დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მაიმუნის ყვავილის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს ავრცელებს (NCDC) – ავრცელებს ინფორმაციას მაიმუნის ყვავილის შესახებ:
- მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერეს 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
- მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრღნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
- 2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში.
- მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
- ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც.
მაიმუნის ყვავილის სიმპტომები ჩვეულებრივი ყვავილის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე).
რა უნდა ვიცოდეთ შესაძლო შემთხვევის შესახებ:
ეს არის ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე.
მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.
დღეის მონაცემებით მაიმუნის ყვავილის ყველაზე მეტი (21-30) შემთხვევა აღრიცხულია გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. დაავადების ერთეული შემთხვევები (1-5) ასევე აღწერეს ავსტრალიაში, აშშ-ში, ბელგიაში, გერმანიაში, კანადაში, საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და შვედეთში.
კომენტარები