ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.
– ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ რას იტყვით? როგორც იურისტი, ხომ გაეცანით მის საქმეს, იმ ბრალდებებს, რომელთა გამოც ციხეში ზის. მისი მომხრეები ამბობენ, რომ არც ერთი მუხლში, რომლითაც გაასამართლეს, დამნაშავე არ იყო. თქვენ თუ დაინახეთ სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობა რომელიმე ბრალდებაში?
– 2018 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართე, რომ ეგ მუხლები არ იყო კონსტიტუციური, არ წარმოადგენდნენ ისეთ ნორმებს, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არის დასჯადი. კერძო სამართლის ურთიერთობის საგანი, რომელიც სამეწარმეო კანონშია გაწერილი. ასევე, არის ადამიანის უფლებების დამატებით ოქმში. იქ პირდაპირ წერია, არ შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნა დაწესდეს ამგვარი ტიპის, სამეწარმეო ურთიერთობებში. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩემი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სამწუხაროდ, „საქართველოს სისხლის სამართლის კანონში“, 2006 წელს, ცვლილებები განხორციელდა და ეს მუხლები შემოვიდა, როგორც დასჯადი მუხლები. სხვათაშორის, ეს იმ დროს ხდება, როდესაც ნიკა გვარამია იყო რეფორმების ჯგუფის არათუ წევრი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მე ვაფრთხილებდი, არ მიიღოთ ეს კანონი, ეს მუხლები არ შეიტანოთ კოდექსში, როგორ სისხლის სამართლის წესით დასჯადი. პროკლამაციებიც გავავრცელე, თუ გახსოვთ, რომ არ მისცეთ ამ კანონს, ამ უკანონობას ხმა, ეს თუ გააკეთეთ, ეს აქლემი თქვენს სახლებთანაც დაიჩოქებს-მეთქი. ამის გამო, ფეხების ბრახუნი ატეხეს პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა და ლამის მოღალატედ გამომაცხადეს. ხომ ხედავთ, სად ამოყო თავი ნიკა გვარამიამ. მასთანაც დაიჩოქა იმ აქლემმა და ვაფრთხილებდი მას და მისი გუნდის წევრებს. არ დამიჯერეს, თავანთი გაიტანეს. ასე, რომ როდესაც გაუთვლელად აკეთებ რაღაცას სხვის წინააღმდეგ, უნდა ივარაუდო, რომ ეს ბუმერანგი შენც მოგიბრუნდება.
– კი, „ნაციონალებს“ ბევრი რამ მოუბრუნდათ უკან, რასაც არ ელოდნენ. არა მარტო ნიკა გვარამია, მათი დიდი ნაწილი იმ მუხლებით გაასამართლეს, რომლებიც ადრე ადმინისტრაციულ კოდექსში იყო და სისხლის სამართლის კოდექსში გადაიტანეს.
– კი, ნამდვილად ასეა. ნიკა გვარამიას რაც შეეხება, მე პატივს ვცემ, აშკარად ნიჭიერი ადამიანია, უკანონოდ არის დაპატიმრებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გავიხსენოთ, რა წვლილი მოუძღვის იმ კანონმდებლობის შექმნაში, რომელმაც პირველი ის დასაჯა.
კომენტარები