ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ექსპერტი, თადარიგის ვიცე–პოლკოვნიკი, ელგუჯა ურუშაძე.
– ბატონო ელგუჯა, რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთმა უკვე გამოიყენა ქიმიური იარაღი. ორივე მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მტერი მათ წინააღმდეგ აპირებს ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას. ასევე, რუსეთმა ორჯერ განაცხადა, რომ თუ სხვა გზა აღარ დარჩება, ქვეყნის ინტერესებს ბირთვული იარაღით დაიცავს. სამივე შემთხვევაში, მსოფლიოს თუ ადგილობრივ მოსახლეობას, სხვა და სხვა მასშტაბის კატასტროფა ელის. მოდით, დავიწყოთ შესაძლო ქიმიური ომით. რა მოხდება, თუ რუსეთმა მასშტაბურად და არაერთგზის გამოიყენა ქიმიური იარაღი?
– ქიმიური ომის დაწყებას მოწინააღმდეგე მაშინ ანხორციელებს, როდესაც ჩეულებრივი იარაღით ვერ მიაღწევს საწადელს. რუსეთს ეს პრობლემა არ აქვს. საკმაოდ კარგად იბრძვიან ჩვეულებრივი იარაღითაც. ერთადერთი პრობლემა ის აქვთ, რომ რუსეთში არავის უნდა ომში წასვლა, ბევრი ცოცხალი ძალა დაკარგა უკვე უკრაინაში. მეტსაც გეტყვით, რუსეთს რამდენიმე ფრონტზე შეუძლია აწარმოოს იმგვარივე ბრძოლები, რასაც უკრაინაში აწარმოებს. იარაღის პრობლემაც ნამდვილად არ აქვს. რუსეთს ეს შესაძლებლობები აქვს, სამწუხაროდ. რაც შეხება ქიმიურ ომს, გამოიყენებს, თუკი მოინდომა. ყველანაირი სახის ქიმიური იარაღი აქვს რუსეთს, თუ რამ გამოუგონიათ დღემდე. ნერვულ-პარალიტიკური, დამაჩირქებელი, ზოგად შხამიანი, ფსიქო-ქიმიური, გამაღიზიანებელი… აქვს ისეთი მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც არ არის მსოფლიოში ცნობილი და მხოლოდ რუსებს აქვთ. შესაბამისად, არც ამ ქიმიური იარაღების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდოტები არ არსებობს. ისეთი შხამი, როგორიც ჰიპრიტია, 150 წელზე მეტია რაც გამოიგონეს, მაგრამ მისი ანტიდოტი დღემდე არ არსებობს.
– რუსეთმა უკვე გამოიყენა „ზარინი“,რომელიც საკმაოდ გავრცელებული და ერთი-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი იარაღია კაცობრიობის ისტორიაში. რუსეთმა „ზარინი“ ორჯერ სირიაში გამოიყენა და უკვე უკრაინაშიც, რის შედეგადაც, ქართველი მოხალისეები მოიწამლნენ… რა იცით მის შესახებ?
– „ზარინი“ ნევრო-პარალიტიკური მომწამვლელი ნივთიერებაა. თვალით ძლივს შესამჩნევი, უსუნო. ერთი პატარა წვეთიც კი საკმარისია, რომ ადამიანმა მიიღოს სასიკვდილო ტოქსიკური დოზა. შეიძლება ამ ნივთიერების გამოყენება თხევად-წვეთოვანი და აირობრივი სახითაც. სწრაფად მოქმედი ნივთიერებაა და მისი ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, პირადი შემადგენლობა მომენტალურად იღუპება. მოწინააღმდეგე მხარეს რომც ჰქონდეს, ვერ ასწრებს აირწინაღების დროულად გამოყენებას. რუსეთი „ზარინის“ გამოყენებას არასდროს აღიარებს. ძნელია, საპირისპირო დაუმტკიცო. ჩეჩნეთის ომში, „ზარინზე“ უფრო უარესი ქიმიური იარაღი გამოიყენა რუსეთმა და უამრავი ადამიანი დაიხოცა, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს ქიმიური იარაღის გამოყენება. ეს იარაღია იმის მიზეზი, რომ დღეს ჩეჩნეთი პოსტაბჭოთა ქვეყნებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის, პირველ ადგილზეა ონკოლოგიური დაავადებების მხრივ. ამ იარაღის არც სახელი იცის ვინმემ და არც ანტიდოტი არსებობს. შესაძლოა, რუსებს ჰქონდეთ ანტიდოტი. თუკი ჩეჩნეთში გამოიყენეს, რა დაუდგებათ წინ, რომ უკრაინაშიც გამოიყენოს? არც არაფერი. ეს საიდუმლო ქიმიური იარაღი „ზარინზე“ უარესია. „ზარინი“ კლავს მომენტალურად პირად შემადგენლობას, მაგრამ გრძელვადიანი ურყოფითი შედეგები არ აქვს, თაობებს არ გადაეცემათ მისი მომაკვდინებელი შედეგები.
– ქიმიური იარაღის გამოყენების რამდენი საშუალება არსებობს? ბომბის სახით თუ შეიძლება ჩამოგდება?
– უამრავი მეთოდი არსებობს – აეროზოლური, თხევად-წვეთოვანი, უეცარი თავდასხმა… ეს უკანასკნელი ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგე ქიმიურ იარაღს გამოიყენებს მაშინ, როდესაც ამას არავინ ელოდება, გვიან ღამით, როდესაც პირადი შემადგენლობა ისვენებს, ან საჭმელს ჭამენ, რომ ვერ მოასწრონ აირწინაღების გამოყენება. ზოგადად, ქიმიური იარაღის გამოყენებას აზრი ასეთ დროს აქვს,თორემ თუ მოწინააღმდეგე მხარე ელოდება და აირწინაღის გაკეთება მოასწრო, მაშინ მსხვერპლი მინიმალური ან საერთოდ არ იქნება. ქიმიური იარაღის გამოყენება შეიძლება ნაღმტყორცნებით, არტილერიით, ავიაციით, რაკეტით და ყველანაირი საშუალებით. აეროზოლის გენერატორებით შეიძლება მისი გამოყენება, ხელყუმბარებიც არსებობს. ცხადია, ქიმიური იარაღის ბომბი, თუკი ასე შეიძლება ვთქვათ, არსებობს და სხვა და სხვა სახის. მისი ვერტმფრენიდან თუ თვითმფრინავიდან ჩამოგდებაც შეიძლება. მისი გამოყენება რაიმე სპეციფიკურ ცოდნას და ხანგრძლივ, განსაკუთრებულ მომზადებას არ ითხოვს.
– ქიმიური იარაღი, გამოყენების შემთხვევაში, რა მასშტაბით ვრცელდება? მესმის, სხვა და სხვა სახის იარაღი სხვა და სხვა რადიუსში გავრცელდება, მაგრამ რაზეა დამოკიდებული გავრცელების არეალი?
– ეს დამოკიდებულია ამინდზე. არის სამი მდგომარეობა – ინვექცია, კონვექცია და იზოთერმია. მოკლედ, გეტყვით. თუკი დედამიწისა და ჰაერის ტემპერატურა ერთი და იგივეა, ეს ოზოთერმიაა, ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობები იქმნება. ქარია სუსტი და 10-20 კილომეტრზე გავრცელდება ქიმიური ნივთიერება და დახოცავს პირად შემადგენლობას. ეს პატარა მანძილი არ არის. არსებობს სწრაფადმოქმედი ქიმიური იარაღები, ვთქვათ, „ზარინი“ და ნელმოქმედი, მაგალითად „ვეიქსი“. ნელმოქმედი ქიმიური იარაღით პირადი შემადგენლობა იწამლება და ვერ ხვდება, საათების შემდეგ ხდება მომწამვლელი ნივთიერების ეფექტის გამოვლინება. ჯარებში აუცილებელია სამხედრო-ქიმიური ცოდნა, უნდა გყავდეს ქიმიკოსი მზვერავები, რომელთაც სპეციალური ხელსაწყოებით შეუძლიათ მომწამვლელი ნივთიერებების აღმოჩენა, მოწინააღმდეგის მზადების აღმოჩენა, რომ ის აპირებს ქიმიური იარაღის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში, ჯარი მომზადებული ხვდება მოწინააღმდეგის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებას.
– თუ ქარი არის და მაშინ მოხდება ქიმიური იარაღის გამოყენება, ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს?
– ამ შემთხვევაში ქიმიური იარაღის გამოყენება არაეფექტურია და მაგ დროს არ გამოიყენება. ქარი გაფანტავს ქიმიურ ნივთიერებას და მისი კონცენტრაცია იქნება არასასიკვდილო. ქარი გაშლის ნივთიერებას, შორს კი წაიღებს, შეიძლება, სამოქალაქო პირები დახოცოს, მაგრამ გადარჩებიან მებრძოლები, ვის მოსაკლავადაც იყო მისი გამოყენება გამიზნული. ეს იგივეა, ტყვია რომ ესროლო ადამიანს და ააცილო.
– აირწინაღები და სპეცტანსაცმელი აკავებს ქიმიურ იარაღს? ასეთ პირობებში აღარ მოიწამლება ადამიანი?
– გააჩნია, რომელ ქიმიურ იარაღზე ვლაპარაკობთ.“ზარინს“ შეუძლია, რეზინაშიც შევიდეს, არათუ სტანდარტულ სპეცტანსაცმელში. არც აირწინაღია უეჭველი გარანტია. თუ მომწამვლელი ნივთიერების კონცენტრაცია დიდია, მაშინ აირწინაღი დიდხანს ვერ დაიცავს. მას აქვს დამცავი კოლოფი – ფილტრი, რომელიც უნდა გამოიცვალოს. თუ ქიმიური ნივთიერების კონცენტრაცია მცირეა, დიდხანს ძლებს ფილტრი, თუ დიდია, მცირე ხნით. ფილტრი თუ დროულად არ გამოიცვალა, შეისუნთქავს მასში დაგროვილ მომწამვლელ ნივთიერებას ადამიანი და დაიღუპება.
– თუ ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებები შეერევა წყალსაცავებს, მდინარეებს, ტბებს, ზღვებს და მერე ვინც ამ მოწამლულ წყალს დალევს, ცხადია, მოიწამლება. გაწყდება თევზი. ასევე, შეერევა ნიადაგს და არც იმ ნიადაგზე მოწეული პროდუქცია იქნება უსაფრთხო. ბალახიც სახიფათო იქნება ბალახისმჭამელი შინაური ცხოველებითვის. ასეა?
– კი, ეგ თავისთავად, მაგრამ უარესი ხდება ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ქიმიურ იარაღს ორნაირი მოქმედება გააჩნია. როდესაც მას იყენებენ, წარმოიქმნება ღრუბელი, რომელსაც პირველადი ღრუბელი ჰქვია. თუმცა, რაღაც ნაწილი ნივთიერებისა, ილექება მიწაზე, მცენარეებზე. შემდეგ, როდესაც იმ ადგილას გაივლის მანქანა, მომწამვლელი ნივთიერებით გაჯერებული მტვერი ჰაერში აღმოჩნდება და ეს უკვე მეორადი ღრუბელია, რომელმაც შეიძლება ბევრი ხალხი დახოცოს. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარების ნაწილებმა გამოიყენეს „სი-ეს“-ის მომწამვლელი გაზი. 9 აპრილის ღამეს დაღუპულთაგან, 12 ადამიანი „სი-ეს“-ით მოწამვლით დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ, პარლამენტის შენობიდან, დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად მიტანილი ყვავილები, საკავშირო ხელისუფლების მოთხოვნით, უნდა გადაეყარათ, ხალხმა ეს არ დაუშვა და სიონის და ქაშვეთის ეკლესიაში გადაიტანეს ყვავილები. გადატანის დროს წარმოიშვა მოწამლული ჰაერის მეორადი ღრუბელი და უამრავი ხალხი მოიწამლა. შემდგომში, სხვა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა ამ ხალხს, ონკოლოგიური და სხვა დაავადებები გაუჩნდათ და მთელი ცხოვრება გაჰყვათ „სი-ეს“-ის მეორადი ღრუბლის კვალი.
– თუ შეიძლება, ბიოლოგიური ომის საფრთხეზე და მის შედეგებზე ვისაუბროთ, მით უმეტეს, ბიოლოგიური ლაბორატორიები, რუსეთსაც მრავლად აქვს უკრაინასაც?
– ბიოლოგიური ომი ძალიან სახიფათოა, რა თქმა უნდა. ამ საკითხზე ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ მასობრივი დაზიანების იარაღებს შორის, ყველაზე უფრო პერსპექტიულია ბიოლოგიური იარაღი. რატომ? იმიტომ, რომ ბიოლოგიური საბრძოლო მასალების შექმნა ჯდება ძალიან იაფი. თან, გამოიყენა თუ არა ეს კონკრეტულმა ქვეყანამ მტრის წინააღმდეგ, ამის დადგენაც არის ძალიან რთული. გარდა ამისა, შეუძლია ადამიანები დახოცოს შერჩევით. გენური ინჟინერია იძლევა იმის საშუალებას, რომ მაგალითად, გაანადგუროს მხოლოდ ერთი, კონკრეტული ეროვნების ადამიანები და სხვა ეროვნებისა არა. ბოლო წლებში ძალიან განვითარდა გენური ინჟინერია, რომელმაც ბევრი სიკეთე მოუტანა მედიცინას და სხვა დარგებს, მაგრამ ამ საფრთხის წინაშეც დააყენა კაცობრიობა. ბევრი ლაპარაკობს რუსეთის მხრიდან ატომური ბომბის შესაძლო გამოყენებაზე. ეს პუტინმა და ლავროვმაც განაცხადეს, მაგრამ მგონია, ეს მხოლოდ მუქარა და შანტაჟის მცდელობა იყო, სხვა არაფერი. რაში სჭირდება რუსეთს ბირთვული ბომბების გამოყენება, რომელიც ყველაფერს დაანგრევს და მოწინააღმდეგის საპასუხო ბირთვული დარტყმა რუსეთსაც გაანადგურებს, როდესაც რუსეთს აქვს ბიოლოგიური ბომბი, ბიოლოგიური იარაღის დიდი არსენალი.
– ბიოლოგიური იარაღის გავრცელება როგორ ხდება?
– აეროზოლური მეთოდით, დივერსიული მეთოდით – შესაძლებელია, დაამზადონ მცირე ზომის პორტატული მოწყობილობა,რომელიც შეიძლება იყოს ბავშვის სათამაშო ან საათი. ასევე, დასნებოვნებული კოღოების, ტკიპების, მწერების მეშვეობით შეიძლება მისი გავრცელება. ეს ნივთები დივერსანტმა რომ მიიტანოს ხალხმრავალ ადგილას და გაავრცელოს, ვერავინ გაიგებს, საიდან და როგორ გავრცელდა. შესაძლოა, მთლიანად გაანადგუროს მოსახლეობა. რაც შეეხება ბიოლოგიურ საწარმოებს, სადაც ბიოლოგიური საშუალებები მზადდება, ბიოლოგიური ლაბორატორიებს, რომლებიც რუსეთსაც აქვს და უკრაინასაც, მე ვიტყოდი, ძალიან საშიში ობიექტებია. ასეთ ობიექტებს რაკეტა რომ მოხვდეს და ააფეთქო, კატასტროფული საფრთხეა. ზოგი მეცნიერი კი ამბობს, გამორიცხულია ამგვარი რამ, რადგან თუ რაკეტა მოხვდება ლაბორატორიას, იმხელა ტემპერატურა წარმოიქმნება, ყველა ვირუსი დაიღუპებაო. ზოგი იმასაც ამბობს, დიდი ნაწილი დაიღუპება და ნაწილი გადარჩებაო. თუკი გამოჟონა ერთი სახეობის ვირუსმა მაინც, ეს იქნება პლანეტარული კატასტროფა, რადგან ჩვენ არ გვეცოდინება, რა სახის დაავადების მატარებელ ვირუსთან გვექნება საქმე. კოვიდ-19-მა მსოფლიო შეარყია და მასზე ათჯერ და მეტჯერ ლეტალური ვირუსი რას გვიზამს, ადვილი წარმოსადგენია. გენური ინჟინერიით შექმნილ ვირუსის შესახებ არაფერი გვეცოდინება, ვერაფერს გავიგებთ და არც ვაქცინა იქნება და არც წამალი. შესაძლოა, კონკრეტული ვირუსი ისე დაპროგრამდეს, რომ ისინი თავიანთი განვითარების რაღაც ეტაპზე თავად განადგურდნენ – მოკლას ადამიანი და თავადაც განადგურდეს. ეს კი მეცნიერებას არ მისცემს იმის დადგენის საშუალებას, რით გარდაიცვალა ეს ადამიანი.
– რამდენად შესაძლებელია, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს ამ ომში?
– ეს გამორიცხულია. რაში სჭირდება რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება? რაში სჭირდება დანგრეული რუსეთი და დანგრეული მსოფლიოს სხვა ქვეყნები? მაშინ ფსიქიკურად შეშლილი უნდა იყოს პუტინი, ეს რომ გააკეთოს. ბირთვული ომი, ჩემი აზრით, არასდროს იქნება, რადგან ყველამ იცის, რომ ეს კაცობრიობის დასასრული იქნება. დედამიწაზე 5 ათასამდე ბირთვული საბრძოლო მასალა არსებობს, რაკეტები, ბომბები და ა.შ. და ეს საკმარისია დედამიწაზე ერთხელ კი არა, რამდენჯერმე განადგურდეს სიცოცხლე. დედამიწა დაიფარება შავი კვამლით, რომელიც მზის სხივებს არ გამოატარებს, დაიწყება „ბირთვული ზამთარი“ და ეს გამოიწვეს სიცოცხლის შეწყვეტას. არაფერში სჭირდება პუტინს ატომური ომი, რადგან არსენალში აქვს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი და მას გამოიყენებს, თუკი ჩვეულებრივი იარაღით ვერ მიაღწია ომში საწადელს. გარდა ამისა, არსებობს ორმხრივი განადგურების გარანტია – ოგგ. ეს ოგგ არწმუნებს ატომური იარაღის მქონე ომის ყველა ქვეყანას, რომ თუ მან პირველმა გამოიყენა ატომური იარაღი, ის საპასუხო დარტყმას მიიღებს მანამდე, სანამ მის მიერ პირველად გამოყენებული ბირთვული იარაღი მიაღწევს დანიშნულების წერტილამდე. ამ ორმხრივი განადგურების გარანტიის მეშვეობით, გამორიცხულია ბირთვული ომი და ეს მარტო ჩემი მოსაზრება არ არის, ბევრი მეცნიერია ამ პოზიციაზე. თუმცა, ბირთვული ომი შეიძლება დაიწყოს შემთხვევით. ამგვარი ფაქტები რამდენჯერმე დაფიქსირდა. ესპანეთში თვითმფრინავს გაუჩნდა ხანძარი და ამ თვითმფრინავში იყო 4 ერთეული 25 მეგატონა სიმძლავრის ბირთვული ბომბი. თვითმფრინავის აფეთქებამდე, მოასწრეს ამ ბომბების ავარიული ჩამოყრა და არც ერთი არ აფეთქდა. კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა რუსეთში, ბორის ელცინის მმართველობის პერიოდში. მაშინ ნორვეგიის სანაპიროდან, რუსეთის მიმართულებით გაუშვეს მეტეოროლოგიური დანიშნულების რაკეტა, რუსებს ეგონათ რომ ბირთვული რაკეტა მოფრინავდა და კინაღამ საპასუხოდ ბირთვული რაკეტა გაუშვეს. კიდევ კარგი, დროულად გაირკვა ეს გაუგებრობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბირთვული ომი შეიძლება მოხდეს შემთხვევით და არა ადამიანთა გადაწყვეტილებით.
– ბირთვული იარაღის დანიშნულების ადგილამდე მიტანის რამდენი ვარიანტი არსებობს?
– ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით გაუშვებ ბირთვულ იარაღს, ავიაციითაც შეიძლება ტაქტიკური, მცირე სიმძლავრის ბომბის გადატანა და ჩამოგდება, არტილერიითაც შესაძლებელია, ასევე, მცირე სიმძლავრის ბომბის გასროლა. და ყველაზე მთავარი. თუ ბირთვულ ომზე და დედამიწის განადგურებაზე მიდგა საქმე, რაში სჭირდებათ ატომური ბომბების სროლა, როდესაც გააჩნიათ ნეიტრონული იარაღი. ეს არის ბირთვული იარაღის ნაირსახეობა, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 10 კილოტონას, აფეთქების ძალა მცირეა, მაგრამ აქვს დიდი რადიაცია. ქალაქში გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება მხოლოდ რამდენიმე კორპუსი დაანგრიოს, მაგრამ წარმოქმნის დიდ რადიაციას, რომელიც მოსახლეობის უდიდეს რაოდენობას გაანადგურებს. ადამიანის მოსაკვდინებლად საკმარისია 800 რენტგენი და ნეიტრონული ბომბის აფეთქების შედეგად 10 000 რენტგენი და მეტიც წარმოიშობა. ნეიტრონული იარაღი რუსებს აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობით, მათ შორის, საბჭოთა კავშირის დროინდელი მარაგები.
კომენტარები