არა, ასე თავს არ შეირცხვენს ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა. და თუ ასეა, სად არის ფაქტები? არავინ არ აშუქებს ასეთ სკანდალურ ფაქტებს? რა დიდი ამბავი უნდა მოლდოვას საბაჟოზე ტრაილერის გამოჭერას, რომელსაც რუმინეთში მიაქვს ტვირთი. ამერიკას გააჩუმებ, ეგრე რომ იყოს? შესაძლოა, კრიმინალებმა, კონტრაბანდისტებმა გაიტანეს რამდენიმე ტრაილერი და ეგენი კიდევ გაიტანენ. მოქრთამავენ მოლდოვას და რუმინეთის, სხვა ქვეყნების საბაჟო და სასაზღვრო სამსახურებს. ომში კრიმინალები მუდამ შოულობენ ფულს და არც ეს ომია გამონაკლისი.
კომენტარები