ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, ჯუმბერ კირვალიძე.
– უკვე ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი ამბობს, 2008 წელს, რუსეთი საქართველოში რომ შემოიჭრა და ევროპა და ამერიკა ღირსეულად შეეწინააღმდეგებოდნენ, არც 2014 წლის უკრაინის ამბები და არც ომი იქნებოდა დღეს უკრაინაშიო.
– კი, ბატონო, გეთანხმებით. მაშინ მათი აღშფოთება იყო სამარცხვინო. დღეს, მგონი ანგელა მერკელის გარდა, დიდი და გავლენიანი ქვეყნების ყველა იმჟამინდელი ლიდერი ნანობს, რომ მკაცრი პასუხი არ გასცეს რუსეთს სანქციების თუ სხვა ფორმით, თუმცა, შესაძლებელი იყო. არც აქამდე შეიძლებოდა მისულიყო საქმე. რუსეთი დღეს დიდგულზეა, რადგან ზებგერითი ფრთოსანი რაკეტები აქვთ შეიარაღებაში და ამგვარი რაკეტები ჯერ ნატო-ს და ნატო-ს წევრი ქვეყნის შეიარაღებაში არ არის. არც 2008 და არც 2014 წლებში რუსებს არ ჰქონდათ ეს რაკეტები. შარშან გამოიყენეს სირიაში და ახლა ორჯერ უკრაინაში. ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის პოლიტიკამ დაშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ რეალურად როდესაც დაიშალა და ეს დე იურედ გაფორმდა, მაშინ ჯორჯ ბუში-უფროსი იყო ამერიკის პრეზიდენტი. შემდეგ ბილ კლინტონი და კლინტონის პრეზიდენტობის დროს მოხდა საშინელება. მაშინვე შეიძლებოდა აღმოსავლეთით ნატო-ს და ევროკავშირის გაფართოება და უკვე ჩვენც ნაშველი გვექნებოდა. მაშინდელი ელცინის რუსეთი გახსოვთ და ის რუსეთი ნატო-ს ვერ გაუწევდა წინააღდეგობას. იძულებული იქნებოდა, ახალ რეალობას შეგუებოდა. ეს ამერიკელებმა იმიტომ არ გააკეთეს, რომ ეშინოდათ, რომ რუსეთში კომუნისტები არ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და ყველაფერს აკეთებდნენ ამ ლოთი ელცინის ხელისუფლების გასაძლიერებლად. არჩევნებამდე 6 თვით ადრე, პრეზიდენტობის 5 კანდიდატს შორის, ელცინს ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. არჩევნებამდე 4 თვით ადრე, ელცინს ჰქონდა 7%-იანი რეიტინგი და კომუნისტების ლიდერს, გენადი ზიუგანოვს – 22%, იმ დროს მოსკოვში ვიყავი. ამერიკიდან ჩამოვიდა 8 ჯგუფი, პოლიტიკის, არჩევნების, პიარის ექპერტები და სხვები, რამდენი ასეული მილიონი ჩამოიტანეს, არ ვიცი, მაგრამ ელცინს რომ მოაგებინეს არჩევნები, ფაქტია. უკრაინა მაშინ გაწირეს, 1994 წელს, როდესაც ბუდაპეშტის ხელშეკრულება გაფორმდა, უკრაინას უარი ათქმევინეს საბჭოთა კავშირიდან მის კუთვნილ ბირთვულ იარაღზე, აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა პოლიტიკური ვალდებულება აიღეს, რომ იქნებოდნენ უკრაინის სუვერენიტეტის გარანტები. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე მიერთებით, უკრაინამ დათმო ატომური იარაღის მსოფლიოში სიდიდით მესამე არსენალი. ეს იყო უდიდესი შეცდომა და ამას დიდი ბრიტნეთი, ამერიკა და მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს. დღეს ბირთვული შეიარაღება რომ ჰქონოდა უკრაინას, რუსეთი მასთან ომს ვერ დაიწყებდა. იგივე გაუკეთეს ბუდაპეშტში ბელარუსს და ყაზახეთს. დღეს ბელარუსი რუსეთის პოლიტიკური სატელიტია და ყაზახეთს ხან რუსეთი ეპოტინება, ხან ჩინეთი. რადგან დაიშალა საბჭოთა კავშირი, რადგან კომუნისტური პარტია დასუსტდა რუსეთში, დაიშალა „ვარშავის პაქტი“ და მასში შემავალ ქვეყნებშიც დაემხო სოციალისტური დიქტატურა, იფიქრეს, რომ ესენი უკვე ჩვენები არიანო და მიიძინეს. ჩვენ თუ გადავრჩით და გაიმარჯვეთ, ჩვენმა დატანჯულმა ქვეყანამ, ამ 30 წლიანი ბრძოლისა და წვალებისთვის სარგებელი უნდა მიიღოს. ისე ნუ იზამენ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მყოფებმა, საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნების გამო, წყალში ჩაგვიყარონ ყველაფერი.
– დასავლეთთან დამარცხებული რუსეთის მხარეს არ აღმოვჩნდეთ, მერე ქვეყანას უახლოეს მომავალში, განვითარების აღარანირი პერქსპექტივა აღარ ექნება.
– მაგისგან ღმერთმა დაგვიფაროს. მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და ამის თაობაზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც მოუწოდა ჩვენს ხელისუფლებას. ევროდეპუტატებმა, ევროკავშირის ლიდერმა პოლიტიკოსებმა იგივე უთხრეს და თან არაერთხელ. არ ესმით მაინც, იქით დასცინიან და ლანძღვენ ხან ვის და ხან ვის. ნაცებს ეძახიან ყველა უცხოელ პოლიტიკოსს, დიპლომატს, საქართველოში ყველა ქვეყნის ელჩს, ვინც ხელისუფლებას ეუბნება, რომ ახლა ყოყმანის დრო არ არის და უკრაინის მხარეს უნდა დადგეს საქართველო. არ ყოფნის ეტყობა შალვა პაპუაშვილის ჩასვლა უკრაინაში, ისიც მას მერე, როდესაც სხვა გზა აღარ დაუტოვეს ხელისუფლებას. არც იმის დროა, რომ სააკაშვილი დანიშნა ზელესკიმ უკრაინაში თანამდებობაზე, ან სხვები, ძებნილები ჩვენი სამართალდამცავების მიერ. უთხარი მკაფიო საყვედური ამის გამო უკრაინის ხელისუფლებას, გამოთქვი პრეტენზიები და დაამთავრე ამ ეტაპზე ეს საკითხი. ახლა პინგ-პონგის თამაშის დრო არ არის, ქვეყნის ბედი წყდება და როდესაც ყველაფერი დასრულდება, უკრაინას მერე კიდევ წაუყენე ეგ პრეტენზიები, ამხილე, რაც დააშავეს და სამართლიანობის აღდგენა და ბრალდებულ თუ მსჯავრდებულ ქართველთა გადმოცემაც მოსთხოვე. სააკაშვილმა სასჯელი რომ უნდა მოიხადოს, ამაზე ორი აზრი არც უნდა იყოს, მაგრამ ნუ ალაპარაკებ მთელ მსოფლიოს, რომ სათანადოდ არ მკურნალობ. ჩამოიყვანე უცხოელი ექსპერტები, შეუშვი კლინიკაში, ნახონ, გასინჯონ და დარწმუნდნენ, რომ განზრახ არ კლავ ამ კაცს. მოკლედ, ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდით, ყველა წყენა და დაპირისპირება, ზოგი სამუდამოდ, ზოგო დროებით და ყველა ერთად ამ ისტორიულ შანსს უნდა ჩავეჭიდოთ, რომელიც, შესაძლოა, ბოლო შანსია ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის.
– იმ ხალხს რას ეტყვით, ვინც ამბობს, რომ თუ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა, რუსეთი საქართველოში ომს დაიწყებს და თბილისს აიღებსო?
– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილიცაა და ძნელიც, უფრო სწორედ, ორი სიტყვითაც შეიძლება თქვას კაცმა და ძალიან ვრცლადაც, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის რიტორიკა, მათი ურთიერთ ბრალდებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რაც პოლიტიკური “ლავირების” საშუალებას იძლევა, ორივე მხარეს… ვფიქრობ, რომ დარჩენილ პერიოდში, როდესაც ევროკავშირის მამებმა “ვერდიქტი უნდა გამოგვიტანონ”, ანუ, გვაძლევენ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, იმდენად მცირე დროა, რომ ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია “რამის გაფუჭებას ვეღარ მოასწრებენ”, რადგან თუ რაიმე იყო “გასაფუჭებელი“, უკვე „გააფუჭეს”… აი, ამ მოკლე პასუხით შემოვიფარგლები
– რა რესურსი აქვთ და რა შეიძლება გააკეთონ რუსეთის მომხრეებმა ხელისუფლებაში და მის გარეთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დაბლოკონ? არადა, ოპოზიციას აბრალებენ, თქვენ არ გინდათ ეს სტატუსი და მის არ მისაღებად ყველაფერს აკეთებთო. ამაზე რას იტყვით?
– ოკუპანტი რუსეთის საქართველოში ხელახალი შემოჭრის თავიდან ასაცილებლად, პრევენციისთვის საქართველოს ხელისუფლებას 24 საათის განმავლობაში კონსულტაციები უნდა ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-თან, ევროკავშირთან და მასში შემავალ სახელმწიფოებთან, რომლებიც იარაღით, ფინანსებით, რუსეთისთვის დაწესებული მკაცრი ეკონომიკური და სხვა სახის სანქციებით ეხმარებიან აგრესორ რუსეთთან გმირულად მებრძოლ უკრაინას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით და ამავდროულად, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან უნისონში, რადგანაც ამის გარეშე, საქართველოს დეოკუპაცია და ევროინტეგრაცია არასდროს მოხდება! ღმერთმა არა ქნას , რომ მარტოდ დარჩენილი საქართველო, როგორადაც მაამებლური, “არ გაღიზიანების” პოლიტიკა აწარმოოს რუსეთის მიმართ, აღმოჩნდება ოკუპანტი რუსეთის “ხახაში”, თანაც დანაწევრებული სახით, უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ, ანუ საბოლოოდ მოექცევა რუსეთის გავლენის სფეროში. ხელისუფლებამ ღრმად უნდა გაიაზროს, რომ დღეს, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ასეთი მწვავე ხასიათის არასოდეს ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინის რუსეთი უკრაინაში ებრძვის დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროს და ამ ბრძოლაში, საქართველოს მხრიდან ე.წ. “შუაშისტური პოლიტიკის” წარმოება დამღუპველია, რადგან ასეთი “პოზიციის” შედეგად, აუცილებლად – გარიყული აღმოჩნდება დასავლეთისაგან, როგორც არა ერთგული და არა საიმედო პარტნიორი (იმ დასავლეთის მიერ, რომლის 30 წლიანი მხარდაჭერის გარეშე, საქართველო დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებდა!). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტ რუსეთს სამხედრო შემოჭრა აღარ დაჭირდება, დიპლომატიურად აღმოვჩნდებით მის მკლავებში. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ – საქართველო ევროპულ ინტეგრაციულ პროცესებს არ ჩამორჩეს, ჩვენი ქვეყნის და ხალხის 30 წლიანი ბრძოლა, წყალში არ ჩაიყაროს ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას. ასევე, უნდა განაცხადოს, რომ საქართველო უერთდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს!
მათთვის, ვისაც საღი მსჯელობის უნარი შერჩა და არ სპეკულირებს იაფფასიანი არგუმენტებით, მაგალითად, როგორიცაა – “რა, რუსეთთან ომში ჩართვისკენ ხომ არ მოგვიწოდეებ”და ა.შ. საქმე ის არის, რომ დღეს საქართველო “სულ რომ ფეხქვეშ გაუწვეს” პუტინის რუსეთს, პუტინის მოთხოვნები ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც მას აქვს უკრაინასთან! აი, ეს 4 მოთხოვნა: ა) საქართველოს დენაციფიკაცია. რას გულისხმობს პუტინი ამ ტერმინში? საქართველოს სახელმწიფოს დე-სუვერენიზაციას და დე-ნაციონალიზაციას, ანუ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე (საქართველოს გამთლიანებაზე) უარის თქმას. საქართველოს დემილიტარიზაცია! საქართველო უნდა განიარაღდეს იმ დონემდე, რომ მას არ შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ანუ რუსეთი თავის თავზე აიღებს მისი გავლენის ზონაში მყოფი მეზობლის თავდაცვის უზრუნველყოფას. გ) საქართველოს მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დე-ინტეგრაციაზე დათანხმება, ანუ, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის აღიარება. დ) საქართველოს ნეიტრალიტეტი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნიშან-წყალიც აღარ შერჩება, პუტინის სურვილია, რომ საქართველოს ყოფილი სახელმწიფოსგან დარჩენილი ტერიტორია იყოს ნეიტრალური, რომ საქართველომ ვეღარასოდეს დაიბრუნოს – ვერც სუვერენიტეტი, ვერც დაკარგული რეგიონები და არც იოცნებოს, რომელიმე ევროპული გაერთიანების წევრობაზე! ასე რომ, საქართველოს აწმყო და მომავალი, ჩვენი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების დაცვაზე, ჩვენს მტკიცე და ურყევ ნებაზეა დამოკიდებული! დღეს, უკრაინა და უკრაინელი ხალხი საკუთართან ერთად ჩვენს საკეთებელსაც აკეთებს, რაც ქართველებმა სისხლი დავღვარეთ 1992-93 წლებში და 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, ზუსტად იგივე მიზეზით სისხლს ღვრიან უკრაინელები! დღეს, უკრაინის გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ ქართველებს ტყუილად არ გვიბრძოლია და არ დაგვიღვრია ამდენი სისხლი! ამიტომ, მიზეზთა გამო, თუ იარაღით გვერდში ვერ ვუდგევართ უკრაინას, ქართული სახელმწიფოს და ყველა ქართველის ვალდებულებაა, რომ სხვა მხრივ ყველანაირად დავეხმაროთ მას: პოლიტიკურად, დიპლომატიურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, პიროვნულად, რადგან უკრაინის დამარცხება საქართველოს დამარცხებას ნიშნავს, ხოლო უკრაინის გამარჯვება – საქართველოს გამარჯვებაა!
კომენტარები