საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
27 მაისის შეჯამება უკრაინაში:
– დონეცკის რაიონის ქალაქი ლიმანის დატოვების შემდეგ უკრაინელები მდინარე სივერსკი დონეცზე, რაიჰოროდოკში გამაგრდნენ, სლავიანსკის მახლობლად. რუსებმა რკინიგზის სადგურის აღებაც მოახერხეს. იმის გამო, რომ სწორედ სლავიანსკი შეიძლება აღმოჩნდეს რუსების შემდგომი სამიზნე ქალაქიდან ევაკუაცია დაიწყო. მაგრამ აქაც მეორდება ის, რაც ახლა ხდება სევეროდონეცკში, ლუგანსკის რაიონში, – ყველას წასასვლელი უბრალოდ არ აქვს და იძულებულია საბრძოლო მოქმედების არეალში დარჩეს. ეს კი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს ძალიან გაზრდის. თუკი ბრძოლა სლავიანსკისათვის მაინც დაიწყო ეს არ იქნება ადვილი, რადგან რუსულ ნაწილებს ჯერ მდინარის გადალახვა მოუწევთ და შემდგომ უშუალოდ ურბანული ბრძოლა საკმაოდ დიდ ქალაქში – უმამდე ქალაქის მოსახლეობა 110 ათასზე მეტი იყო. ამასთან, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი ჭაობიანია.
– გუშინ საღამოდან დღეს შუადღემდე უწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა ლუგანსკის რაიონის ქალაქ სევეროდონეცკის გარეუბანში, სასტუმრო “მირის” მისადგომებთან. რუსებმა დიდი დანაკარგების ფასად შენობის დაკავება მოახერხეს. თუმცა ამის შემდეგ სასტუმრო უკრაინელთა სამიზნე გახდა და დღის განმავლობაში შიდა ნაწილი პრაქტიკულად სრულად განადგურებულია.
ბრძოლა სევეროდონეცკისათვის არამხოლოდ ქუჩებში, არამედ შენობიდან შენობამდე მიმდინარეობს. თუმცა ჯერჯერობით გარეუბნებს არსად გასცდენია. ძალიან დიდია მსხვერპლის რაოდენობა შემტევ ნაწილებში, განსაკუთრებით კი მსუბუქად შეიარაღებულ ლუგანსკელ სეპარატისტებში. რუსულმა ნაწილებმა ჯერჯერობით მხოლოდ არასაცხოვრებელ ნაწილში შეაღწიეს: “მირიდან” სამხრეთით და აღმოსავლეთით ჰოსპიტლების უბანია, რომელიც უკრაინელთა ხელშია. აი შემდეგ კი იწყება დასახლებები. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია. რეალურად კი უშუალოდ ქალაქსა და მის შემოგარენს დაახლოებით 25 ათასი რუსი და სეპარატისტი უტევს და თუ გავითვალისწინებთ ურბანული ბრძოლის სირთულეს შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუკი უკრაინელებმა ალყაში მოქცევის შიშით ორგანიზებული უკანდახევა არ გადაწყვიტეს, ბრძოლა სევეროდონეცკისათვის ძალიან რთული იქნება, მით უფრო რომ მის უკან კიდევ ერთი დიდი ქალაქი ლისიჩანსკია.
– უკრაინულმა არტილერიამ და “ტოჩკას” ტიპის რაკეტებმა სავატოვში, სევეროდონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსების დიდი სამხედრო საწყობი გაანადგურეს. რუსებმა პირველი ფაზის შემდეგ თითქოს ჭკუა ისწავლეს და მომარაგებას კოლონებად აღარ ჭიმავენ, არამედ საბრძოლო არეალიდან 30-40 კილომეტრში ასაწყობებენ ხოლმე, თუმცა ეს მეორე თავის ტკივილს უქმნით – უკრაინელები ერთდროულად თავმოყრილ დიდ სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალას, საწვავსა და საკვებს ერთიანად ანადგურებენ.
– ხარკივის რაიონში უკრაინელებმი იზიუმის შემოგარენში ფარულ თავდასხმებს და სწრაფ უკუქცევას ახორციელებენ. ამას ინგლისურად Hit and Run ტაქტიკა ეწოდება. პრაქტიკულად უკრაინელებს აქვთ საშუალება მცირე ჯგუფებით ასიმეტრიული ომიც კი აწარმოოს რუსული ნაწილების წინააღმდეგ. დღეს მათ რუსების ორი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ერთი Ka-52 შვეულმფრენი და ერთიც ტანკი გაანადგურეს. მსგავსი მოვლენები რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ტერიტორიის კონტროლს უფრო და უფრო მყიფეს ხდის.
– უკრაინელებმა ხერსონის რაიონში, ნოვა-კახოვკას ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ინჰულეცის გასწვრივ მცირე, ლოკალური მასშტაბის კონტრშეტევა აწარმოეს. შესაძლოა ველიკა ოლეკსანდროვკა დიდი დასახლება არაა, მაგრამ ამ მიმართულებით სხვა დასახლება საერთოდ არ გვხვდება. ეს ყველაფერი კი სიტუაციას ერთდროულად ართულებს და აადვილებს კიდეც. ართულებს იმიტომ, რომ უკრაინელებს ღია სივრცეში, მდელოებზე უწევთ გადაადგილება, რაც მათ დაუცველს ხდით, ხოლო აადვილებს იმიტომ, რომ პრაქტიკულად მდინარე დნეპრამდე წინააღმდეგობის რუსული კერა აღარც იქნება. თუკი უკრაინელებმა ლოკალური შეტევა უფრო მასშტაბურში გადაზარდეს აუცილებლად შეცვლის ეს არსებულ სურათს. სხვათა შორის, კახოვკაში რუსებმა არსებულ ჰესს ისეთი ზიანი მიაყენეს, რომ უკრაინელები ხერსონის რაიონის შესაძლო დატბორვაზეც კი ალაპარაკდნენ. როგორც ჩანს რუსებს ყირიმის წყლით მომარაგების უწყვეტი დინების შექმნისას რაღაც არ გამოუვიდათ (სწორედ კახოვკაში არსებობს ყირიმისაკენ მიმავალი არხი, რომელიც 2017 წლის შემდეგ უკრაინელებს ჩაკეტილი ჰქონდათ).
– უკრაინული არტილერია ხერსონის რაიონში აქტიურად ჩაერთო რუსული არტილერიის წინააღმდეგ დუელში. 80 M777 ჰაუბიცა მნიშვნელოვანი შეიარაღებაა უკრაინელთა ხელში. მათ მოახერხეს ქალაქის შემოგარენში მცირე რუსული შეჯგუფებების მიზანში ამოღება და განადგურება. სანაცვლოდ რუსებმა მიკოლიაივის რაიონზე მიიტანეს საარტილერიო იერიში. რეალურად მსგავსი სურათია მთელს სამხრეთში, მათ შორის ზაპორიჟიას რაიონშიც. სხვაობა ისაა, რომ რუსებს ხერსონის რაიონის კონტროლისათვის დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკის თავმოყრა უფრო მცირე ტერიტორიაზე უწევთ, ვიდრე ზაპორიჟიაში, სადაც ისინი გაშლას ახერხებენ.
– უკრაინული სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ ხერსონის რაიონში საჰაერო ბრძოლა გიმართა, სადაც უკრაინულმა მიგ-29 ტიპის მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა რუსული სუ-35 ჩამოაგდო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საკმაოდ ძველმა საფრენმა აპარატმა ძალიან ახალი ტექნოლოგია გაანადგურა. თუმცა ეს ამბავი სრულიად რეალური შეიძლება იყოს იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ ავიაციას გამოცდილი პილოტების დეფიციტი შეეტყო.
კომენტარები