ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“26 მაისს, პირველ რიგში გავიხსენებდი ადამიანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიატოვა და თავისი გმირული საქციელისათვის აფხაზეთის ციხეში 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ირაკლი ბებუამ, 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“ აღნიშნავდა, გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა, რომელზეც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული სცადა დაეწვა.
ჩემთვის ეს არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის იდეა, თუმცა, სამწუხაროდ, ირაკლი ბებუა სახელმწიფომაც მიატოვა და საზოგადოებამაც.
არავის მოსვლია აზრად, დახსნას ვინ ჩივის, თუნდაც მისი ოჯახისთვის ან ჯილდო გადაეცათ ირაკლის გმირობისათვის ან ეხსენებინათ მისი წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაში, რაც არანაკლები წვლილია, ვიდრე სამშობლოსათვის სიცოცხლის დათმობა.
ასეთი ადამიანებით, იმ ადამიანებით იქმნება სახელმწიფო, რომლებიც სახელმწიფოს იდეის და სუვერენიტეტის დაცვისათვის საკუთარ უსაფრთხოებას სწირავენ.
“დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო”, – ასეთია მრავალი ადამიანი, ვინც ეს ქვეყანა მოიტანა დღემდე და მათი უმრავლესობის სახელიც და გვარიც კი შეიძლება უცხო იყოს შთამომავლობისათვის.
26 მაისს გილოცავთ.”
კომენტარები