ტიკ ტოკზე გავრცელებულ ვიდეოს, სადაც გივი სიხარულიძის ცეცხლოვანი ცეკვაა ასახული საზოგადოებისთვის უცნობ, შთამბეჭდავი გარეგნობის ქალბატონთან, დიდი ინტერესი გამოიწვია, გთავაზობთ, AMBEBI.GE -ს მიერ მომზადებულ მასალას ბოდიბილდინგ, მაკა ხიზანიშვილთან:
ის, რომ ბულინგის მსხვერპლნი ხშირად ძლიერი ქალებიც ხდებიან, ამის კარგი მაგალითი მაკა ხიზანიშვილია. ის ფიტნეს-ინსტრუქტორია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე 52 წლისაა, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივის.
მაკას ცხოვრება რაღაცით კონკიას ზღაპარსაც მოგვაგონებს – ადრე ბარის მიმტანადაც მუშაობდა, 50 წლის ასაკში კი ბოდიბილდინგის საერთაშორისო კონკურსის ჩემპიონი გახდა და თავზე მართალია სამეფო ვერა, თუმცა ფიტნეს-დედოფლის გვირგვინი ნამდვილად დაიდგა. მეუღლეს წლების წინ გაშორდა. დღეს მარტო ცხოვრობს და ამბობს, რომ სიყვარულისთვის არ ცხელა. აქვს სუსტი წერტილები და აუსრულებელი ოცნებებიც.
– ვინ არის მაკა ხიზანიშვილი?
– მაკა არის დედა, დედამთილი, ბებია, კარგი მეგობარი, ფიტნესში მწვრთნელი და წარმატებული სპორტსმენი.
– შენი გადასახედიდან, როგორია ქალი იდეალი?
– ძლიერი, წარმატებული, როგორც კარიერაში, ისე პირადში. ასევე ფინანსურად. ქალის იდეალი არ მყავს – ასეთი მე ვარ.
– დღეს რომ გადავხედოთ შენს განვლილ ცხოვრებას, წარმატებული ქალი ხარ?
– კი, ცხოვრებაში მქონია რთული პერიოდები, იყო დრო, როცა კარგადაც ვიყავი. ცხოვრებაში დავცემულვარ, თუმცა ისევ წამოვმდგარვარ ყოველთვის და გზა გამიგრძელებია.
– რას ფიქრობენ კაცები შენზე?
– თუ არ მიცნობენ, ხშირად ბულინგის მსხვერპლი ვხდები. თუნდაც სხვადასხვა “ფეისბუქგვერდები” ჩემს ფოტოებს როდესაც დებენ, იწყება თავდასხმა და შემოტევები, ცუდი კომენტარები, ძალიან ცუდიც კი, თუმცა ადრე უფრო დიდი იყო ბულინგის მასშტაბები, ახლა უფრო მიეჩვივნენ, ხომ იცი ადამიანი როგორ ეჩვევა ყველაფერს. მე, მაგალითად, არ მაინტერესებს ვინ რა ტანზეა და ეს მოსაზრებები არც არასდროს დამიწერია ვინმეზე ღიად სოციალურ ქსელებში.
– კაცებს შენი კუნთების ეშინიათ?
– ხასიათის უფრო, ვიდრე კუნთების. იმიტომ, რომ შორიდან ვინც არ მიცნობს, “გრუბი“ ვგონივარ. თუმცა როცა მეცნობიან, ხვდებიან, რომ ძალიან მეგობრული და უშუალო ვარ.
– საინტერესოა, როგორი მეოჯახე ხარ?
– ახლა დრო არ მაქვს, მაგრამ იყო დრო, როდესაც ყოველდღე სახლს ვალაგებდი, ვრეცხავდი, საჭმელს ვამზადებდი, ოჯახს ვუვლიდი – მეუღლეს, შვილს. სახლის საქმეებიდან ყველაზე უკეთ კერძების კეთება გამომდის. ვამზადებ უგემრიელეს საცივს, ხაჭაპურს, ოსტრს და აშ.
– როგორია შეყვარებული მაკა?
– შეყვარებული ნაკლებად. თუმცა, ასეთ დროს ის ძალიან კარგ ხასიათზეა. სულ იღიმის, თვალებში კი ვარსკვლავები ბრჭყვიალებენ. რაც შეეხება რომანტიკულობას, სანთლები და ყვავილები ისედაც არ მიყვარს. მეგობრებს სულ ვეუბნები, – ყვავილები მხოლოდ მაშინ მომიტანეთ, როცა გარდავიცვლები და ვიდრე ცოცხალი ვარ, სხვა საჩუქრები – მეთქი.
ამ ეტაპზე გადართული ვარ კარიერაზე და პირადი ურთიერთობისთვის არ მცალია. 5-წლის წინ დავშორდი მეუღლეს. მასწავლა ბევრი რამ, ბევრი თავად ცხოვრებისგანაც ვისწავლე და ახლა საერთოდ სხვა ადამიანი ვარ. ალბათ, რომ არ გავშორებულიყავი, დღეს ასეთი ძლიერიც არ ვიქნებოდი. საერთოდ როდესაც ინგრევა ოჯახები, ქალები ხშირად დეპრესიაში ვარდებიან, მე პირიქით, გავძლიერდი. იმის შემდეგ გავხდი წარმატებული მწვრთნელიც, წარმატებული სპორტსმენიც. დღეს უფრო ძლიერი ვარ ყველანაირად.
– ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ?
– ძალიან ბევრია. ასაკი იწყება 21 წლიდან და ადის 60 წლამდე. ერთხელ თბილისში, ერთ-ერთი კაფეში ემირატების შეიხი იყო მოსული. ჩამოსული იყო თბილისში და ჩვენთან ბარში სტუმრად იმყოფებოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სურვილი ჰქონდა, ქართველ ქალზე ქორწინების. დამინახა და მოვეწონე. მითხრა, თუ შვილს მაჩუქებ 500 ათას დოლარს დაგისვამ ანგრიშზეო და უარი ვუთხარი. ცოლობა მთხოვა, თუმცა ჩადრი და ალადინის ზღაპარი, ჩემი სტილი არ არის. ყველანაირი ფიზიკური ურთიერთობის გარეშე დავასრულე ეს ამბავი მასთან. თუმცა ხუმრობით ვკითხე, მერამდენე ცოლი ვიქნებოდი მისთვის და პასუხმა გამაოცა – თქვა, რომ ერთადერთი, ვინაიდან მეუღლე გარდაცვლილი მყავსო.
– რა ხდებოდა ვიდრე ინსტრუქტორი, ცნობილი ბოდიბილდერი გახდებოდი?
– მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. ბავშვობიდან სპორტს მივდევდი, წყალბურთში, როგორც საქართველოს, ისე საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი ვიყავი. სულ შეჯიბრებებზე დავდიოდით. ვიყავი გუნდის კაპიტანი. ასევე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი უმაღლეს ლიგაში. შემდეგ უკვე გავთხოვდი, მეყოლა შვილი. ბავშვის გაჩენიდან 3 კვირაში ისევ ვარჯიში დავიწყე. ასე, დავტოვე და წავედი “ზბორებზე“ (საწვრთნელ შეკრებაზე). შემდეგ ნელ-ნელა არეული პერიოდი დაიწყო – 90 იანები:გაჭირვება, უშუქობა, მაგრამ მაშინ ბევრად კარგ დროს ვატარებდით.
მეტი ურთიერთობა იყო და სითბო, ვიდრე ახლა. მაშინ არც მობილურები იყო. ადამიანები ასე მივდიოდით ერთმანეთთან, ყავას შეშაზე ან “კერასინკაზე” ვადუღებდით, ვყვებოდით ამბებს. მომდევნო პერიოდი უკვე ბიზნესში ვიყავი. ამის გამო, 2 წელი სტამბოლში ცხოვრებაც მომიხდა ოჯახთან ერთად. ჩამოვედი თბილისში, გავხსენი მაღაზიები და მქონდა ბიზნესი 13 წლის განმავლობაში. თუმცა, ცხოვრებაში ხდება ჩავარდნებიც. ისე მოხდა, რომ დავიწყე ერთ-ერთ კაფეში მუშაობა მიმტანად. ზოგადად, წესით პირიქით ხდება, ოფიციანტობიდან მიდიან დიდ ბიზნესში და ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა ყველაფერი. ამის გამო არც “დავგრუზულვარ”, არც კომპლექსი მქონია, ჩვეულებრივად ვმუშაობდი.
– შენ ახსენე დიდი ბიზნესი და შემდეგ ასევე დიდი გაკოტრება. მომიყევი ამ რთული პერიოდის შესახებ
– ეს იყო ჩემი დაცემა. რა თქმა უნდა, დამეწყო დეპრესია. დავიწყე ანტიდეპრესანტების სმა. სწორედ ამ დროს მითხრა დაქალმა, – წამოდი, ვარჯიში დაიწყე და გიშველისო. მაშინ ფულიც კი არ მქონდა აბონიმენტის შესაძენად. ძალიან იაფად გამიკეთეს, მახსოვს, აბონიმენტი. ავედით ფიტნესდარბაზში. დავიწყეთ წინ და უკან ბოდიალი, რა და როგორ გაგვეკეთებინა, არც ვიცოდით. ამ დროს მოდის ფიტნეს-ინსტრუქტორი კარენა, ახლა უკვე ჩემი პირადი მწვრთნელი და გვეკითხება – გოგოებო, დახმარება ხომ არ გინდათო? არა მეთქი – სპორტსმენები ვართ – მეთქი და გავაგრძელეთ ჩვენთვის ვარჯიში. მაგრამ 5 წუთში მივხვდით, რომ აზრზე არ ვიყავით და ვთხოვეთ დახმარება. მწარედ მახსოვს, ისე მავარჯიშა, რომ კიბეებზე უკანასვლით ჩავდიოდი ტკივილისგან. ფეხს რომ ვდგამდი, მიკანკალებდა და მეკეცებოდა. აქედან დაიწყო ჩემი და ჩემი მწვრთნელის ურთიერთობა.
– მაკა, შენ ცნობილი სპორტსმენი ხარ და სულ სხვა სფეროში, რის შესახებაც ბევრმა არ იცის. მომიყევი ამის შესახებაც…
– მშობლებმა 6 წლის ასაკში ცურვაზე მიმიყვანეს. დავდიოდი ცურვაზე, თუმცა ეს ჩემი არ იყო. არ შემიძლია ეს კედლიდან კედლამდე ცურვა. ვიყავი სადღაც 14 წლის, როდესაც გავიგე, რომ ლაგუნაზე ქალთა წყალბურთის ნაკრები ჩამოყალიბდა. მივედი, მოვეწონე და დამიტოვეს, ისე რომ ჩემი მშობლებისთვის არაფერი მითქვამს. დავდიოდი წყალბურთზე და მათ ეგონათ, რომ უბრალოდ ცურვაზე დავდიოდი. როდესაც შემდეგ შეჯიბრზე მოვიგეთ, ამის შესახებ გაზეთ “ლელოდან“ შეიტყვეს ჩემმა მშობლებმა. მაშინ ცოტა სხვა დრო იყო, – გოგოებს, ვინც პროფესიონალურად ცურვა იცოდა, ვგულისხმობ, ქალთა წყალბურთს, სხვანაირად უყურებდნენ, ცოტა “ტეხავდა“. აღიქმებოდა, რატომღაც, როგორც მამაკაცური სპორტი. მაშინ სხვა შეხედულებები და ფასეულობები იყო, ვიდრე ახლა.
– და აქვე, წყალბურთის გარდა, შენ მიღწევები გაქვს ფიტნესშიც…
– 10 წელია აქტიურად ვარ ჩართული ფიტნესსფეროში, კერძოდ, პირად მწვრთნელად ვმუშაობ. რაც შეეხება ფიტნესში მიღწევებს, გამოვდიოდი ჯერ “ფიტნეს ბიკინიზე“ საქართველოში, შემდეგ გადავედი “ბოდი-ფიტნესში”. ეს შედარებით მაღალი კატეგორიაა და 50 წლის ვიყავი, როდესაც წარვსდექი “Muscle Worlds NPC”-ის ჩემპიონატზე და გავხდი აბსოლუტური ჩემპიონი და მოვიგე ოქროს მედალი ნომინაციაში “Woman Figure”.
კომენტარები