” ეხო კავკაზა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმად ზურაბიშვილმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ჩვენი მოქალაქეები უწოდა.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი მედოევმა ზურაბიშვილის სიტყვებს უპასუხა, რომლის მიხედვით საქართველო არც სამხრეთ ოსეთის, არც აფხაზეთის წინააღმდეგ არანაირ ძალისმიერ ქმედებებს არ გეგმავს. ასევე ზურაბიშვილმა ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას „საქართველოს მოქალაქეები“ უწოდა.
„თუ ქალბატონი ზურაბიშვილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობას მიმართავს, მისი გამოსვლის ტექსტში აშკარა შეცდომაა. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ეს ყველამ იცის“ – განაცხადა მედოევმა. მან ასევე ვარაუდი გამოთქვა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს ოსი ეროვნების ადამიანებს გულისხმობდა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. „მათ ქართული „ბაირაქტარები“ ნამდვილად არ დაბომბავენ“ – ამბობს მედოევი.
მედოევმა 2008 წელს ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნის განცხადება გაიხსენა, რომელიც ამბობდა – „დედას გეფიცებით ჩვენ ომს არ ვაპირებთ’. „რას უნდა ველოდოთ ზურაბიშვილის განცხადებიდან ამჟამად?“ – შეკითხვას სვამს მედოევი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარი ცხინვალის პარალელურად, სოხუმშიც გააკეთეს. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, „საქართველოს ხელისუფლების პაციფისტური რიტორიკა ეჭვებს იწვევს“.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთში პროვოკაციის მცდელობაში დაადანაშაულა. „რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ჩვენს შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება.
„რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციას“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ჩვენი მოქალაქეები უწოდა.
კომენტარები