გიორგი ჯავახაძე, ალია
ნაციონალური მოძრაობის წევრები უკვე 8 თვე ხდება, ყოველ დღე იმეორებენ, მიშას კლავენო, თუმცა, ორჯერ გამოიყვანეს ხალხი გარეთ და ლეიბებით, საბნებით, კარვებით მისული ხალხი უკან მიაბრუნეს სახლებში, მერე კი თავს იქებდნენ, ამდენი ხალხი ისე კარგად დავშალეთ, ერთი გადაცდომაც არ მომხდარაო. ხალხი კარგად დავშალეთ და ხალხი ვერ გამოგვყავსო…
„ალიას” ესაუბრება ყოფილი ძალოვანი, რომელიც გასაგებ მიზეზთა გამო, ვინაობის გამჟღავნებაზე უარს ამბობს:
„თავდაპირველად ენმ-ის მომხრეები ნიკა მელიას ადებდნენ ხელს და ყველაფერი მას ბრალდებოდა, პარალელურად, გამოდიოდა ხმები, რომ აი, ლევან ხაბეიშვილმა აგინა მელიას და ახლა ნახეთ, რას იზამს ხაბეიშვილი! მერე თქვეს, რომ ხაბეიშვილს არ აქვს ენმ-ის ფულზე წვდომა, თორემ, “აქეთ გორასა წიხლს კრავს და იქეთ გორას ძვრას უზამს”.
სიმართლე ისაა, რომ ასეთი იაფი აქციები არასოდეს, არც ერთ პარტიას დაჯდომია, ვგულისხმობ იმ ორ აქციას, რომელიც დაანონსეს, გამართეს და სამ საათში დაშალეს. სვანეთიდან ორჯერ ჩამოვიდნენ ჩემი ნათესავები და მეგობრები თავისი ხარჯით, ფიქრობდნენ, რომ გაგრძელდებოდა აქციები, საჭმელი, კარვები ჰქონდათ მომარაგებულნი და სამ საათში უკან გაუშვეს. სამეგრელოდან არაერთი ადამიანი ჩამოვიდა თავისი ხარჯით. შემდეგ ე.წ. უწყვეტი აქციები რომ დაიწყეს, იქაც ძალიან ხელმომჭირნედ იქცეოდნენ, მოდი, სიმართლე ვთქვათ, ხელმომჭირნეობაა, როცა თანხას ზოგავ და როცა აქციაზე მოსული ადამიანი რომ ღამე რჩება, შენ სახლში მიდიხარ და იბარებ, თითო ლობიანი და თითო წყალი ეყოფათო – ეგ სიძუნწეა. რამდენიმეს სიგარეტი გათავებია და უთხოვიათ და თურმე, თუ სამშობლო გიყვარს, უსიგარეტობაც უნდა აიტანოო და თავად აიტანონ სამშობლოს სიყვარულით უფულობა, თავად იმყოფინონ დღეში ერთი ლობიანი, ნუ იყიდიან ბრენდებს, აჩვენონ მაგალითი და თავად დარჩნენ ღამით კარვებში. არც ეგ უნდათ და არც ფულის დახარჯვა.
რეალურად, ენმ-ის ფული დღეს არც ნიკა მელიას ხელშია, ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია. ვინც ცოტა უკეთ იცნობს პარტიაში სიტუაციას, ყველამ იცის, რომ ნიკა მელია მარტო ამ ფულს არ აკონტროლებს, თუმცა, მის განკარგვაში მცირე მონაწილეობას იღებს. სწორედ ამიტომ, რთულია მხოლოდ მელიას დაადო ხელი, რას აკეთებენ სხვები? ყველა გაყიდულია? ყველა გაყიდული როგორ იქნება? ხმას რომ არ იღებენ, ესე იგი, ასეა საჭიროო, ფიქრობდნენ რიგითი ამომრჩევლები. აქამდე ოპოზიცია ამომრჩეველს პირდებოდა მაინც, ეუბნებოდა, რომ ცოტაც მოეცადა და რაღაცა იქნებოდა, ცოტაც მოეცადათ… ახლა მაგასაც არ ეუბნებიან ხალხს, სხედან პარლამენტში და ოცნების ცირკში იღებენ მონაწილეობას, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, პრემიერი გააბრაზეს, თურმე და მერე? გაბრაზებული ღარიბაშვილი არ გვინახავს ჯერ? ხომ არ სჯობდა, გაერკვიათ, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, რამდენი თავშესაფარი გვაქვს დარჩენილი? რამდენი გაჩუქდა? რამდენია დარჩენილიდან ვარგისი? ჩემი ინფორმაციით, არც ერთი! ამაზე ხელისუფლება რომ სდუმს, გასაგებია, მაგრამ რატომ არ საუბრობს ამაზე ოპოზიცია? თავდაცვის საპარლამენტო კომისიაში ხომ ოპოზიციის წევრები არიან? რატომ არ საუბრობენ ამაზე?
მოკლედ, თემას მივუბრუნდები და ოპოზიცია სულ მიჩუმდა, ბოლო წლებია სულ იმას გაჰყვიროდა, არ გვინდა ჩვენ რევოლუცია, არჩევნებით უნდა მივიგოთო. მას შემდეგ რაც ყველასთვის ცხადია, რომ სასამართლო ნულია – რა აზრი აქვს არჩევნების ჩატარებას? როგორ შეიძლება კორუმპირებული, კლანური სასამართლოს პირობებში, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად? მაშ, რა უნდა ოპოზიციას? ახლა გაიძახიან, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ვმუშაობთო, მათ უნდა გავაგებინოთ ვინაა ბიძინაო. ანუ, მელია ჩავა ამერიკაში და ისეთ რამეს იტყვის იქ ბიძინაზე, რაც ამერიკის დაზვერვამ არ იცის?
რეალურად, კი, ნამდვილად ბევრი რამეა ამერიკაზე დამოკიდებული და არც სააკაშვილი თავისით ჩამოსული ქვეყანაში, ისიც რაღაც დროს ელოდება, მაგრამ თუ ოპოზიციის აქტიურობა არ დაინახა, რას იზამს ამერიკა? ჩადის ოპოზიცია და ეუბნება, ვერ გამომყავს ხალხიო, გამოვიდა და დავშალეო კი არა… ხოდა, რა ქნას, ამერიკელები ჩამოიყვანოს და ისინი გაიყვანოს აქციაზე? რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო პოლიტიკა შეცვალა და ახალი ტრენდი შექმნა – მართალია, ზოგი ქვეყანა ვერ ამბობს უარს რუსულ ენერგორესურსზე ამ ეტაპზე, მაგრამ ამის დაპირებას მაინც იძლევა, რადგან პუტინმა მოახერხა ის, რომ რუსეთის მხარეს ყოფნა სამარცხვინო გახდა. ამერიკამ ლენ ლიზის პროგრამა აამუშავა, ოფიციალურად ამარაგებს სრულად უკრაინას და თან იგივე ამერიკა არის საქართველოს პარტნიორი და უამრავ ქართულ პროექტში დებს ფულს და ამ დროს საქართველოში ღიად პრორუსული ხელისუფლებაა. კიდევ უფრო რომ ჩავშალოთ, ამერიკა დღეს საქართველოში იმ ხელისუფლებას უხდის ფულს, რომელიც პრორუსულია? გამოდის, ამერიკა არაპირდაპირი გზით აფინანსებს პრორუსებს საქართველოს ხელისუფლების სახით და ამას ამერიკას აუცილებლად წამოაძახებენ! გამოდის, ამერიკა სხვებს მოუწოდებს არ ჩადონ ფული პრორუსულ საქმეებში და აგერ, მის პარტნიორ ქვეყანაში ზის პრორუსი ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას, თავზე დაიმხო ქვეყანა, გაანადგურა სასამართლო სისტემა სრულად და ამერიკა მის მთავრობას კიდევ აფინანსებს? ამერიკა უკრაინას ეხმარება ამ ომში და აქეთ აფინანსებს ხელისუფლებას, რომელიც ღიად ილაშქრებს უკრაინის წინააღმდეგ? ამერიკა ამბობს, რუსეთი ამ ომში დამარცხდებაო და ამ დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი პარტნიორი ქვეყანა, ვის ხელისუფლებასაც აფინანსებს, სანქციების თავის არიდებაში ეხმარება რუსეთს? სხვათა შორის, დასავლეთის და ამერიკის ლანძღვა არ შეუქმნიდა ამერიკას ამდენ პრობლემას, რამდენიც უკრაინის, პირიქით, დაფინანსებას და ლობს გაზრდიდა, ახლა კი, ამ ომმა პოლიტიკა ღია გახადა, ან უკრაინის მხარეს ხარ, ან რუსეთის, სხვა მხარე არ არსებობს.
რას იზამს ამერიკა? ქვეყანას შეუწყვეტს დაფინანსებას? თუ ოლიგარქს დაასანქცირებს? გამოითქვა მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილს თუ დაასანქცირებს, მთავრობაც უნდა დაასანქციროს, ეგ ტყუილი ივანიშვილის მოგონილია, ივანიშვილის დასანქცირებიდან 2 საათიც არ იქნება გასული, რომ „ოცნების“ ლიდერები გარანტიების სანაცვლოდ იტყვიან, რომ ივანიშვილი მათ რაღაცებს აიძულებდათ და გაემიჯნებიან… მაგრამ…
მივადექი მთავარ სათქმელს, საქმე ისაა, რომ „ოცნების“ ყველა ლიდერი ვერ მიიღებს ამ გარანტიებს, ვერც ყველა მოსამართლე, ვერც ყველა პროკურორი, ვერც ყველა მინისტრი, საქმე ისაა, რომ ბიძინას დახმარებით, ბოლომდე ხრავენ ბიუჯეტს და ეს გზა ჩაეკეტებათ, საქმე ისაა, რომ ზოგი ტენდერებით, ზოგი ბიზნესით და ზოგს კიდევ კონვერტით მისდის ფული და ამის დაკარგვა უნდათ? ამიტომ „ოცნების“ ეს ძალა ყველაფერზე წავა, არეულობით დაწყებული, რუსის ჯარის შემოყვანით დამთავრებული. პრობლემა ისაა, რომ სამწუხაროდ, ჩემი ინფორმაციით, არც ოპოზიციაა არეულობის წინააღმდეგი – რადგან მღვრიე წყალში თევზის დაჭერაც ადვილია, გაშვებაც, მოკვლაც და გადამალვაც. იმედი აქვთ, ამ არეულობით გადატვირთვა მოხდება და ცოდვები ჩამოეწერებათ – უკანონო გარიგებები, გაყალბებაში მიღებული მონაწილეობა, ბიზნეს ინტერესები და ა.შ. სწორედ ამიტომ, არც ოპოზიცია უტოვებს დასავლეთს სხვა გზას, გარდა კრიტიკული ნაბიჯებისა და თან მართლა ყველამ იცის ეს ნაბიჯები რას გამოიწვევს.
აქვე ერთ ისტორიას მოგიყვებით, რათა მიხვდეთ, რა ოდენობის თანხებზეა საუბარი და თავად მიხვდებით, რა აქვს დასაკარგი „ოცნებას“ – ერთი პატარა რეგიონის ერთ პატარა სოფელში, გამგებელს ჰქონდა კერძო პირის ვალი, 150 000 ლარი, სახლი ააშენებინა და ამის ფული ჰქონდა გადასახდელი გადაწყვიტა, ეს ფული გადაეხადა ჩვენი ჯიბიდან, გამოაცხადა ორი ტენდერი ერთ უბანში გზის სამუშაოებზე, კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო, გარიგებული იყო ცხადია, არაფერი გაკეთებულა, 195 000 გადაირიცხა ბიუჯეტიდან, გამოიტანეს და მისცეს გამგებელთან დაახლოებულ პირს, რომელსაც უნდა მიეტანა მევალესთან 150 000 და დარჩენილი ფულით ბიჭები “ლუდს” იყიდნენ, რადგან მათზე დგას რაიონში არჩევნები და საჭირო ხალხია მთავრობისთვის. საქმე ისაა, რომ, ვისაც თანხა მისცეს, ის მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წავიდა ევროპაში და ამ თანხიდან ტაქსის ფულიც არ ჩამოყვა. გამგებელს ვალი გადახდილი ჰგონია, ქურდის ქურდი კი ცხონდა. ეს ამბავი მაშინ გასკდა, გამგებლის მევალემ, პატიოსანმა, მშრომელმა მშენებელმა ვალი მოითხოვა, თავიდან ეცადნენ მისთვის „შეეტენათ”, მოტანილი გვაქვს ეგ ფულიო, მაგრამ გადმოიღო ამ კაცმა ორლულიანი თოფი და თქვენც დაგხოცავთ და თავსაც მოვიკლავო, უთქვამს. საქმე ისაა, რომ ამ მშენებელმა თავისი სახლი დააგირავა, რომ მასალები ეყიდა და სახლსაც კარგავდა. ეს ამბავი გასულ წელს მოხდა. წარმოიდგინეთ ახლა, 5 წუთში მოიფიქრეს, როგორ მოეპარათ 195 000 ლარი და ეს გაბედა ერთი პატარა სოფლის გამგებელმა, რასაკვირველია, რაიონის მერებსაც მისდით წილი, ყველაფრიდან ფულს აკეთებენ, ყველა წერტილიდან იპარავენ და ამას უკვე იმდენად ღიად აკეთებენ, რომ გლეხიც ხედავს… სადაა ოპოზიცია? საქართველო პატარაა და ოპოზიციონერთა ნაწილიც იქაა, ტენდერებში, ბიზნესებში…
და ბოლოს, გეტყვით, რომ ხალხი არც ბრმაა და არც ყრუ, ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, ამიტომაც, ენმ -ის მომხრეებში უკვე დაიწყეს საუბარი ოპოზიციის მოშორებაზე, მესამე და ნეიტრალური ძალა კი არა, ოპოზიციის ოპოზიცია იქმნება ამასობაში და ეს ძალა იმდენად რადიკალურია, მათი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის ოჯახსაც კი ადანაშაულებს დაგვიანებულ რეაქციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძალის მთავარი ლოკომოტივი სააკაშვილია და არა ვინმე სხვა! ხმები იმის შესახებ, რომ სააკაშვილი საერთოდ ახალ ძალას შექმნიდა და თავად ჩარეცხავდა ნაცებს, დიდი ხანია ისმის, თუმცა, ახლა მოქმედებაც დაიწყო – მოასწრებს ეს ძალა მოქმედებას მანამ, სანამ ამერიკა ნაბიჯს გადადგამს? დადებს ფსონს დასავლეთი ოპოზიციის ოპოზიციაზე? – მე პირადად, არ მგონია, არეულობას ნამდვილად ეს სცენარი მირჩევნია, მაგრამ არ მგონია მოახერხონ ორი ძალის, ენმ-ის და „ოცნების“ პოლიტიკური დამხობა, როგორც ამას, მათი ნაწილი უკვე ღიად იმუქრება.”
კომენტარები