აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს წერილი გამოუგზავნა.
აშშ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის სამხედრო დანაშაულზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
„აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“,- აღნიშნავს ენტონი ბლინკენი წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის ავღანეთსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში.
ბლინკენის წერილი 22 აპრილით თარიღდება.
კომენტარები