პუტინისტი კინორეჟისორი, ცნობილი ნიკიტა მიხალკოვი ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს “ოსკარის“ ალტერნატივის შექმნის ინიციატივით გამოდის. რეჟისორმა ამაზე, ბიშკეკში ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა, – “ოსკარმა“ დიდი ხანია შეწყვიტა როგორც ხელოვნების ჯილდოს სახით არსებობა და ქანდაკების აღება მხოლოდ აფროამერიკელს ან ლგბტ თემის წარმომადგენელს შეუძლია.
ეს კერძო ინიციატივა არ ყოფილა, მიხალკოვმა აღნიშნული წინადადება რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფისტთა კავშირის სახელით წამოაყენა. მისი თქმით, “ოსკარის“ ფიგურების ნაცვლად “ეს იქნება “ბრილიანტის პეპლის“ ფიგურა და გადაეცემა ნიჭიერ მსახიობებს, კინორეჟისორებს…”
“ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ფესტივალი. გასაგებად ვიტყვი, რომ ეს იქნება “ევრაზიული ოსკარი”. დღეს “ოსკარი” გახდა აბსოლუტურად პოლიტიკური ჯილდო. მის მოსაპოვებლად გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდე – აფროამერიკელი ან ლგბტ თემის ლიდერი უნდა იყო. და ის აღარ არის ხელოვნების ჯილდო“, – განაცხადა მიხალკოვმა .
“ჩვენს მიერ შექმნილ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის ფილმები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება იმ იდეალებთან, რასაც ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბებთ. და იქ ვერ მოხვდებიან ფილმები, რომლებიც ადამიანის არსს ანადგურებენ. “
კომენტარები