თელავის რაიონულ სასამართლოში გუშინ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის ბრალდებული მამაკაცი გამართლდა. საქმე ეხება ფაქტს, რომელიც კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 2021 წელს მოხდა.
კაცის ადვოკატი, გოგიტა გაბაიძე ადასტურებს, რომ სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმართ, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობს.
„გიდასტურებთ, რომ დადგა გამამართლებელი განაჩენი, რომელიც მე ვთვლი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა. სხდომები იყო დახურული. ამიტომ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ”- განაცხადა გაბაიძემ.
გამოძიება 26 წლის მამაკაცს 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირს ედავებოდა და ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 140- ე მუხლით გათვალისწინებული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.
წყაროს ინფორმაციით, დაზარალებული გოგონა და მისი ოჯახი, სასამართლოს ბრალდებულის სასარგებლო ჩვენებას აძლევდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მამაკაცისათვის გოგონას ასაკი ცნობილი არ იყო და კავშირი მათ შორის, ნებაყოფლობით შედგა.
არასრულწლოვანმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლოს განუმარტა, რომ დაოჯახებულ, მასზე უფროსის ასაკის მამაკაცთან კავშირი, მისი სურვილი იყო და ასაკს შეგნებულად უმალავდა.
კომენტარები