ფოტო– მითების დეტექტორი
მითების დეტექტორი, აქვეყნებს მასალას სათაურით: “აწერდა თუ არა სტალინი ხელს დახვრეტის ბრძანებებს?”, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
2022 წლის 25 მაისს Facebook მომხმარებელმა დიტო ბიძინაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პროფესორი ვალერი სუხიშვილი სტალინის პოროვნებისა და მიღწევების შესახებ საუბრობს. მისი მტკიცებით, სტალინის პერიოდში იყო სიმკაცრე და არა რეპრესიები, ხოლო 1937 წელს გამოცემულ ბრძანებებს დახვრეტის შესახებ, სტალინის ხელმოწერა არ აქვს.
ვალერი სუხიშვილი: “37 წელში არცერთი ბრძანება არ არის დაწერილი სტალინის ხელმოწერით. სტალინის დროს სიმკაცრე იყო და არა რეპრესიები”
ვალერი სუხიშვილის მტკიცება რეალობას არ შეესაბამება. სწორედ სტალინის სახელს უკავშირდება ე. წ. დიდი წმენდა ან დიდი ტერორი, რომელიც 1936-1938 წლებში მიმდინარეობდა, რასაც მოწმობს დოკუმენტებზე სტალინის ხელმოწერა და მისივე პირადი ჩართულობა ზოგიერთი ადამიანის დასჯის გადაწყვეტილებაში.
-
სტალინური დიდი ტერორი
დიდი წმენდა ან დიდი ტერორი იოსებ სტალინის ინიციატივით წამოწყებულ სადამსჯელო ღონისძიებებს ეწოდება, რომლებიც მიზნად სახელმწიფოში საშიში პიროვნებების მოშორებასა და კომუნისტური პარტიის მეტად გაძლიერებას ისახავდა. დიდი ტერორის შედეგად, სხვადასხვა ცნობით, დაახლოებით 750000 დახვრიტეს, ხოლო მილიონზე მეტი ადამიანი კი ციმბირში გულაგებში გადაასახლეს.
აღსანიშნავია, რომ დიდი წმენდა სტალინმა უპირველესად პარტიის შიგნით დაიწყო, ვინაიდან მის მმართველობას, ლენინის სიკვდილის შემდეგ, ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, შესაბამისად სტალინისთვის მნიშვნელოვანი იყო, ლენინის მომხრეები და ზოგადად ძველი კომუნისტები ჩამოეშორებინა და პარტიაში გაენადგურებინა ყველა, ვინც მის ავტორიტეტს საფრთხეს შეუქმნიდა.
უპირველეს ყოვლისა, დაისაჯნენ ძველი ბოლშევიკები, რომლებიც მონაწილეობდნენ ოქტომბრის რევოლუციაში და ასევე ე. წ. ტროცკისტები, რომელთაც ბრალად ლევ ტროცკის მიმდევრობა ედებოდათ.
პირველი ორი სასამართლო პროცესი 1936 წლის აგვისტოსა და 1937 წლის იანვარში გაიმართა, რა დროსაც ძირითადად პარტიის შიგნით მომუშავე ადამიანები დაისაჯნენ, მათ შორის, გრიგორი ზინოვიევი, ლევ კამენევი, ივან სმირნოვი, კარლ რადეკი, გეორგი პიატაკოვი და სხვები.
საგულისხმოა, რომ სტალინური ტერორი მხოლოდ შიდაპარტიული დახვრეტებით არ შემოიფარგლა. მას შემდეგ, რაც დიდი წმენდით ჩამოშორებული იქნენ ძველი ბოლშევიკები და ე. წ. ტროცკისტები, დასახვრეტთა სიას ახალი ჯგუფები შეემატნენ, მათ შორის, ე. წ. ინტელიგენცია, წითელი არმიის წევრები, გლეხები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, ემიგრანტები და ჩვეულებრივი მოქალაქეები.
მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური წმენდის გაგრძელების თაობაზე პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას მოლოტოვის, ვოროშილოვის, მიქოიანის, კაგანოვიჩისა და ჩუბარის გარდა, ხელს იოსებ სტალინიც აწერს.
-
ეთნიკური წმენდა სტალინის ხელმოწერით
ეთნიკური წმენდა დიდი ტერორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო, რა დროსაც საბჭოთა კავშირი აგენტობისა და საფრთხის შემცველობის მიზეზით სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს გაუსწორდა, მათ შორის, პოლონელებს, რუსებს, ბელარუსებს, გერმანელებს, ჩინელებს, კორელეებს, ესტონელებს, ებრაელებსა და სხვა.
- ანტიპოლონური ოპერაცია – საბჭოთა კავშირი ყველაზე სასტიკად გაუსწორდა პოლონელებს (ბრძანება N00485). ეთნიკური ნიშნით დასჯილთა დაახლოებით 44.9% სწორედ პოლონელები იყვნენ. სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით 110000 პოლონელი დაიხვრიტა, 28 ათასზე მეტი კი გულაგებში გადაასახლეს. ოპერაცია დაახლოებით 14 თვე გაგრძელდა.
- ანტიესტონური, ანტიფინური და ანტილატვიური ოპერაცია – დიდი ტერორის პერიოდში დაახლოებით 12000 ფინელი, ესტონელი და ლატვიელი პირი ლენინგრადის სასაზღვრო ოლქიდან ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.
- ანტიპოლონური და ანტიგერმანული ოპერაცია – დაახლოებით 8000 გერმანული და პოლონური წარმოშობის ოჯახი კიევიდან და ვინიციადან აღმოსავლეთ უკრაინაში გადაასახლეს. აღსანიშნავია, რომ ვინიციაში ასევე განხორციელდა მასობრივი წმენდა, რასაც 9 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
- კორეული ოპერაცია – ამ შემთხვევაში ოპერაცია მიზნად არა კორეელების განადგურებას, არამედ მათ მასობრივ გადასახლებას ისახავდა. ამ პერიოდში დაახლოებით 180 000 კორეელი სსრკ-ის შორეული აღმოსავლეთიდან (თავიანთი სამშობლოდან) ყაზახეთისა და უზბეკეთის სსრ-ის ტერიტორიებზე დაასახლეს. ბევრი გადასახლებული შიმშილის, ახალი გარემოსა და სიძნელეების გამო დაიღუპა.
-
სტალინის დიდი წმენდა ხელოვანების წინააღმდეგ
მასობრივი წმენდა ასევე შეეხო მწერლებს, მეცნიერებს, არტისტებს, რეჟისორებს და ხელოვნების დარგში მომუშავე სხვა პირებს. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი მათგანის, მათ შორის ქართველი მწერლების, დახვრეტის ბრძანებას ხელს სწორედ იოსებ სტალინი აწერდა.
სტალინური სიები არა მხოლოდ ზოგადად სსრკ-დან, არამედ საქართველოდანაც მრავალ ადამიანს ითვლის. მხოლოდ საქართველოში 1937-1938 წლებში 14 000-ზე მეტი ადამიანი დახვრიტეს, ამდენივე კი გადაასახლეს.
ერთ-ერთი მწერალი, რომლის დახვრეტის ბრძანებასაც ხელს იოსებ სტალინი აწერდა, მიხეილ ჯავახიშვილი იყო. მას საბჭოთა კავშირი ბრალად კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის წევრობას სდებდა. ასევე სტალინის ხელმოწერაა ტიციან ტაბიძის დახვრეტის ბრძანებაზე. საგულისხმოა, რომ ტიციანის შესახებ ოჯახს განუცხადეს, რომ ის ფილტვების კრუპოზული ანთებით გარდაიცვალა.
საქართველოში რეპრესიებს ასევე შეეწირნენ დირიჟორი ევგენი მიქელაძე, პეტრე ოცხელი, გიორგი ელიავა, ვახტანგ კოტეტიშვილი და სხვები. სწორედ სტალინი აწერს ხელს ევგენი მიქელაძის, გიორგი ელიავასა და ვახტანგ კოტეტიშვილის დახვრეტის ბრძანებასაც.
ევგენი მიქელაძის დახვრეტის ბრძანება: “რომ იყო წევრი ა/ს მემარჯვენე ორგანიზაციისა, რომლის დავალებითაც ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ოპერის თეატრში. იყო მეკავშირე საქართველოში ა/ს მემარჯვენე ორგანიზაციის ცენტრსა და ხალხის მტერ მ. ორახელაშვილს შორის. იმავდროულად იყო ჯაშუშური კ/რ ორგანიზაციის წევრი აქტიურად მუშაობდა ჯაშუშური ხასიათის ინფორმაციის მოპოვებაზე და უგზავნიდა მას ქალაქ მოსკოვში მ. ორახელაშვი”
ვახტანგ კოტეტიშვილის დახვრეტის ბრძანება: “რომ იყო აქტიური წევრი სოციალ-ფედერალისტთა კ/რ ნაციონალისტური, მეამბოხე, მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს სსრკ-დან გამოყოფას და საქართველოში ბურჟუაზიულ-დემიკრატიული რესპუბლიკის დამყარებას… იყო ამბოხების მომზადების საქმის კურსში და ეწეოდა ჩამშლელ-მავნებლურ სამუშაოებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მწერალთა კავშირში.”
გიორგი ელიავას დახვრეტის ბრძანება: “1918 წელს თბილისში იგი გადაიბირეს საჯაშუშოდ საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. ელიავა აგროვებდა და გადასცემდა მათ ინფორმაციას ქართველი ხალხის განწყობის და საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფრანგული გავლენის შესახებ.”
-
სტალინის პირადი ჩართულობა რეპრესიებში
სტალინის რეპრესიებში პირადი ჩართულობა ხელმოწერების გარდა სხვა ფაქტებითაც იკვეთება. როგორც სტალინის ბიოგრაფიის მკვლევარი და საბჭოთა არქივის შემსწავლელი დიმიტრი ვოლკოგონოვი თავის წიგნში “სტალინის ტრიუმფი და ტრაგედია” აღნიშნავს, რომ სტალინმა დასახვრეტთა ერთ-ერთი სიის ნახვისას შემდეგი რამ თქვა.
სტალინი (ვოლკოგონოვის მიხედვით): “ვინ გაიხსენებს მათ ათი თუ ოცი წლის შემდეგ? არავინ. ვის ახსოვს ახლა მათი სახელები, რომლებიც ივანე მრისხანემ მოიშორა? არავის.”
ასევე სტალინი ეჟოვის სიების ხელმოწერების გარდა დასახვრეტთა ადამიანებზე პირად მითითებებსაც იძლეოდა. მაგალითად 1937 წლის დეკემბერში მან მითითება გასცა მ. ი. ბარანოვის დახვრეტის შესახებ სიტყვებით “სცემეთ”, “სცემეთ”.
კომენტარები