საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
3 ივნისის შეჯამება უკრაინაში (რუკა):
– სევეროდონეცკისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. უკრაინელებმა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილის დაბრუნება შეძლეს. უკრაინელებმა ქალაქის გადასარჩენად დამატებით ძალებს მოუყარეს თავი. ბრძოლა ცენტრთან ახლოს გრძელდება. რუსული დანაყოფები ქალაქის სამხრეთ უბნებში მცირე ნაწილებად ალყაშიც კი აღმოჩნდნენ.
– რუსები ინტენსიურად ბომბავენ სევეროდონეცკის ირგვლივ არსებულ დასახლებებს. იბომბება ბორვისკე და სიროკინე, ხოლო მეტოლოკინეში მძიმე ბრძოლა გრძელდება. მისი დიდი ნაწილის დაკავება რუსებმა 31 მაისს შეძლეს, დღეს კი უკრაინელებმა მისი უმეტესი ნაწილის გათავისუფლება შეძლეს. მეტოლოკინეს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში შეტაკებები გრძელდება.
– გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს ლისიჩანსკის სამხრეთით მდებარე სოფელი ზოლოტესათვის, რომელშიც უკრაინული თავდაცვის ზღუდეები 2014 წლიდან არსებობს. რუსები ცდილობენ ზოლოტეს შემოუარონ და უკრაინელები ალყაში მოაქციონ რისთვისაც ზოლოტეს მომიჯნავედ სოფელ კომიშუვახას აღებას ცდილობენ. უკრაინელები პრაქტიკულად ორი კვირაა უშუალოდ კომიშუვახას კბილებით იცავენ.
– გრძელდება ბრძოლა ლიმანის შემოგარენში. რუსები წინსვლას ცდილობენ თუმცა ვერ ახერხებენ. ინტენსიურად იბომბება რაიჰოროდოკი, რომელზეც სლავიანსკის ერთ-ერთი თავდაცვითი ზღუდე გადის.
– მთელი დღე იბომბებოდა ბახმუტი-ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მაგისტრალი, რომელიც აღნიშნული ქალაქების მომარაგებისა და დაცვის არტერიაა. არსებობს სხვა გზაც, რომელიც სივერსკზე გადის, მაგრამ იგი მცირედით გამტარია და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება მისი გამოყენება.
– რუსულ არტილერიასთან ერთად ძალიან ინტენსიურად ამუშავდა უკრაინული არტილერიაც. პრაქტიკულად საარტილერიო დუელი მიმდინარეობს ლიმანთან, სევეროდონეცკსა და ბახმუტი-ლისიჩანსკის გზაზე. თუკი წინა კვირების განმავლობაში რუსებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ ახლა უკვე სიტუაცია იცვლება. უკრაინელები ინტენსიურად იყენებენ დიდი რაოდენობით დასავლურ არტილერიას, რაც სიტუაციას ფრონტის ხაზზე ხელშესახებად ცვლის.
– მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა ქალაქი დონეცკი. ოკუპირებულ ქალაქში ძირითადად რუსული ჭურვები ცვიოდა. რუსები დონეცკის შემოგარენში, უკრაინელთა ხელში არსებულ დასახლება პისკს ესროდნენ, თუმცა რაკეტების ნაწილი რუსებისვე ოკუპირებულ ქალაქში ცვიოდა. თუმცა არც უკრაინელები აყოვნებენ და მეორე დღეა ინტენსიურად იბომბება ქალაქი დონეცკის შემოგარენში მყოფი რუსული სამხედრო ნაწილები, საცეცხლე პოზიციები, იარაღის საწყობები და სხვა. ბოლო ათი დღეა უკრაინელები დონეცკის რიონში ძალიან გააქტიურდნენ.
– 35-ე რუსული არმია აღარ არსებობს. ის იზიუმის შემოგარენში ბრძოლისას თითქმის სრულად განადგურდა. მდინარე სივერსკი დონეცკის გადალახვის წარუმატებელი მცდელობა, ბრძოლა ლიმანისათვის და უკრაინელთა რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტრშეტევა (და მანამდე თავდაცვა) იზიუმის მიმართულებით რუსების განადგურებით დასრულდა. ეს არ ნიშნავს, რომ 35-ე არმიის ყველა ჯარისკაცი დაიხოცა, მაგრამ გულისხმობს იმას, რომ არმია თავისი ცოცხალი ძალით, ოფიცრებითა და ტექნიკით უზარმაზარი დანაკარგების ფონზე სრულიად უუნაროა. საუბარია ათასობით მოკლულზე, დაჭრილსა და ტყვეზე. ეს რუსული არმიის ხელშესახები დანაკარგია.
—————————
რუკაზე მონიშნულია:
– აფეთქების სიმბოლო – საარტილერიო და საავიაციო იერიშები;
– ხმლები და აფეთქების სიმბოლო – საბრძოლო მოქმედებები;
– წყვეტილი წითელი ისრები – რუსების შეტევის სავარაუდო მიმართულება;
– სამხედრო სატვირთოები – ბახმუტი-ლისიჩანსკის მაგისტრალი და ლოჯისტიკური მომარაგების არტერია;
კომენტარები