ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და მათი მოკავშირეები შეთანხმდნენ ივლისსა და აგვისტოში ნავთობის მოპოვების დღეში 648 ათასი ბარელით გაზრდაზე. დღემდე წარმოების გაზრდა დღეში მხოლოდ 432 ათასი ბარელით იგეგმებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters და Bloomberg ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სანქციების გამო რუსეთში ნავთობის მოპოვების დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელით შემცირებაა. აპრილში რუსეთის ფედერაციამ ვერ შეძლო OPEC+-ის მიერ მოთხოვნილი ნავთობის საჭირო თვიური მოცულობის, 10.44 მილიონი ბარელის დღეში მოპოვება. რუსეთის ფედერაციამ მხოლოდ 9.3 მილიონი ბარელი მოიპოვა.
Reuters-ის ცნობით, სხვადასხვა შეფასებით, დასავლეთის სანქციებმა შეიძლება რუსული წარმოება დღეში 2-3 მილიონი ბარელით შეამციროს.
სააგენტოს წყარომ თქვა, რომ რუსეთი შესაძლოა დაეთანხმოს OPEC +-ის სხვა წევრებს წარმოების ასეთ ზრდას, რათა შეინარჩუნოს ყურის ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც, უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ.
კომენტარები