ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსმა, ავთანდილ გალდავამ ჟურნალისტებს ელოშვილის სახლთან განუცხადა, რომ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სუიციდის შედეგად არის გარდაცვლილი.
ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე კვლავ აგრძელებენ.
„დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს ავთანდილ გალდავა.
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ჩვენი ინფორმაციით, ელოშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
შეგახსენებთ, ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, 2017 წელს კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდისა და USAID-ის პროექტებში.
ილია ელოშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
კომენტარები