“იუთუბ” პლატფორმას დაემატა ახალი, ქართული, საინფორმაციო-ანალიოტიკური არხი “ომის კანონი”. არხი ეძღვნება უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომის განხილვას მის ყველა შემდგენელში (ოპერატიული, დიპლომატიური, ეკონომიკური) და ამ მიმართულებებით მიმდინარე ვითარებისა და ტენდენციების ანალიზს.
რამდენიმე დღის წინ, არხზე კიდევ ერთი გადაცემა გამოქვეყნდა სათაურით – ამერიკული არტილერიის ცეცხლი რუსეთ უკრაინის ომში
საუბრობენ: თადარიგის პოლკოვნიკი ვასილ გოგოლაძე; თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე
ვასილ გოგოლაძე
– ყველასთვის ცნობილი ფრაზაა, რომ არტილერია არის ბრძოლის ველის მეფე – განვიხილოთ, რა სახის ცვლილებებს შეიტანს ამ ბრძოლის მეფის საქმეში ამერიკული არტილერიის სისტემების გამოჩენა რუსეთ-უკრაინის ომში.
გიორგი თავდგირიძე:
-ყველა გაფაციცებით ადევნებს თვალს ინფორმაციებს, რომელიც ეხება დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას, ახალ სისტემებს, იკვლევს, ეძებს, ესა თუ ის ახალგაჟღერებული საბრძოლო სისტემა რამდენად შეიტანს გარდატეხას ბრძოლის ველზე. არის, თუ არა, ეს ის მომენტი, როცა დაიწყება რუსების განდევნა უკრაინიდან, როცა დასრულდება უკრაინელი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა რუსეთის მხრიდან. პირველ რიგში აღვნიშნოთ, ცალკე აღებულ ერთ სისტემას, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი და ეფექტური უნდა იყოს, რა თქმა უნდა არ შეუძლია ბრძოლაში სრულიად გარდატეხის შეტანა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ დასავლეთიდან ეს მხარდაჭერა არის ყოვლისმომცველი, არა მხოლოდ საარტილერიო სისტემა, არამედ სხვა საბრძოლო სისტემა, რომელიც იგზავნება მუდმივად. დახმარების ფინანსური მოცულობა საკმაოდ დიდია. უკრაინელები თავისი იარაღითაც და საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით დარჩენილი შეიარაღებითაც მშვენივრად იბრძოდნენ, ისინი კარგად იცავდნენ თავს და უკვე გვაჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ საკმაოდ განსწავლული ტაქტიკური ილეთების გამოყენება იმისთვის, რომ მსოფლიოში მეორე არმიად წოდებული რუსეთის არმიის ქვედანაყოფი იქნას შეჩერებული. ყოველ დღე ვადევნებთ თვალყურს, თუ რამდენი რუსი გენერალი არის მოკლული ბრძოლის ველზე, აგერ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედება გადაწვდა ზღვასაც, თითქოს რუსული ფლოტი არის დომინანტი, მაგრამ უკვე ჩაძირულია საკმაოდ ძლიერი გემი „მასკვა“ და კიდევ ერთი მათი გემი ჩაუშვეს წყალქვეშ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ მორალური თვალსაზრისით. ომში კარგია თანამედროვე საბრძოლო სისტემები, მაგრამ მთავარი მაინც ჯარისკაცია, ჯარისკაცის მორალური მდგომარეობა, ის, რომ მას აქვს გამარჯვების რწმენა. თავგანწირვა არის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი ერისთვის, რომ მას შეუძლია სამშობლოსთვის ბევრი მეომარი გაიყვანოს ბრძოლის ველზე, რომელიც თავგანწირული იქნება, მაგრამ ერთია თავგანწირვა და უფრო უკეთესია, როცა მოწინააღმდეგეს უწევს თავგანწირვა და შენ შენი ტაქტიკური და სამხედრო განსწავლულობით მოქმედებ ლაღად, შენია ინიციატივა და მოწინააღმდეგე იძულებულია რეაგირება მოახდინოს, როცა რეაგირების რეჟიმშია ერთ-ერთი მხარე, მას რა თქმა უნდა უკვე დიდი მსხვერპლი აქვს.
ახლა მოდით ვისაუბროთ არტილერიაზე და იმ სისტემებზე, რომელიც უკრაინელებს გადაეცემათ. მნიშვნელოვანია, ამერიკული არტილერიის ცეცხლი რამდენად სწრაფად მოახდენს გარდატეხას ამ ომში. ფაქტიურად, გარდატეხა მიღწეულია, მაგრამ ერთია, როცა მოწინააღმდეგეს ჩაეშალა ზრახვები, ის ვეღარ აღწევს თავის ომის, ბრძოლის, ოპერატიულ თუ ტაქტიკურ მიზნებს, მაგრამ მეორეა, როდესაც შენ უკვე ახვევ თავზე მოწინააღმდეგეს შენ მიზნებს და უკვე მოწინააღმდეგეს უწევს თავდაცვაში ყოფნა. ამისთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, არტილერია. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ერთ-ერთი კლიშე უნდა დავანგრიოთ ახლა – ტაქტიკურ ხედვაში არტილერია არ იბრძვის – იბრძვის ქვედანაყოფები, სატანკო, მოტომსროლელი და ინფანტერია. ეს სამი ტიპის ქვედანაყოფი იბრძვის, ხოლო არტილერია, ეს არის საბრძოლო მხარდაჭერა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეზე მნიშვნელოვანია… სამხედრო საქმეს არ უყვარს შედარება, რომ არტილერისტი ჯობია ტანკისტს, ან ტანკისტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არტილერისტი. სამხედრო საქმე და სამხედრო დაგეგმარება ეს არ არის ლამაზად ჩატარებული თუ მოფიქრებული სადღეგრძელოები ბრძოლის ველზე, ეს არის რუტინა და ამ რუტინაში მნიშვნელოვანია დაგეგმვა და ამ დაგეგმვაში, ყველა საბრძოლო სისტემისთვის როლის და ადგილის მიჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა ეს რუტინა, დაგეგმარების ხელოვნება იმ დონეზეა, რომ ეს ხდება სწრაფად და მოკლე დროში, ეს ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგესთან მიმართებაში შენ გაქვს უპირატესობა…
ყველა შეცდომა დაგეგმარების პროცესში, ყველა არასწორი ან მცდარი გადაწყვეტილება, არის წარუმატებელი მოქმედება, წარუმატებელი მოქმედება კი არის პირდაპირ სისხლი – დაღუპული ჯარისკაცი, რომლის შევსებაც სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება ხოლმე.
მივუბრუნდეთ არტილერიას, მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, განსაკუთრებით მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე, არტილერიის გამოყენება გახდა სისტემური, თუ მანამდე არ ჰქონდა მნიშვნელობა საარტილერიო ბატალიონში რა ტიპის კალიბრის და სიმძიმის საარტილერიო ქვემეხი ან ზარბაზანი ჰქონდა ქვედანაყოფს, ნელ-ნელა სისტემურმა მიდგომამ დაიმკვიდრა ადგილი სამხედრო თეორიაში, რასაკვირველია, პრაქტიკაზე დაკვირვებით. აღმოჩნდა, რომ საჭიროა არტილერიის სისტემატიზაცია – ერთნაირი კალიბრი ერთად და შესაბამისად, გარკვეულ კალიბრს გარკვეული ამოცანათა სპექტრი უნდა ჩამოუყალიბდეს. მოხდა არტილერიის დაყოფა ამოცანის მიხედვით, არტილერიის დაყოფა კალიბრის მიხედვით და არტილერიის დაყოფა სროლის მანძილის მიხედვით, სროლის თავისებურებებიდან გამომდინარე, ამან გამოიღო ეფექტი, პირველად შედეგი აჩვენეს ფრანგებმა, ნაპოლეონის წარმატებული კამპანიები ხშირ შემთხვევაში მთლიანად იყო დამოკიდებული არა მხოლოდ კარგი ჯარისკაცის სიმამაცეზე, არამედ ზუსტად არტილერიის სწორ და ეფექტიან გამოყენებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საარტილერიო სისტემები აშკარად წინ წავიდა, პრინციპი დარჩა იგივე – ეს არის სისტემური და ამოცანაზე ორიენტირებული მიდგომა. აქვე ჩვენი მაყურებლისთვის განვსაზღვროთ, რომ არსებობს ქვემეხი, ლულიანი არტილერია, სადაც ქვემეხის პრინციპია გამოყენებული და სარაკეტო არტილერია, რომელიც სხვა ბალისტიკურ სისტემებზეა აგებული, სხვა ტიპის დამიზნებაზე და ზემოქმედებაც განსხვავებულია. როცა სარაკეტო არტილერიაზე გვაქვს საუბარი, ეს არის ზალპური ცეცხლი სარაკეტო სისტემები და ჩვენ ამ სისტემაზე თვალი შეჩვეული გვაქვს, ეს არის ე.წ. საბჭოთა სისტემა „კატიუშას“ შვილები და შვილთაშვილები და შესაბამისად, პრინციპი იგივეა, რა თქმა უნდა აქ რაკეტის სროლის სიშორე გაიზარდა და სისტემები დაიხვეწა. სარაკეტოსგან განსხვავებით, არის თვითმავალი საარტილერიო სისტემები და ე.წ. ბუქსირებადი არტილერია, ერთი სისტემის ორი განსხვავებული რეალიზება. ერთ შემთხვევაში თვითმავალი საარტილერიო სისტემების, მაგალითად იგივე საბჭოთა ანალოგებია „ГВОЗДИКА“, „АКАЦИЯ“, „ПИОН“, აუცილებლობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც გუდერიანმა შექმნა ტანკების გამოყენების ტაქტიკა, როცა ღრმა ოპერატიულ სიღრმეებში შემოვლით ოპერაციებს ახორციელებდნენ და დღეში გავლილი მანძილი 30-დან 90 კმ-მდე მერყეობდა, ცხენებზე ჩაბმულ ბუქსირებად არტილერიას რა თქმა უნდა გაუჭირდა მიდევნება და გახდა აუცილებელი შექმნილიყო ისეთივე პლატფორმაზე მდგომი არტილერია, რომელიც მხარს აუბამდა სატანკო ქვედანაყოფებს და თან შეეძლებოდა ცუდი რელიეფის პირობებშიც ემოძრავა. ამიტომ, გაჩნდა თვითმავალი საარტილერიო სისტემები მუხლუხიან პლატფორმებზე, მათი გამავლობა გაიზარდა, მათი სიჩქარე გაიზარდა. მოდით, ისიც ვთქვათ, რა განასხვავებს მას ტანკისაგან, ტანკი არის გარღვევის იარაღი, რომელიც ცეცხლის მანევრისა და შეჯავშნულობის ხარჯზე არღვევს მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან გამაგრებებს და შემდგომ აფართოებს გარღვევის სეგმენტს, გარღვევის ზღუდეს და უკვე შემდგომ, ქვეითი ქვედანაყოფები ან მოტომსროლელი ქვედანაყოფები ამ შეტევის გარღვევის ფართობს კიდევ უფრო ზრდიან და ავითარებენ, ხოლო ტანკები აგრძელებენ მოძრაობას. ამ დროს, თვითმავალი საარტილერიო სისტემები მიყვებიან სატანკო ქვედანაყოფებს უკან და საჭირო მხარდაჭერას აღმოუჩენენ მათ იმისთვის, რომ იყოს არა მხოლოდ იმ ცეცხლის იმედად, რომელსაც ტანკი ახორციელებს თავისი მაინც შეზღუდული კალიბრის საშუალებით. ტანკს გაცილებით დიდი სიჩქარე სჭირდება, ის უშუალო შეხებაშია მოწინააღმდეგესთან, ხოლო თვითმავალი საარტილერიო სისტემები მათ ზურგს უკან უშუალოდ მოწინააღმდეგესთან შეხებაში არ არის, მისი შეჯავშნულობის ხარისხი ნაკლებია, სიჩქარე არც ისე მოთხოვნადია, ამიტომ, მისი კალიბრი გაცილებით დიდია, ვიდრე ტანკის. დღესაც კი, ტანკის კალიბრია 125-120 მმ, როცა მუშა საარტილერიო კალიბრი არის – 155 მმ. თუმცა არის სხვადასხვა მოდიფიკაციაც. ტანკს რა თქმა უნდა აქვს შესაძლებლობა მოძრაობაში ისროლოს, მაგრამ მოძრაობიდან ნასროლი ჭურვის, მიუხედავად თანამედროვე სისტემისა, ეფექტურობა დაბალია. მთავარი სიზუსტეა, ამიტომ უნდა გაჩერდეს და ისროლოს, მოძრაობაში სროლა კიდევ უფრო გამორიცხულია, რაც უფრო დიდია კალიბრი, დიდია ე.წ. „ატდაჩა“, უკუცემის ძალა და შესაბამისად, ე.წ. სტაბილიზაციის მექანიზმები იმისთვის, რომ მოძრაობაში მოხდეს მისი სტაბილიზაცია, საკმაოდ რთულია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ჩერდება.
საარტილერიო ცეცხლი ასუსტებს და ხშირ შემთხვევაში ანგრევს მოწინააღმდეგის ფორტიფიკაციურ მომზადების თავდაცვის ზღუდეს, ზემოქმედებს სანგარში მყოფ ჯარისკაცებზე, მაგრამ ბრძოლის წინა ცეცხლის მომზადება ძირითადად არის მოწინააღმდეგის ჩასანგრებაზე ზემოქმედება. მოწინააღმდეგის ზურგზე, მართვის პუნქტებზე და კავშირგაბმულობის კვანძებზე, კომუნიკაციაზე ზემოქმედება – ეს არის უკვე არტილერიის საქმე, როგორც წესი, აი, სწორედ ეგ არის დასავლეთს და რუსეთს შორის განსხვავება – არტილერიის გამოყენების პრინციპი. იმისთვის, რომ რუსეთის არმიის და საბჭოთა არმიის ოცეულის მეთაურმა ან ასეულის მეთაურმა მიიღოს საარტილერიო მხარდაჭერა, ის ზემდგომ მეთაურს სთხოვს, რომელიც თავის ზემდგომ მეთაურის, ანუ ბატალიონის მეთაურს არა აქვს თავის საარტილერიო სისტემა, როგორც წესი, ის სთხოვს ბრიგადის მეთაურს, რომელიც აძლევს დავალებას ბრიგადის არტილერიას, გამოყოს ესა თუ ის ქვედანაყოფი მხარდაჭერისთვის – ეს მოუქნელი პროცესია. დასავლური მიდგომა არის ზუსტად ის, თუ ქვედანაყოფი იბრძვის, მას უშუალო კავშირი აქვს მის მხარდასაჭერად წინასწარ გამოყოფილ საარტილერიო ქვედანაყოფთან, მათ აქვს საკომუნიკაციო ხაზი პირდაპირი და არ სჭირდება ზემდგომიდან მიიღოს ნებართვა. შეიძლება ზემდგომმა დააწესოს შეზღუდვა და უთხრას 2-დან 4 საათამდე არტილერიას ვერ გამოიყენებ, ეს არის შეზღუდვა, მასზე მიკუთვნებული არტილერიის, დანარჩენ შემთხვევაში ზემდგომის ნებართვა აღარ არის საჭირო, თუ არის გამოყოფილი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ერთი ბატარეა, ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონის მხარდასაჭერად, ის გამოყოფილია მის განკარგულებაში, არაფერი არ იცვლება და ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ცეცხლი როგორც წინასწარი გეგმიდან გამომდინარე, რომელიც შეთანხმებულია ბატალიონის მეთაურთან, ისევე, ბრძოლის დინამიკიდან გამომდინარე. ზუსტად აქ არის მოქნილობა, მათი კომუნიკაცია არ იწვევს იმ ბრძოლას, რაც რუსეთის არმიაშია, სადაც ბატალიონის მეთაურმა შეიძლება უთხრას, მე სხვა ამოცანებისთვის მაქვს ჭურვები და თქვენზე ვერ გამოვყოფ, ან მხოლოდ ორი ან ათი ჭურვი მაქვს… ნატოს არტილერიის მოქმედების პრინციპი ზუსტად ეს არის, რომ თუ ქვედანაყოფი ახორციელებს მხარდაჭერას, ის ახორციელებს მანამდე, სანამ ეს მხარდაჭერა მიზანს არ მიაღწევს და ჭურვების რაოდენობას არ ითვლის. თუ რაიმე შეფერხებაა ლოჯისტიკურ მომარაგებასთან, რა თქმა უნდა მეთაურებს შორის ეს კომუნიკაცია მუდმივად არის და პრიორიტეტს არჩევს უშუალოდ მებრძოლი მეთაური, გამოიყენოს ჭურვები იმისთვის, რომ კონკრეტულად ეხლა პრობლემა მოაგვაროს თუ პრიორიტეტულია, ჭურვები გაანაწილოს სხვა ამოცანისთვის, რაკი იცის, რომ მას შეფერხება ექნება… და ეს საუბარია ორ თანამოაზრეს შორის, განსხვავებით, საბჭოთა, რუსულ, სამხედრო სოციუმში ოფიცრების დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულისა. იქ სულ ჭიდაობა მიდის, ყოველ ჭურვზე შეიძლება მიდიოდეს ჭიდაობა, შეიძლება ბატარეის მეთაურმა ზუსტად ბრძოლის დროს გადაწყვიტოს, რომ აჩვენოს ასეულის ან ბატალიონის მეთაურს, რომ მასზეა ბატალიონის მეთაურის ბედი დამოკიდებული, ჭურვების რაოდენობა შეუზღუდოს, ან გაბრაზებული იყოს წინა დღეს სუფრასთან მომხდარის ან სხვა ყოფითი პრობლემების გამო და საბრძოლო დახმარება არ აღმოუჩინოს. ეს ჩვენ გვინახავს უშუალოდ საბჭოთა არმიაში როგორ ხდებოდა, არაფერი არ შეცვლილა მას შემდეგ.
არტილერიას რამდენიმე ამოცანა აქვს, ერთია – მებრძოლი ქვედანაყოფების შეტევის მხარდაჭერა, მხარდაჭერა მისი თავდაცვის დროს, ან მანევრირებადი უკან დახევის დროს, მეორე ტიპის ამოცანაა – მოწინააღმდეგეს ზურგში სამეთაურო პუნქტების კომუნიკაციების ხაზების და კავშირგაბმულობის კვანძების, ზოგადად ლოჯისტიკის შეფერხება და მნიშვნელოვანი დაზიანების მიყენება მოწინააღმდეგეზე. როცა ის საბრძოლო ქვედანაყოფებზე არ არის მიბმული და ამ ტიპის ამოცანას იღებს, ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედებს საარტილერიო ქვედანაყოფის მეთაური, უკვე მის განკარგულებაშია თავისი ქვედანაყოფის სისტემებიდან გარკვეული ნაწილი ამ ამოცანების შესასრულებლად. აგრეთვე ეს არის დანაღმული ველების შექმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საბჭოთა საარტილერიო ტრადიციაში ამის ფართო გამოყენების არც ისე დიდი კულტურაა.
ბრძოლის დინამიკიდან გამომდინარე, საუბარი არ არის ერთი დღის დინამიკაზე, არამედ კვირის განმავლობაში, როცა მოწინააღმდეგე მოძრაობს ან შენ მოძრაობ და გინდა მოწინააღმდეგე გარკვეულ მიმართულებაზე შეაფერხო, ხდება საარტილერიო სისტემებიდან ნაღმების გასროლა, ქვეითსაწინააღმდეგო ან ტანკსაწინააღმდეგო, ამ ნაღმებს აქვს ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, შეიძლება იყოს დროზე გათვლილი, თვითლიკვიდატორიდან გამომდინარე, ვთქვათ 6, 12, 24 ან 72 საათში შეიძლება მოხდეს ნაღმების ლიკვიდაცია, რაც საშუალებას მოგცემს უფრო მოქნილად მიუდგე, როცა იცი შენ დაგჭირდება ეს ტერიტორია, შესაბამის დროზე დააყენო და გეცოდინება, სანამ მოწინააღმდეგეს სურს ამ ტერიტორიის გამოყენება, ის იქნება შეფერხებული, ხოლო როცა შენ იწყებ გამოყენებას, შენ აღარ გექნება შეფერხება, რადგან ეს ნაღმები იქნება თვითლიკვიდირებული. ეს იძლევა ძალიან მნიშვნელოვან საშუალებას, ტაქტიკური ელემენტის, მოწინააღმდეგის მოძრაობის კალაპოტირების საშუალებას.
გადავდივართ შემდეგ თემაზე, საარტილერიო სისტემების ეფექტურობა როგორ არის უზრუნველყოფილი – მეორე მსოფლიო ომის და ცოტა ხნის შემდგომაც, არტილერიის და საარტილერიო ცეცხლის მართვა ხორციელდებოდა ე.წ. დამკვირვებლის საშუალებით, რომელიც ახდენდა ცეცხლის კორექტირებას, ზის დამკვირვებელი, უყურებს საკუთარი საარტილერიო სისტემის მიერ გასროლილმა ჭურვმა მიაღწია მიზანს თუ ასცდა და მოახსენებს მეთაურს. მეთაური აძლევს ახალ დავალებას, ახალ კოორდინატებს, ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ვთქვათ 1 კვადრატულ მეტრზე თუ ერთ კვადრატულ კილომეტრზე საარტილერიო სისტემების რაოდენობით იზომებოდა, აქვს თუ არა მოწინააღმდეგეზე უპირატესობა და ხშირ შემთხვევაში ხდებოდა არა წერტილოვანი დარტყმები, არამედ ზემოქმედება გარკვეულ ფართობზე. 1 კვ.კმ–ზე, მეორე მსოფლიო ომში, როგორც წესი, 13-მდე საარტილერიო სისტემა, ზოგჯერ მაქსიმუმ 23 საარტილერიო სისტემა ჰქონდათ და როცა ამდენი ქვემეხი განუწყვეტლივ ისვრის, რა თქმა უნდა ეფექტურობა და შედეგი იმისა, რომ ამ ფართობის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგე განადგურდებოდა, იყო მაღალი. ახლა წარმოიდგინეთ მარგი ქმედების კოეფიციენტი – ეფექტურობა მიიღწეოდა ჭურვების რაოდენობით, რაც ართულებს ლოჯისტიკას, ართულებს მომსახურებას საარტილერიო სისტემაში, რადგან არავის გაუუქმებია ფიზიკის კანონები და ყოველი გასროლით ლულა განიცდის ცვეთას.
ვასილ გოგოლაძე:
– ერთი საინტერესო ფაქტია, პირველად რომ მოვისმინე გაკვირვებული დავრჩი, ძალიან ცნობილ საბჭოთა დ-30 ტიპის ჰაუბიცას, ერთ ბატარეას 6 კმ-ზე სარკინიგზო გადასვლის გარანტირებულად განადგურებისთვის სჭირდება – 640 გასროლა. ამ დროს, კი, ძვირია შედარებით Excalibur, მაგრამ ერთი გასროლით 2 მეტრის რადიუსის მოხვედრა აქვს. პრაქტიკულად იქამდე მივდივართ, რომ ძველი რუსული სისტემები, რასაც ჰქვია რაოდენობით ცდილობდნენ აენაზღაურებიათ ის, რაც არ ჰქონდათ – სიზუსტე.
გიორგი თავდგირიძე:
– ამაშია ზუსტად საქმე, რომ დღევანდელი რუსული სისტემები შორს არ წასულან, მათ აქვთ მცდელობა მართვის თანამედროვე სისტემები გამოიყენონ, მაგრამ როდესაც ამ თემაზე ვისაუბრებთ, ვნახავთ, რომ წერტილოვანი დარტყმები მათთვის კვლავ უცხოა, თუმცა დამიზნებით გაცილებით უკეთესი კოეფიციენტები აქვთ, ვიდრე დავუშვათ მეორე მსოფლიო ომის დროს.
უკრაინაც და რუსეთიც აქამდე იბრძოდნენ იმ სისტემებით, როგორიც იყო ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა „ГРАД“, „УРАГАН“, „СМЕРЧЬ“… „ГРАД“ არის 122 მმ-იანი, „УРАГАН“ – 220 მმ-იანი და „СМЕРЧЬ“ – 300 მმ-იანი სარაკეტო სისტემები, იყო მცდელობა, სარაკეტო სისტემა რაც შეიძლება შორსმსროლელი იყოს, მაგრამ თუ მნიშვნელოვან მანძილზე ვსაუბრობთ, ეს არის „სმერჩი“, რომელიც წარმოადგენს ზალპური ცეცხლის თანამედროვე, რუსული სისტემის „ტაიფუნის“, თუმცა „ტაიფუნი“ საბჭოთა კავშირის დროს იყო შემუშავებული და როგორც რუსები ამბობენ – „ღრმა მოდიფიკაცია“ აქვს, თუმცა სიტყვა „ღრმა“ არ ცვლის არსებითს, რუსების ღრმად მოდიფიკაცია მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს. მაგალითად, ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა, რომ Т72-ის ძრავა და ეხლა Т90-ების ძრავა, ეს არის В46 და ეს არის ღრმა მოდიფიკაცია, В2-ის რომელიც არის Т34-ის ძრავი. რაც არ უნდა ღრმა მოდიფიკაცია გაუკეთო ურემს, ურემი მაინც ურემია და ღრმა მოდიფიკაციის მერსედესად არ იქცევა… ხშირ შემთხვევაში რუსულ საარტილერიო სისტემებზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის სიტყვათა თამაში, ძნელია ენდო მათ სიზუსტეს მანძილთან დაკავშირებით, კოეფიციენტებს – დაზიანებასთან დაკავშირებით. დღესაც ეს სისტემები აგებულია იმაზე, რომ ისინი ე.წ. კვადრატს ფარავენ, მათი მიზანი არის კვადრატის დაფარვა და კვლავ არ არის უარი ნათქვამი ე.წ. დამკვირვებლებზე, ეს ნიშნავს, რომ მართვის ავტომატიზირებული სისტემა მწყობრად ვერ მუშაობს.
გარდა ამისა, არსებობს თვითმავალი საარტილერიო სისტემებიც, ამ შემთხვევაში გვაქვს „АКАЦИЯ“, „ГВАЗДИКА“ და „ПИОН“. რაზეა საუბარი? თუ ნატო ცდილობს ერთ კალიბრზე გადავიდეს და ვთქვათ, მათი მუშა კალიბრი არის 155 მმ, მას აქვს M109-ის მოდიფიკაციები, მაგრამ M109, იგივე PALADIN. ახლა გაჟღერდა, რომ უკრაინა მიიღებს, ამერიკულ თვითმავალ საარტილერიო სისტემას „PALADIN“-ს და ეს არის 155 მმ-იანი და მისი მოდიფიკაციები განსხვავებული არის მისი ელექტრონული შიგთავსის, ანუ მისი გარკვეული მახასიათებლები განსხვავდება გარედან, თორემ სისტემა არის ერთი, განსხვავებით იგივე „АКАЦИЯ“, „ГВАЗДИКА“ და „ПИОН“ არის 122 მმ, 152 მმ და და 203 მმ. როცა სხვადასხვა, ერთი და იგივე ამოცანის მქონე თვითმავალი საარტილერიო სისტემები სხვადასხვა კალიბრს იყენებენ, ლოჯისტიკა გართულებულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო თეორია ამბობს, რომ „ГВАЗДИКА“ ისვრის 15 კმ-ზე, ხოლო „ПИОН“ ისვრის 37 კმ-ზე, გასაგებია, მაგრამ კილომეტრაჟი კი არ არის მთავარი, კილომეტრაჟი უნდა იქნას მიღწეული გაუმჯობესებით და არა, კალიბრის ზრდით… მაგალითად, M109 PALADIN-ს, შეუძლია 19 კილომეტრი, მის ძირითად ჭურვს რაც ჰქონდა სიშორე, დაეტოვებინა და არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, იმდენად ზუსტი იყო მისი ცეცხლი, რომ ქვედანაყოფის მხარდასაჭერად 19 კილომეტრი მისთვის მუშა მანძილია… ამაზე არ გაჩერებულან ამერიკელები და ჭურვების განსხვავებული „ოჯახი“ აქვთ, რომელიც იმისდა მიხედვით, რისთვის უნდა გამოიყენონ, 40 კმ-ზეც წვდება, 60 კმ-ზეც. „Excalibur”-ზე ამბობენ, რომ მას შეუძლია 70-120 კმ-ზე მსუბუქად შეჯავშნული მოწინააღმდეგის ტექნიკა გაანადგუროს.
დავუბრუნდეთ იმ მოდელების შეფასებას, რა სახის საარტილერიო სისტემები გადაეცა უკრაინას და რამდენად მალე ვიხილავთ მათ ეფექტურობას რუსეთის ჯარის წინააღმდეგ.
კონკრეტულად ამერიკიდან დასახელდა ოთხი ტიპის საარტილერიო სისტემა, ეს არის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – „HIMARS“ და „MLRS“, ეს ორივე ერთი და იგივე კალიბრის, ერთი და იგივე ტიპის რაკეტების გამომყენებელი საარტილერიო სისტემებია, „HIMARS“ არის ესე რომ ვთქვათ, მანქანაზე, ბორბლებიანი პლატფორმა აქვს, ხოლო „ემელერესი“ არის „ბრედლის“ პლატფორმაზე გაკეთებული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა. განსხვავება არის ის, რომ ერთი, 6 რაკეტიანი კასეტით, ხოლო მეორე – ორი კასეტითაა. ახალი კასეტის დამონტაჟებაც საკმაოდ სწრაფად ხდება, ეს ერთ-ერთი უპირატესობაა. ორივე სისტემა იყენებს M26 ტიპის რაკეტებს, ე.წ. უმართავ რაკეტას, ეს არის შედარებით იაფი, შედარებით ახლო მანძილზე მოქმედი, მაგრამ ეს სიიაფე და ახლო მანძილზე მოქმედება ნიშნავს, რომ მათ უშუალოდ შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ მოწინააღმდეგეზე, როცა ერთმანეთთან შეხებაზეა და მოწინააღმდეგის დაზიანება შეუძლია, როცა ის უშუალოდ ფრონტის ხაზთან ახლოს არის. მისი გამოყენება ხდება მასობრივად და დამიზნების ახალი სისტემა იძლევა დაზიანების მაღალეფექტურობას, შესაბამისად შეტევაში ან დაცვაში, განსაკუთრებით შეტევაში, მოწინააღმდეგის დამუშავების შემდგომ, საბრძოლო ქვედანაყოფებს წარმატება გარანტირებული აქვთ.
ძალიან მოკლედ შევეხები ცეცხლის მართვის სისტემას, ეს არის ავტომატიზირებული სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი – მიზნის აღმოჩენის სისტემა, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ თუ სხვა სადაზვერვო საშუალებებს, ინფორმაციის მიღება ამ მოდელს შეუძლია ნებისმიერი სისტემისგან, რომელიც ახორციელებს მოწინააღმდეგის მიზნების აღმოჩენას რეალურ დროში, ეს შეიძლება იყოს დაზვერვის ე.წ. AWACS, ეს შეიძლება იყოს უპილოტო საფრენი აპარატი, ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი დაზვერვის დრონი, რომელიც უშუალოდ საარტილერიო ქვედანაყოფის მეთაურს შეუძლია გამოიყენოს, მის ხელთაა დაზვერვის პირდაპირ ამოცანის დასმა. მიზნის აღმოჩენის და ამოცანის დამუშავების მოდულების გარდა, არის ცეცხლის ავტომატური მართვის მოდული და ერთიანობაში მათი მუშაობა არის პირველ თაობაზე ავტომატიზირებული, ხოლო მეორე თაობაზე ციფრული დამუშავების, რაც კიდევ უფრო მდგრადს ხდის კიბერხარვეზებისგან, მისი კიბერმდგრადობა საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, შეცდომა ცეცხლის მართვაში და მიზნის აღმოჩენაში, მიზანის დამუშავებაში და დამიზნებაში საკმაოდ დაბალია, მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს არა აქვს ზემოქმედების ის ხარისხი, რომ ხელი შეუშალოს ამ სისტემას ეფექტურ მუშაობას, გარდა ამისა მისთვის მნიშვნელობა არა აქვს დღეა თუ ღამეა, რა კლიმატური პირობებია, რაც უდაოდ უპირატესობას აძლევს საბჭოთა სისტემასთან მიმართებაში, რომელიც ძალიან ფაქიზი სისტემაა ამინდთან მიმართებაში, გარკვეულწილად ღამეც კი, მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. ეს სისტემები ეყრდნობა ასევე ორ განსხვავებულ საკოორდინაციო სისტემას, ერთი ეყრდნობა ე.წ. გლონასს – რუსულ სისტემას და მეორე, ცნობილ GPS სისტემას, აქაც განსხვავებაა. რუსები ამბობენ, რომ მათი სისტემა მიახლოებულია GPS სისტემასთან, ინფორმაციის მიწოდების და ინფორმაციის დამუშავების სიჩქარეა 12 წამის დაგვიანებაზე, ხოლო ერთწამიანია GPS სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ როდესაც ხდება კოორდინაცია, კოორდინაცია ხდება არა მხოლოდ მიზნის აღმოჩენის და გასროლის დროს, სადაც მნიშვნელოვანია საკუთარი კოორდინატის და მიზნის კოორდინატის დადგენა, არამედ მუდმივი კონტროლი, რაკეტის შემთხვევაში ტრაექტორიის მუდმივი კორექტირება, რაც კიდევ უფრო ზრდის მის სიზუსტეს, ხოლო ჩვეულებრივი ჭურვის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, ჭურვის გამსროლის კოორდინატის ზუსტი დადგენა, GPS სისტემას აქვს ამის საშუალება… მიმღებ კომუნიკატორს აქვს საშუალება 6 თანამგზავრიდან მიიღოს ინფორმაცია, როცა ოთხიც საკმარისია, ოთხის შემთხვევაში დადგენა ხდება არა მხოლოდ სიბრტყეში კოორდინატების მხრივ, არამედ დროსა და სივრცითი კოორდინატების ერთობლიობის დადგენაც.
ვასილ გოგოლაძე
– მე რაც ვიცი, ამერიკულ მართვის სისტემას რუსულთან განსხვავებით აქვს ე.წ. ბატარიის მართვის საშუალება და ამ საშუალებაში საინტერესო ის არის, რომ ამერიკული მართვის სისტემას შეუძლია ერთდროულად სამზე თავისუფლად და ექვსმდე სხვადასხვა სამიზნეზეც იმუშაოს ერთდროულად. თუ მოხდა და დავუშვათ ბრძოლის დროს აღმოჩენილ იქნა სამი, ოთხი ხუთი სხვადასხვა საჭირო გასანადგურებელი ობიექტი, ეს სისტემა ისე მუშაოს, რომ პრაქტიკულად მსროლელი იქ მინიმალურ მონაწილეობას ღებულობს, დანადგარს მიმართავს ისე, რომ საცეცხლე ზემოქმედება მაქსიმალურად ეფექტური იყოს შესაბამისი რაოდენობის სამიზნეზე.
გიორგი თავდგირიძე:
– ჩვენ ალბათ სხვა გადაცემა დაგვჭირდება, როცა რაკეტებზე ვისაუბრებთ, თვითდამიზნებისა და სხვადასხვა ტიპის რაკეტების განსხვავებაზე ვისაუბრებთ, მაგრამ მოდით, აქაც დავამატებ, დიახ, ცეცხლის მართვის სისტემა ზუსტად თვითგანვითარებად ალგორითმებს მოითხოვს, როდესაც მოწინააღმდეგეს იმახსოვრებს და ამოცანის განაწილება ხდება პრიორიტეტების მიხედვით, ცეცხლის მართვის ერთიანი სისტემა ამოცანის დადგენისას პრიორიტეტებს თვითონ ადგენს. რა თქმა უნდა ადამიანის ჩარევის საშუალება არის, როცა პრიორიტეტს ავტომატური სისტემა კი არ განსაზღვრავს, არამედ კონკრეტულ ამოცანაზე კონკრეტულ დავალებას იღებს, მაგრამ როდესაც ბრძოლის დინამიკაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, დროის დაზოგვა და ადამიანის ფაქტორის უკანა პლანზე გადასვლა. როდესაც ინფორმაციის ნაკადი დიდია, რა თქმა უნდა ადამიანი უშვებს ბევრ შეცდომას, მით უმეტეს ადამიანზე ზემოქმედებს ე.წ. ომის ფსიქოლოგიური წნეხი. მანქანაზე ეს წნეხი ადეკვატური სისტემების ზემოქმედებით ხდება, რა თქმა უნდა მას მორალური ფაქტორი არ აინტერესებს, არც ეშინია და არც უხარია, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მდგრადს ხდის საარტილერიო ცეცხლის წარმოების ეფექტურობას, დასავლური სისტემა. კიდევ ერთი მაგალითი გარდა „PALADIN”-ებისა, რომელზეც ვისაუბრეთ და გარდა „HIMARS“ და „MLRS“, ამერიკამ სულ რაღაც 18 ცალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ბუქსირებადი საარტილერიო სისტემა M777 გადასცა უკრაინას, თითქოს ჩვენ Д-30 რომ გვახსენდება, მიუხედავად კალიბრის სხვაობისა, ისიც ბუქსირებადია, მაგრამ Д-30 ცეცხლის მართვის სისტემა არის ძველებური. მიუხედავად იმისა, რომ M777 ბუქსირებადია, მისი ბუქსირებადობა არის პლიუსი და არა მინუსი, მსუბუქია, სწრაფად შეიძლება გადასროლა და მომსახურებაც ადვილია. მას გააჩნია ცეცხლის მართვის ავტომატური სისტემა, მიუხედავად სიიაფისა, მისი ეფექტურობა არ ჩამოუვარდება გინდა პალადინის ეფექტურობას და გინდა სხვა ანალოგიური კალიბრის სისტემების ეფექტურობას.
კიდევ ერთს დავამატებ, ეხლა უკრაინა მიიღებს არა ძველ M777, არამედ მის მოდიფიკაციას, რომელსაც ლულის კალიბრის დაგრძელებით, ლულის სიგრძის გაზრდის და ჭურვის გაუმჯობესებით 70 კმ-მდე წვდომის სიშორე აქვს. კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ Д-30-ზე 17 კილომეტრი და 70 კმ ძალიან განსხვავებულია, რომ არ ჩავთვალოთ ის, რომ 155 მმ-ში ასაფეთქებელი მასალის წონა გაცილებით მეტია, ვიდრე 122 მმ-იანში. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამერიკული არტილერიის ცეცხლი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს უკრაინის ფრონტზე მხარეთა ძალთა ბალანსზე და რა თქმა უნდა უკრაინის სასარგებლოდ…
ვასილ გოგოლაძე
– გიორგი, ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ და თუ დავუჯერებთ ლეგენდებს, მეფე არტურს ხმალი Excalibur რომ არ ჰქონოდა, დიდი ბრიტანეთი ვერ შეიქმნებოდა და M777-თან ერთად სხვა Excalibur-ზე დეტალებზე რომ არ ვისაუბროთ, ალბათ მაყურებელი არ გვაპატიებს.
გიორგი თავდგირიძე:
– ეს Excalibur-ი რეაქტიული ჭურვია.
ვასილ გოგოლაძე:
– ეს კლასიკური გაგებით ჭურვი კი არ არის, სისტემაა ცალკე დამოუკიდებლად ცხოვრობს სროლისას.
გიორგი თავდგირიძე:
– მისი ეფექტური და მუშა სიშორე 60 კმ-ია, მაგრამ ეს საბაზისო ჭურვის, რომელსაც კორექტირების ნაკლები სისტემები აქვს ჩამონტაჟებული და შესაბამისად მისი მთავარი დანიშნულებაა რაც შეიძლება მეტი შორს და ბევრი ისროლოს, თუმცა არის კიდევ 70-120 კმ-მდე მიღწევა მაღალი სიზუსტით იმიტომ, რომ მისი ტრაექტორიის სრულ კორექციას ახდენს ელექტრონული მართვის სისტემა, მთელი მოძრაობის მანძილზე – ეს კორექტირება იძლევა საშუალებას წერტილოვანი დარტყმების მიყენების.
ჩვენ „ATACMC“ როცა ვსაუბრობდით, ეგეთი თემაა, ეს არის ბალისტიკური რაკეტა, ახლო მანძილზე მოქმედების, თითო გასროლა ხდება, იგივე „HIMARS“ და „MLRS“-ით. იგივე დანიშნულება აქვს, რაც დავუშვათ „ТОЧКА-У“-ს, მაგრამ ამისგან განსხვავებით,გაცილებით შორს აღწევს ვიდრე 120 კმ. „ATACMC“ კონკურენციას უწევს ИСКАНДЕР-ს, რომელიც ცალკე სისტემაა, ტაქტიკური სარაკეტო სისტემაა და საარტილერიო სისტემაში არ შედის. მისი გასროლის გადაწყვეტილებას იღებს არმიის სარდალი, რაც გამოწვეულია ისკანდერის სიძვირით, ამით მართლდება გაცილებით იაფი „ATACMC“, რომელიც გადის არტილერიის კლასში და მისი გამოყენება, რა თქმა უნდა აქაც ერთეული სამიზნის წინააღმდეგ ხდება, მაგრამ მის გამოყენებას არ სჭირდება არმიის ან დაჯგუფების სარდლის გადაწყვეტილება, მისი გამოყენება გაცილებით მოქნილია.
როდესაც ომის ფინანსებზე ვისაუბრებთ, მაშინ ალბათ შედარებას მოვახდენთ ფასების, გაცილებით იაფია ИСКАНДЕР-ის რაკეტასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, შესაბამისად ერთი აცილებული ИСКАНДЕР-ი გაცილებით ძვირი უჯდება რუსეთს, ვიდრე რამდენიმე ათეული გამოყენებული „ATACMC“, რომელიც აუცილებლად აღწევს მიზანს. შესაბამისად კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ე.წ. კონტრსაბატარეო რადარი, რომელიც მიიღო ინგლისელებისგან უკრაინამ. ცეცხლის მართვის სისტემა, რომელზეც ვილაპარაკეთ, არის სადაზვერვო ინფორმაციაზე აგებული, კონტრსაბატარეო რადარი არის უშუალოდ ბატარიის შემადგენლობაში არსებული ან საარტილერიო ბატალიონის შემადგენლობაში, უკრაინა როგორ მოაწყობს თავის საარტილერიო ქვედანაყოფს ამას ვნახავთ მალე, მაგრამ ეს უშუალოდ მეთაურის ხელთ არსებული სისტემაა, რომელიც ადგენს მოწინააღმდეგის არტილერიის ადგილმდებარეობას დიდი სიზუსტით და მისი დაერთება ცეცხლის მართვის სისტემაზე ხდება ადვილად. დასავლური ან უკრაინული მხარე გაცილებით სწრაფად აღმოაჩენს მოწინააღმდეგის ბატარეას, რომელიც გასროლას აკეთებს, ან აპირებს მასზე ზემოქმედებას – ზუსტად ადგენს კოორდინატებს და მათი ბატარიის განადგურების ალბათობა არის 99 პროცენტია.
ვასილ გოგოლაძე:
– აქ ერთი-ორ სიტყვას დავამატებ, კონტრსაბატარეო რადარის შესახებ მუშაობის სცენარს, ეს რაღაცით წააგავს თვითმფრინავის აღმომჩენ რადარს, უბრალოდ გათვლილია უშუალოდ ჭურვის აღმოჩენაზე და ყველაზე მთავარი რაც აქვს მას, რა წამს ის ჰაერში აღმოაჩენს ჭურვს, თუ ზუსტად მახსოვს 10 მეტრი თუ 10 ფუტი სიზუსტით ადგენს იმ წერტილს, თუ საიდან იყო ეს ჭურვი გამოსროლილი. შესაბამისად, ეს იმდენად ჩქარა ხდება, თუ ეს მიერთებულია უშუალოდ ქვემეხების და ჰაუბიცების მართვის სისტემაზე, პრაქტიკულად, სანამ მტრის ნასროლი ჭურვი დაეცემა შენს პოზიციას, შენ შეგიძლია უკვე ესროლო მის ქვემეხს საპასუხო ცეცხლი. ეს უნიკალური რამეა და შესაბამისად სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ამით რუსეთის არტილერიას.
გიორგი თავდგირიძე:
– მივდივართ იქამდე, რომ ეს სისტემაც იყენებს GPS სისტემას, ოღონდ ჯიპიეს სისტემას იმ გაგებით, რომ ყოველი წამი ჭურვის მოძრაობის კოორდინატი დგინდება იმიტომ, რომ რადარი გარდა იმისა, რომ ახდენს საკუთარ პელენგს თუ მიდევნას ჭურვის, ის იღებს კოორდინატებს GPS-დან და შესაბამისად გათვლის სიზუსტე არის მაღალი, ГЛОНАС-ისგან განსხვავებით, რომელსაც არ შეუძლია დროის მცირე მონაკვეთებში ჭურვის მოძრაობის მთელი ტრაექტორიის თვალყურის დევნება.
ვასილ გოგოლაძე:
– ალბათ გავაკეთებთ ცალკე გადაცემას, ე.წ. სადაზვერვო სისტემებზე, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩვეულებრივ ჯიპიეს სისტემას, რომლებიც ძალიან ბევრს მანქანაში უყენია, ჩვეულებრივ სამოქალაქო სისტემას შეუძლია წამში ათი ანათვალი აიღოს, და როდესაც საუბარი გვაქვს სამხედრო სისტემებზე, მას წამში შეუძლია 100 და მეტი ანათვალი აღება, რაც პრაქტიკულად ГЛОНАС-ისთვის დღევანდელ დღეს მიუღწეველი ვარიანტია, ფიზიკურად ვერ ასწრებენ.
გიორგი თავდგირიძე:
– NAVSTAR არის სამხედრო სისტემა, რომელიც მოგვიანებით გახდა სამოქალაქეობისთვის ხელმისაწვდომი და მანამდე მხოლოდ სამხედროები უწევდნენ ექსპლუატაციას, თუმცა 2012 წლიდან თუ არ ვცდები, ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურობაშიც კი, იმდენად გაიაფდა დღეს მისი ექსპლუატაცია, ნავიგაციის სისტემაშიც გამოიყენება. რაც შეეხება დასავლურ საბრძოლო სისტემებს და სამხედრო სისტემებს, არა მარტო საარტილერიო სისტემებს, მისი მიმღები, ანუ ე.წ. კომუნიკატორი თვითონ GPS არაფერს ითვლის, ითვლის ის მიმღები, ის სისტემა, რაც ცალკეულ ერთეულშია დამონტაჟებული. არა მხოლოდ მართვის სისტემებშია დამონტაჟებული, არამედ ცალკეულ ანალოგშიც კი არის მიმღები. ეს აძვირებს გარკვეულ სისტემებს, მაგრამ ეს სიძვირე გამართლებულია იმით, რომ მოწინააღმდეგეზე ზემოქმედება არის თითქმის 100 პროცენტიანი, როცა 99 პროცენტიან დაშვებას აკეთებ. ეს ნიშნავს, რომ გაისროლე – ააფეთქე, ხედავ მოწინააღმდეგეზე ადრე, ცეცხლს ახორციელებ მოწინააღმდეგეზე ადრე და მოწინააღმდეგეს აზიანებ მანამ, სანამ საერთოდ დაგინახავს. ეს ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს დასავლეთს რუსეთთან მიმართებაში, ან რუსეთის მსგავს ქვეყნებთან მიმართებაში და თავისთავად, უკრაინა ყალიბდება დასავლეთის ტიპის ქვეყანად.
ვასილ გოგოლაძე:
– უკრაინელებს ჭკვიანი იარაღის შექმნის მცდელობა ჰქონდათ…
გიორგი თავდგირიძე:
– მემკვიდრეობაზე კი არის ეს ყველაფერი დაყრდნობილი, მაგრამ 2014 წლიდან გამალებით ემზადებიან ომისათვის.
ვასილ გოგოლაძე:
– მემკვიდრეობა ვუძახოთ და ამ მემკვიდრეობამ მერამდენე გემი გაუშვა წყალქვეშ, „ნეპტუნი“ მაგათი ნაწარმია.
გიორგი თავდგირიძე:
– მიუხედავად იმისა, რომ აღებული აქვთ საფუძვლად ძველი სისტემები, მათ მართლაც საფუძვლიანი მოდერნიზაცია აქვთ, ოღონდ მათი გაგებით მოდერნიზაცია ახალი ტექნოლოგიების ფართო გამოყენებაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეხლა უკრაინა დროს იგებს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები მას ეხმარება ამ სისტემებით, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ის თავის საწარმო ხაზსაც აამუშავებს და რუსებისგან განსხვავებით, რომელიც კარგ მოპარული მანქანიდანაც კი ტანკის და „ემ ადინის“ ნაჯვარს აკეთებს ხოლმე, უკრაინას ექნება ზუსტად ის დამოკიდებულება, რაც ევროპას. აკურატულობა ტექნიკისადმი და მაღალი ტექნოლოგიებისადმი ნდობა და მისი ფართო გამოყენება, რაც ზუსტად გვაძლევს საშუალებას არა იაფიან ჯარისკაცში ვეძებოთ არმიის სიძლიერე, არამედ მაღალტექნოლოგიებით ჩვენი ჯარისკაცის სიცოცხლე, ამ შემთხვევაში, უკრაინის ჯარისკაცის სიცოცხლე იყოს დაცული, თუნდაც ამან გააძვიროს სამხედრო მანქანის ღირებულება, მისი აღჭურვილობის ღირებულება, მაგრამ მორალურ წნეხს მოუხსნის ქვეყანას დაღუპული ჯარისკაცების სახით.
ვასილ გოგოლაძე:
–რუსეთს, თუ არ ჩავთვლით ვიეტნამის ომს, უშუალო შეხება ბრძოლის ველზე დასავლეთის ტექნიკასთან, პრაქტიკულად არ ჰქონია. ცივი ომის პერიოდში იყო რაღაც მომენტები, იგივე ეგვიპტის ომი, როდესაც ერთ მხარეს იყო რუსეთი, მაგრამ განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსეთს უწევდა ისეთ სიტუაციებში ომი, სადაც პრაქტიკულად ერთვებოდა რომელიმე მხარეს, მაგრამ სინამდვილეში ორივე მხარეს რუსული ტექნიკა ჰქონდა, ზოგს რუსეთის მიყიდული, ზოგს მემკვიდრეობით დარჩენილი. ახლა უკვე პრაქტიკულად პირველი სიტუაციაა, როდესაც რუსეთის მოწინააღმდეგე მხარე ნელ-ნელა იარაღდება ზუსტად იმ თანამედროვე შეიარაღებით, რასაც ამერიკული და ზოგადად, დასავლური ტექნიკა ჰქვია. მეორე საკითხი, „მეზარბაზნენის“ ამბავიც საკითხავია, არტილერიას თუ არ ჰყავს არტილერისტი, რომელიც ამას გამოიყენებს, საბოლოოდ ჯართამდე დავდივართ. გარდა ამისა, მოტივაცია უკრაინის მხარეს უფრო გააჩნია და თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით უფრო შემართებით იბრძოლოს, ვიდრე რუსი, ჯერჯერობით ჩემ თავში ვერ ვიპოვე ვერცერთი მიზეზი, რატომაც რუს ადამიანს შეიძლება უნდოდეს წავიდეს და უკრაინაში მოკვდეს, წესით არ უნდა ჰქონდეს მიზეზი, გარდა – „მივიღე ბრძანება და უნდა შევასრულო“…
გიორგი თავდგირიძე:
– ძალიან სწრაფად რომ გავცე პასუხი, ასე ვიტყვი, საბჭოთა ტექნიკის ათვისება გაცილებით ძნელია, იმიტომ, რომ უნდა ირბინო სახაზავებით, ფორმულებით, ლოგარითმებით, რაღაც კოეფიციენტებით და დამიზნების სისტემა აბსოლუტურად დამოკიდებულია იმ ტვინის მათემატიკურად მომზადებაზე, რომელსაც მიზნიდან გამომდინარე, კოორდინატები შეჰყავს რათა დაზიანება რაღაც დონეზე იყოს ახლოს 90 პროცენტთან… დაზიანება არასდროს არ არის 90 პროცენტი საარტილერიო სისტემების, მაგრამ გასროლა მეტ-ნაკლებად ახლოს რომ იყოს სამიზნესთან, ამას სჭირდება მნიშვნელოვანად გონების დაძაბვა, განსხვავებით, დავუშვათ, დასავლური ანალოგიებისა, როცა შენ ერთხელ ითვისებ, შენი ამოცანა არის ზუსტი დაცვა პროცედურების, ხოლო გამოთვლის ვალდებულებას იღებს თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკა. მიუხედავად იმისა, რომ ათვისება შედარებით მოკლე დროშია შესაძლებელი დასავლეთის საარტილერიო სისტემის, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ტაქტიკური გამოყენება ადვილი ასათვისებელია, რა თქმა უნდა მეთაურებს დაუჯდებათ ძალიან მძიმე შრომის ფასად, დღე და ღამე უნდა გაათენონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აითვისონ არა ცალკეული ერთეული სისტემის გამოყენება, ამას ისინი ადვილად მოახერხებენ, არამედ ამ სისტემის ერთობლივი გამოყენება, ტაქტიკურად გამართულად გამოყენება სხვა ქვედანაყოფებთან ერთობლიობაში, მათი მხარდაჭერისთვის სინქრონული მოქმედება…
ყველა ახალ სისტემას მოაქვს ახალი ტაქტიკური მონაცემები, ეს ყველაფერი უნდა იყოს ინტეგრირებული, გააზრებული და სხვანაირად გამოყენებული, ვიდრე მიჩვეული ხარ სხვა ტაქტიკური მონაცემების მქონე საარტილერიო ნებისმიერ სისტემაზე… რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს არასდროს არ ჰქონია უშუალო ბრძოლა და შეხება დასავლურ ტექნიკასთან, – ეს ძალიან საინტერესო საკითხია და ჩვენ ამის დაკვირვებას მოვახდენთ, –რუსეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ მათ გამოიგონეს, დავუშვათ, „АРМАТА“, რომ ეს ტანკი არის გაცილებით უკეთესი, რომ ეს გამანადგურებელი არის უკვე მეხუთე თაობის, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება ზეპირ განცხადებად…
ვასილ გოგოლაძე:
– განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ Т90 „АРМАТА“ წითელ მოედანზე „პარადის“ დროს ცეცხლი წაეკიდა და თავისი ნაქები „ოთხი პლიუს-პლიუს“ გამანადგურებელი „СУ-35“ უკრაინაში ჩამოუგდეს და დაწვეს…
გიორგი თავდგირიძე:
– ასეა ზუსტად, ერთია სირიაში გამოყენებული, როცა მოწინააღმდეგეს არა აქვს ანალოგიური ზემოქმედების საშუალება და მეორეა, როცა თანაბარი ძალის (რამდენად თანაბარია, ეს სხვა თემაა). დასავლეთთან მიმართებაში რუსული არმია ახლოსაც ვერ მივა, ეს მხოლოდ თვითშეფასებაა, რომელიც რაოდენობაზეა აგებული და იმ რაოდენობაზეც ვნახეთ, რომ მილიონიანმა არმიამ ბრძოლის ველზე ვერ მოახერხა 200 ათასზე მეტი ჯარისკაცის თავმოყრა. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ იმედის თვალით შევცქერით ამერიკული არტილერიის ცეცხლი როდის გამოიწვევს და რამდენად სწრაფად გამოიწვევს რუსი ჯარისკაცის პანიკას და კოშმარს. რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლებაში, მათ ეს კოშმარული სიზმარი უკვე რეალობად ექცათ და ყველაზე კარგად იციან, რომ მათ უკვე წააგეს ბრძოლა, ომი, უკრაინაში. ფაქტიურად, ახლა საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რამდენად სწრაფად აითვისებს უკრაინა ახალ სისტემებს და გადაწყვეტს დაიწყოს გენერალური შეტევა.
კომენტარები