წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა:
“წალენჯიხის მოქალაქეებს!
დაკავებული თანამდებობიდან გადადგა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა.
ლაშას დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივი არჩევნების შემდგომი პერიოდის მერიის წარმატებებში, სხვადასხვა პროგრამების, მათ შორის, თვითონ “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფორმირებაში, რეფორმებში თვითმმართველობის მომავალი სტრატეგიის განსაზღვრაში.
იგი ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით, მისთვის უმთავრესი იყო წალენჯიხელი ადამიანი, მოქალაქე, მისთვის მიუღებელი იყო ნებისმიერი მიზეზი, რაც შეიძლებოდა მუნიციპალიტეტის განვითარებას შემაფერხებელი გამხდარიყო. მაგრამ,როცა საქმე პირადულ გადაწყვეტილებას ეხება, დიდი სიმამაცეა საჭირო!!
ქართული თვითმმართველობის ისტორიაში ეს გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ასეთი მაღალი რანგის საჯარო მოხელემ რეალობას თვალი ჯიუტად გაუსწორა, აიღო პირადი პასუხისმგებლობა და ეს მაშინ, როცა ფული დაბრუნდა და პროგრამა გრძელდება.
დიახ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, მან საჭიროდ ჩათვალა, აიღო “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის შეფერხებაზე პასუხისმგებლობა და ამით აჩვენა უმაღლესი კლასი პოლიტიკაში!
ამას ვერასდროს გაიგებენ სკამს ჩაჭიდებული ჩინოვნიკები და მედროვე კომფორმისტები, ვერასდროს გაიგებენ ბიუჯეტს მიტმასნილი, ჩასაფრებულ ადამიანთა კასტა, ვერასდროს გაიგებენ ისინი, რომელთაც სახელმწიფო მხოლოდ კეთილდღეობის წყარო ჰგონია და არა პასუხისმგებლობის ნაწილი!
მოსახლეობის და მერიის სახელით, მადლობას ვუხდი ლაშას გაწეული მუშაობისთვის, მიღებული მაღალმორალური გადაწყვეტილებისთვის.
ამასთან, ის დარჩება იდეალების ერთგული – გუნდის წევრად და კიდევ ბევრი სასარგებლო საქმის კეთების თანაავტორად!
წალენჯიხის მერია გააგრძელებს უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებას თვითმმართველობაში, დემოკრატიაში, მოსახლეობასთან ურთიერთობაში, გამჭვირვალეობაში, მართვის ხარისხში.
ჩვენ, ჩვენი ხედვებით და გადაწყვეტილებებით, შევცვლით დამკვიდრებულ სტანდარტებს.
წალენჯიხა სამაგალითო სტანდარტების წყაროა!
წალენჯიხა გადამდებია!”
კომენტარები