ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, უკვე 100 დღეზე მეტია, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ვერ ვიტყვი, რომ რუსეთს სამხედრო წარმატებები არ აქვს, მაგრამ როდესაც ომი დაიწყო, არა მხოლოდ რუსი, ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი და სამხედრო ექსპერტი ვარაუდობდა, რომ რუსეთი მოკლე დროში აიღებდა ჯერ მთელ დონბასის მხარეს და მთლინად აღმოსავლეთ უკრაინას. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ომის 100 დღის შემდეგ, უკრაინა კვლავ ასეთ მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა რუსეთის არმიას. რით ახსნით ამას? უფრო უკრაინელების დამსახურებაა თუ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე უსაფუძვლოდ მაღალი წარმოდგენისა?
– აქ კომპლექსური მიზეზები არსებობს, რომ ომი ამდენხანს მიმდინარეობს და რუსეთმა დასახულ მიზეზს ვერ მიაღწია. პორველ რიგში, ეს უკრაინელთა წარატებული სამხედრო მოქმედებებისა და გაუტეხელი ხასიათია ბრალია. მაღალი საბრძოლო სულისკვეთება, მაღალი მორალური და პატრიოტული მუხტი გააჩნიათ უკრაინელებს და პროფესიონლიზმის მხრივაც, რუსეთზე მეტი შეუძლიათ. საბჭოთა კავშირი მართლა ზესახელმწიფო იყო, რომელთან დღევანდელი რუსეთი ახლოსაც ვერ მივა. მაშინდელი ამერიკაც უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელია. საბჭოთა კავშირის სიძლიერე დიდწილად იყო დამოკიდებული არა მარტო რუსულ ეთნოსზე, როგორც ამის წარმოჩენას დღეს რუსული პროპაგნდა ცდილობს. ამ იმპერიის სიძლიერეში, მის მიერ მოპოვებულ გამარჯვებებში, ლომის წილი უკრაინელ და ბელორუს ხალხს მოუძღვით. ცხადია, არც საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა ქვეყნების დამსახურება უნდა დავივიწყოთ. უკრინელები ისტორიულად ბრძოლაში არასდროს ჩამოუვარდებოდნენ რუსებს და დღესაც ასეა. ამიტომაც იყო, პუტინს უკრაინის დაკარგვისა რომ ეშინოდა, ებღაუჭებოდა და ბოლოს ომიც გამუცხადა, რასაც სამხედრო ოპერაცია დაარქვა. რაც მიღო ამით რუსეთმა, კარგად ვხედავთ. ფაქტიურად, რუსეთის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ თავდაცვით საბრძოლო ოპერაციებზე. ეს რუსეთისთვის ომის წაგების ერთგვარი წინაპირობაა. უკრაინა დღეს რუსეთისგან იცავს მთელ ევროპას.
– ომის დაწყების პირველ ეტაპზე, როდესაც რუსეთმა კიევის მიმართულებით შეუტია და რამდენიმე დღეში გადაიფიქრა უკრაინელთა მოულოდელი წინააღმდეგობის გამო, შემდეგ ზედიზედ რამდენიმე წარუმატებელი ოპერაცია განახორციელა აღმოსავლეთ უკრაინაში. მაშინ რუსეთის მომხრეები ამბობდნენ, რომ რუსეთის არმია ძირითადად საბჭოთა დროინდელი სამხედრო ტექნიკით იბრძოდა, თანამედროვეს ნაკლებად იყენებდნენ და ინდობდნენ უკრაინას. ახლა, ატომური და წყალბადის ბომბების გარდა რუსეთმა მგონი ყველა იარაღი გამოიყენა, რაც არსენალში აქვს. ზებგერითი ბალისტიკური რაკეტებიც, რომლებიც არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჯერ არ გააჩნია, აკრძალული კასეტური, ვაკუუმური და სხვა ბომბები და ქიმიური იარაღიც კი. თან, ინდობენ კი არა უკრაინელებს, ქვა ქვაზე აღარ დატოვეს რამდენიმე ქალაქში, იმდენი ბომბი ჩამოყარეს. რუსებისგან ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა ამ ომში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.
– გეთანხმებით. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. რუსებმა ომის დაწყებიდან მალევე დაინახეს, რომ მათ წინაშე იდგა ძლიერი მოწინააღმდეგე, რომელსაც მაშინ ბევრად აღემატებოდა შეიარაღების მხრივ რუსეთი. გახსოვთ, ცხადია, პირველ ეტაპზე, უპილოტო საფრენი აპარატების „ბაირახტარებისა“ და მსუბუქი თავდაცვითი იარაღის გარდა, უკრაინას ბევრი არაფერი გააჩნდა. უკრაინის თავზე რუსეთის ავიაცია ბატონობდა და უკრაინელები ცის ჩაკეტვას სთხოვდნენ ნატო-ს ქვეყნებს, ან ისეთი იარაღის მიწოდებას, რომლითაც თავად ჩაკეტავდნენ ცას. მერე და მერე მდგომრეობა გამოსწორდა, უკრაინამ არამარტო თავდაცვითი, შეტევითი საბრძოლო ტექნიკაც მიიღო, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და ვითარება ფრონტის ხაზზე რადიკალირად შეიცვალა, ცაც თავად ჩაკეტა და დაასრულა რუსეთის ავიაციის დომინანტობა ჰაერში. რუსეთმა მართლა გამოიყენა ბევრი ისეთი სახის თანამედროვე იარაღი, მათ შორის, აკრძალულიც, რასაც თავად რუსები ვერ იფიქრებდნენ ომის დაწყებამდე. 2014 წელს, ყირიმი უბრძოლველად ჩააბარა რუსებს იანუკოვიჩმა, რადგან არც თავად სურდა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა და არც უკრაინულ ჯარს ჰქონდა ამის თავი. იანუკოვიჩმა გამოფიტა უკრაინის არმია. ნეპოტიზმმა და კორუფციამ შეჭამა ჯარი. იგივე გააკეთა იანუკოვიჩმა, რაც ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში – გაამათხოვრა ჯარი, თვეობით ხელფასებს ვერ იღებდნენ შეიარაღებული ძალების თანამშრომლები, 20 მილიონი დოლარი რომ გვქონდა სამხედრო ბიუჯეტი და რაზე უნდა ილაპარაკო? მაშინ თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და კარგად ვიცი ყველაფერი. ეს მავნებლური ტრადიცია გააგრძელა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც რეპრესიები განახორციელა ჯარში და მეც მოვყევი ამ რეპრესიების ქვეშ. შემდეგ კი გააუქმა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები თავის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით. ეს იყო მძიმე სახელმწიფოებრივი დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩი, უკრაინული ჯარი სამხედრო წინააღმდეგობას არ უწევდა რუსეთის აგრესიას, უკრაინელები არც ყირიმის ანექსიას, არც თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაციას არ შეურიგდნენ და შეიქმნა მოხალისეთა საბრძოლო დანყოფები, რომლებიც დროებით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძოდნენ. შეიქმნა სამხედრო შენაერთი „აზოვი“, ჯერ ბატალიონის სახით, შემდეგ კი მსხვილ საბრძოლო და პროფესიონალურ დანაყოფად ჩამოყალიბდა და უკრაინის შეირაღებულ ძალების სარდლობას დაექვემდებარა. ეს უკვე მოხდა პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს. პოროშენკომ ბევრი გააკეთა. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაძლიერდა მისი პრეზიდენტობის დროს. მაშინ უკრაინულმა სამხედრო ძალებმა შესძლეს თავიანთი ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, უკრაინელთა შეტევითმა ოპერაციებმა შედეგად ის მოიტანა, რომ ამ ომის დაწყებამდე აკონტროლებდნენ ლუგანსკის ოლქის 50 პროცენტს და დონეცკის ოლქის 60 პროცენტს. აქვე არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც უკრაინელებს ყველაზე კარგად გამოსდით-პარტიზანული ბრძოლა. შეიძლება ითქვას, სისხლი გაუშრეს რუსებს უკრაინელმა პარტიზანებმა, უდიდესი ზიანი მიაყენეს რუსეთის ჯარს ცოცხალი ძალის თუ სამხედრო ტექნიკის დანაკარგების მხრივ. არ დაგვავიწყდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, უკრაინელი პარტიზანები ჯერ სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ ნაცისტური გერმანიის ჯარებს, შემდეგ ბოლშევიკურ საბჭოთა არმიას. უკრაინელი პარტიზანების ბრძოლა 1960-იან წლებამდე გრძელდებოდა, როდესაც მეორე მსოფლიო ომი 1945 წელს დასრულდა. უკრაინელი პარტიზანების მეთაური სტეფან ბანდერა 1959 წელს მოკლეს მიუნხენში საბჭოთა სპეცსამსახურებმა, ხოლო უკანასკნელი პარტიზანული რაზმი 1965 წელს გაანეიტრალეს. სტალინმა დასავლეთ უკრაინში მოახერხა მსხვილი პარტიზანული ჯგუფების ლიკვიდაცია და განეიტრალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასავლეთიდან ყოველგვარი მომარგება შეუწყვიტეს პარტიზანებს. 1965 წლამდე მაინც იბრძოდნენ უკრაინელები საბჭოთა კავშირის სამხედრო და პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ. ამით კარგად ჩანს უკრაინელთა გაუტეხელი სული და დღესაც, პარტიზანული მოძრაობა რუსეთს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
– თუმცა, დღეს ლუგანსკი, ფაქტიურად, რუსების ხელშია და დონეცკის დასაპყრობად რამდენიმე სტრატეგიული ქალაქის აღებაღა დარჩათ. თუმცა, მგონია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც რუსებს აქვთ დაკავებული და დაიკავებენ უახლოეს დღეებში, ის ტერიტორიები დარჩებათ. უკრაინელები დათმობას არ აპირებენ, ყველა დაკარგული ქალაქისა და სოფლის დაბრუნებას აპირებენ და მათი ეს ქადილი საფუძვლიანი ჩანს იმ ფონზე, როდესაც დასავლეთიდან დიდი სამხედრო და ფინანსური დახმარება მიიღეს. მათ შორის, უკვე ამოქმედა ამერიკული „ლენდ ლიზის“ პროგრამა. რას იტყვით?
– რუსებმა, ფაქტიურად, ლუგანსკის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს, დონეციკის სრულად გასაკონტროლებლად კი ასაღები დარჩათ კრემატორსკი, სლავიანსკი და ავდეევკა. კი, ბატონო, ახლა ომის ახალი ეტაპი იწყება. უკრაინამ ახალი შეიარაღებაც მიიღო და უკრაინის სამხედრო დოქტრინით გათვალისწინებული სიღრმისეული დივერსიული ოპერაციებისა და პარტიზანული მოძრაობების გაფართოება დაიწყო. პარტიზანები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებშიც იმოქმედებენ და სერიოზულ ზიანს მოუტანენ მტერს. ერთხელაც ვიტყვი, პარტიზანული ბრძოლა უკრაინელებს სისხლში აქვთ. ჯერ, შეიძლება ითქვას, ყველაფერი წინ არის. უკრაინელები გოჯი მიწის დათმობას არ აპირებენ და წინ დიდი ბრძოლები გველის.
– უკრაინამ რაც ახალი შეიარაღება მიიღო, რომელთაც უკრაინის სასარგებლოდ ბრძოლის სურათის შეცვლა შეუძლიათ, მათგან რომელს გამოყოფდით?
-გამოვყოფდი ამერიკულ m 143 ტიპის „ჰიმერსების“ საარტილერიო სისტემებს. ზეზუსტი, ჭკვიანი საარტილერიო სისტემების კატეგორიას მიეკუთვნება. მისი დამიზნების სიზუსტის ცდომილება 5 მეტრს არ აღმატება. მეორეც, ეს არის კომბინირებული სისტემები. მათ შეუძლიათ ზალპური საცეცხლე საარტილერიო დარტყმების მიყენება 6 სპეციალური ლულის მეშვეობით და ასევე, სპეციალური მოდულის შეცვლით, შუძლია m 30 da m 31 ტიპის სარაკეტო სისტემებიდან დარტყმის მიყენება მოწინააღმდეგისთვის. ორმაგი მისიის შესრულება შეუძლია. სხვათშორის, „ჰიმერსების“ სარაკეტო დარტყმის სიზუსტე უფრო მაღალია, ვიდრე რუსული „ისკანდერებისა“ და ანალოგიური რუსული ზალპური საარტილერიო სისტემა „სმერჩისა“. „ჰიმერსს“ რაკეტის სროლის სიშორე 300-330 კილომეტრი აქვს, ხოლო ზალპურისა-70-80 კმ. ამ იარაღით უკრაინულ არმიას შეეძლება, ღრმა ზურგიდან, როგორც ხარკოვის, ასევე, დონეცკი-ლუგანსკისა და ხერსონის მიმართულებით, რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო ბატარეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რუსეთს კომბინირებულად ასეთი იარაღი არ გააჩნიათ. რუსეთის არმიას, შეიძლება ითქვას, შიშის ზარს სცემს, ამერიკელების მიერ უკრაინისთვის გადაცემული m 777 თვითმავალი შორსმსროლელი ჰაუბიცების გადაცემაც.
– უკრაინა ზის დასავლეთის, ნატო-ს წევრი ქვეყნების იარაღზე, ფულზე, ამ ქვეყნების გენერლები და ოფიცრები კონსულტაციებს უწევენ უკრაინელ სამხედროებს და სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაშიც ეხმარებიან, ბევრი მართგანი კიევში ზის სამხედრო გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში და ეს ყველასთვის ცნობილია. უკრაინა მთლიანად დამოკიდებულია ნატო-ზე. მისცემენ ნატო და მისი წეევრი ქვეყნები „ჰიმერსებით“ რუსეთის ტერიტორიების დაბომბვის უფლებას უკრაინას? ამერიკა საკმაო ხანს იმიტომ არ აძლევდა „ჰიმერსებს“ უკრაინას, რომ შიშობდნენ, ამ ირაღით უკრაინელი სამხედროები იერიშს მიიტანდნენ არა მხოლოდ რუსეთის მოსაზღვრე, არამედ შორეულ ქალაქებზეც. როგორ ფიქრობთ, გადაიტანს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ომს?
– ამერკელებისა და უკრაინის მოკავშირე სხვა ქვეყნების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინამ არ გადაიტანოს ომი არც „ჰიმერსების“, არც სხვა საბრძოლო საშუალებებით. „ჰიმერსებით“ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ჩატარება და წარმატების მიღწევაა შესაძლებელი იმ რეგიონებში, სადაც რუსეთს აშკარა უპირატესობა აქვთ. ამერიკელებმა რუსებს მისცეს მცირე სიშორის, 70 კილომეტრიანი მანძილის რაკეტები და უკრაინელებს ამ რაკეტებითაც შეუძლიათ რუსეთის სასაზღვრო რაიონებს მისწვდნენ. მხოლოდ 30-40 კილომეტრშია უკრაინიდან რუსეთი საზღვარი. უკრაინის მთავარსარდლობას ეყოფა გონიერება, რომ ბოლომდე იბრძოლოს იმ მიზნებისთვის, რაც დასახული აქვთ და რისთვისაც ეს შეიარაღება გადაცეს. ხაზგასასმელია უკრაინისთვის გერმანიისგან გადასაცემად გამზადებული რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვითი სიტემები, რომლებიც სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებისგან დიდ ქალქებსაც დაფარავს. ეს ყველაფერი თანაფარდობას სერიოზულად შეცვლის ამ ომში უკრაინის სასარგებლოდ.
– უკრაინა და რუსეთი უკვე ღიად აცხადებენ, რომ ეს ომი დიდხანს გასტანს? მაინც, სადამდე გაგრძელდება? 2-3 წელი თუ უფრო მეტხანს?
– ვფიქრობ, წელიწნახევარი მაინც გასტანს ეს ომი. შესაძლოა, გარკვეულ პერიოდში, აქტიური ფაზები შენელდეს, როგორც ხდება კონვენციური ომების დროს და შემდეგ კვლავ ძველებურად გააქტიურდეს საბრძოლო მოქმედებები. ახლა ფართომასშტაბიანი კონვენციური ომია რუსეთსა და უკრაინას შორის, ფრონტის ხაზი 3 ათას კილომეტრზეა გაჭიმული, თუმცა, ზიგზაგურად. თუმცა, სამართლებრივ შეფასებას არც ერთი მხარე არ აძლევს ამ ომს. ძირითადად, ამ ფრონტის ხაზზე გამოიყოფა ხუთი საბრძოლო მოქმედებების თეატრის ზონა. ერთი საზღვაო კომპონენტია. დანარჩენი ოთხი გახლავთ, ხარკოვის საბრძოლო მოქმედებების თეატრის ზონა, მეორე – დონბასი, ლუგანსკი-დონცკის ხაზი იზიუმიდან ავდეეეკმდე. მესამეა ავდეევკა-ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზი და მეოთხეზე ეს არის ნიკოლაევი-ხერსონის მიმართულება. საზღვაო კომპონეტის, შავი ზღვის აკვატორიაში შეზღუდულად მიმდინარე სამხედრო ოპერციების ჩათვლით, ხუთი საბრძოლო მოქმედებების თეატრის ზონაა დღეს უკრაინის ფრონტის ხაზზე. შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარი ექსკლუზივია, რადგან ჩვენთან ჯერ ასე არავის არ დაულაგებია ეს 5 საბრძოლო მოქმედების თეატრის ზონები.
კომენტარები