ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ განუცხადა უკრაინის მხარდამჭერ დასავლეთის სახელმწიფოებს – მოუხსენით რუსეთს სანქციები და უკრაინის პორტებს განვბლოკავთ, უკრაინას მივცემთ საშუალებას, საკუთარი ხორბალი გაიტანოს ევროპაში გასაყიდადო. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, ნახევარი ევროპა უკრაინის ხორბალაზეა დამოკიდებულიო. როგორ ფიქრობთ, გაზის გარდა, პუტინმა კიდევ ერთი ბერკეტი მოიპოვა დასავლეთზე ზეწოლისა და შანტაჟისთვის?
– კი, 23-25 მილიონი ტონა ხორბალი აქვს გასაყიდი უკრაინას. პუტინს გაზისა და ამ უკრაინული ხორბლის გარდა, კიდევ ბევრი ბერკეტები აქვს. ომამდელი და დღევანდელი რუსეთი რომ ავიღოთ, ცხადია, მათი შედარება არც კი შეიძლება. კი, დასუსტდა რუსეთი ამ სანქციებით, მაგრამ რესურსები კიდევ აქვს. გაზს და ნავთობს შეზღუდულად, მაგრამ მაინც ჰყიდის. ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტი, როგორც ვარაუდობენ, დიდი დარტყმა უნდა იყოს რუსეთისთვის. უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს ვერ მოუხერხეს ვერაფერი. ევროკავშირმა ფულიც შესთავაზა უნგრეთს, მაგრამ ორბანი ვერ დაიყოლიეს ახალი სანქციების მხარდაჭერაზე. ევროკავშირის საგარეო მინისტრების სამიტი იქნება მალე და იმედოვნებენ, რომ იქ მიაღწევენ კონსენსუსს. ორბანს უნდა, რაც შეიძლება მეტი ფული წაართვას ევროკავშირს, შანტაჟზეა ორბანი. ბრიუსელს სხვა გზა აღარ დარჩა, გადაუხდიან, რამდენსაც თხოულობს ორბანი. უკრაინული ხორბალი მაინც დროებითი ბერკეტია რუსეთისთვის, უფრო მნიშვნელოვანი მაინც გაზია. ვერ ამბობს ევროპა რუსულ გაზზე სრულად უარს. ყოველდღე 1 მილიარდი დოლარი და ცოტა მეტიც შესდის რუსეთს ბიუჯეტში გაყიდული გაზის საფასური. ცოტა ფულიც აქვს დარეზერვებული, გაზის გარდა სხვა პროდუქციასაც ჰყიდის და იქიდანაც აქვს შემოსავალი. არ არის ისე საქმე, ჩვენი ტელევიზიები რომ აცხადებდნენ, სანქციებიდან ერთ თვეში გაკოტრდება რუსეთიო. ამ ფულით აფინანსებს უკრაინაში ომს და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს. სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი, ლიმანი, ფაქტიურად, რუსებმა აიღეს. ლიმანი აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინაში დამაკავშირებელ გზას კეტავს. ბევრია დამოკიდებული სევეროდონეცკზე. ეს ქალაქიც თუ აიღეს, უკრაინულ სამხედრო შენაერთებს ალყაში მოაქცევენ და სრულად გააკონტროლებენ დონბასს. შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ჯერ რუსეთი იმაზე მყარად დგას, ვიდრე ბევრი ელოდა. შემთხვევითი მომენტები ისე არაფერს არ ცვლის, იმდენი მნიშვნელობა არსად არ აქვს, როგორც ომში. ამერიკა აქამდე ძალიან ფრთხილად იყო, თავს იკავებდა ზალპური სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე, რომლებიც 300 კილომეტრზე ანადგურებს სამიზნე ობიექტს. უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, “სი-ენ-ენ-მა“ და „ნიუ იორკ-თაიმსმა“ გაასაჯაროეს ინფორმაცია, რომ ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, უკვე მიაწვდის ამ სისტემებს უკრაინას. აქამდე თავს იმიტომ იკავებდა, რომ უკრაინელებს რუსეთის ქალაქები არ დაებომბათ. რუსეთის მოსაზღვრე ქალქებს მცირე რადიუსის „ჰაუბიცებით“ და სხვა საარტილერიო იარაღითაც მიწვდებიან უკრაინელები, 30 კილომეტრშია საზღვარი და აქვთ ისეთი იარაღი, რომლებითაც ამ მანძილზე საფრთხეს შეუქმნიან რუსეთის მოსაზღვრე ქალაქებს. არ ვიცი, პირობა დადო უკრაინის ხელისუფლებამ, რომ ამ სისტემებით რუსეთის შორეულ ქალაქებს არ დაბომბავენ და ამით დაიყოლიეს ამერიკა? ეს იარაღი უკრაინას გამოადგება, ღრმა ზურგიდან, ზოგიერთ შემთხვევაში დასავლეთ უკრაინიდანაც კი, დაბომბოს რუსული სამხედრო შენაერთებს და ხერსონი იქნება თუ სხვა ქალაქები, შესაძლოა, ამგვარად დაუბრუნონ. თუმცა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დროულად უნდა მოხდეს ამერიკიდან, ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდანაც. აგერ, გერმანიის ბუნდესტაგმა, აპრილის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის მძიმე არტილერიის მიწოდების შესახებ. ახლა განაცხადა გერმანიამ, ივლისში მივაწვდით ამ იარაღს გერმანიასო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, კულება გამოვიდა და სულ დედა იგინა. მართალია კულება. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დროულად, საჩქაროდ უნდა მოხდეს, ყოველი დღე დაგვიანებულია. მარტო იარაღის მიწოდებაზე განცხადებები და გადაწყვეტილებები არ კმარა, სიტყვას მყისიერად უნდა მოჰყვეს საქმე, თორემ მერე გვიანი იქნება. ეს ევროპაც ორად არის გახლეჩილი. ძველი ევროპა, გერმანია, საფრანგეთი და იტალია მაინც ითხოვენ, რომ მოლაპარაკება იყოს პუტინთან, მაინც რუსეთისთვის რაღაცის დათმობაზე ლაპარაკობენ. 99 წლისაა ჰენრი კისინჯერი და დავოსში გამოვიდა და განაცხდა, რუსეთს უკრაინის რაღაც ტერიტორიები უნდა დავუთმოთო. ამერიკელია კისინჯერი და ამას ამბობს და ევროპისგან რა გასაკვირია, რომ ხშირ შემთხვევაში ისე ხისტად არ მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც საჭირო და აუცილებელია? არ არის ევროპაში ერთსულოვნება. დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ძირითადად ესენი არიან რუსეთის ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეები, უკრაინის ყველანაირად მხარდამჭერები და აქედან დიდი ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი. აი, როდესაც ნავთობისა და გაზის ემბარგოზეა ლაპარაკი, აქ ვერ აღწევენ კონსენსუსს. სლოვაკეთი იმპორტირებული გაზის 85%-ს რუსეთიდან ყიდულობს, ავსტრია 87%-ს, უნგრეთი 60%-ს, გერმანია და იტალიაც ვერ არიან ამ მხრივ წელში გამართულები. რუსული გაზი კი იაფია სხვა ქვეყნების გაზთან შედარებით, ფული ბევრს წყვეტს. ევროპამ რუსული გაზის მოხმარება ხომ შეამცირა ბოლო 2 თვეში და იცი, რა მოხდა? მიადგნენ სარეზერვო გაზსაცავებს და თითქმის სრულად მოიხმარეს. ფაქტიურად, მარაგიც არ აქვთ. ვიმეორებ, დასუსტდა რუსეთი, მაგრამ ჯერ მარაგები აქვს. რუქას დახედე, რა. ორი ჩინეთის ტოლია და სამი ევროკავშირისა. კი, გაუჭირდა, მაგრამ ჯერ ადრეა რუსეთის დაჩოქებაზე ლაპარაკი.
– უკვე რუსი სამხედრო ექსპერტებიც კი აცხადებენ, რომ ეს ომი დიდხანს გასტანსო, თქვენ რა პროგნოზი გაქვთ?
– კი, სავარაუდოდ ეგრე იქნება, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს, ეს არავინ იცის. რუსეთის ხელისუფლებაც განაცხადა, რომ ამ ვარიანტისთვის მზად არიან. თუმცა, დიდი პრობლება აქვთ. ადრეც გითხარი,რუსული სამხედრო თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ტანკების, სხვა ჯავშანტექნიკის და კიდევ უამრავი სახის შეიარაღებაში, უცხოური, ძირითადად ევროპული ნაწილებია გამოყენებული. რუსეთში სამხედრო წარმოება დიდწილად შეჩერებულია, რუსეთში ბევრი სამხედრო ქარხანა გაჩერდა. ალტერნატივა ჩინური სამხედრო კომპონენტებია, მაგრამ ჯერ ჩინეთი არაფერს აწვდის რუსეთს, ევროპის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევას არ აპირებს. თუ მაინც მიაწოდა, ჩინური იარაღი ევროპული არ არის, ბევრად უხარისხო და არასაიმედოა. შესაბამისად, ის ჩინური სამხედრო კომპონენტებიც არასაიმედოა, რისი დეფიციტიც რუსეთს აქვს. ასეთ პირობებში გრძელვადიანი ომის წარმოება გაუძნელდება რუსეთს. მით უფრო მას მერე, რაც „ლენდ ლიზის“ პროგრამით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა და ასევე, ბრიტანეთისა და ევროპული ქვეყნების მიერ შეპირებულ მძიმე და შეტევით შეიარაღებას. რუსეთი უკრაინაში ყველაფერს ანადგურებს, ბომბავს ქალაქებს და მიწასთან ასწორებს ყველაფერს. რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა, არტილერიითა და რაკეტებით იბრძვის, რადგან სახმელეთო ბრძოლები ვერ მოუგო უკრაინელებს, ყველა კონტაქტური ბრძოლა წააგო. გრძელვადიან ომზე ვლაპარაკობთ, უკრაინელებიც ამას ამბობენ, შეიძლება წლები გაგრძელდეს ომიო, მაგრამ როდემდე? ეს ხალხი უკრაინის ქალაქებში როდემდე იცხოვრებს მეტროებში, სხვა თავშესაფრებსა და სარდაფებში? ადრე თუ გვიან, დასრულდება ომი, დაბრუნდებიან ლტოლვილები უკრაინაში და მოუწევთ ამ დანგრეული ქალაქების აღდგენა. რუსები უკრაინაში ხელისუფლების შეცვლაზე აღარ ფიქრობენ, იანუკოვიჩის პრეზიდენტად მოყვანა დარჩა შეუსრულებელ გეგმად. ანადგურებენ ქალაქებს იმიტომ, რომ უკრაინის აღდგენა მერე ძვირი დაჯდეს და ეს ფული ევროკავშირმა და ამერიკა-ბრიტანეთმა უნდა გადაიხადონ.
– ბატონო სოსო, ზაფხული უცებ გაირბენს და უცებვე მოვა შემოდგომა, საკუთარი მოსახლების გაყინვის შიშით, ევროკავშირის ქვეყნები სანქციებს ხომ არ მოუხსნიან რუსეთს? ხომ დიდი შანსია, შუა ზამთარში რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს?
-კი, ზამთარი მალე მოვა, გაზსაცავები ცარიელია ევროპაში. ამცირებს ევროპა გაზის შეძენას რუსეთისგან, მაგრამ გაზი ძვირდება და რუსეთის შემოსავლები არ კლებულობს. ევროპას უწინდელზე ნაკლებ გაზს აწვდის, მაგრამ მეტ შემოსავალს ღებულობს რუსეთი. რაღაც ჯადოსნური წრე შეიკრა რუსეთის სასარგებლოდ. ევროპა ამბობს, წლის ბოლომდე 3/4-ით უნდა შემცირდეს ჩვენთან გაზის მოპოვებაო, მაგრამ იმ 1/4-ით იმდენს ფულს მიიღებს რუსეთი, რასაც ადრე ღებულობდა, სანქციებამდე. გაზის დეფიციტი შეიქმნება და ეგრევე ფასი იწევს მაღლა. ეს არის რუსეთის კოზირი – დეფიციტი. დეფიციტს კი თავად რუსეთი ქმნის. ჯერ ალტერნატივაც არ ჩანს, რომ ევროპამ რუსეთის გაზი ჩაანაცვლოს. ყატარის გაზის იმედად იყვნენ, მაგრამ ყატარმა, გაზი უკვე წინასწარ მაქვს გაყიდული, ყველაზე ადრე ჩვენს მიერ სხვა ქვეყნებთან გაფორმებულ კონტრაქტებს, ორ წელიწადში გასდის ვადა და მერე, კი ბატონო, დავილაპარაკოთ და მოგაწვდით გაზსო. ამ სიტუაციაშია ალჟირიც. ამერიკიდან კი მოაწვდიან ევროპას იმ თხევად გაზს, მაგრამ მის შენახვას სპეციალური ტერმინალები სჭირდება. აგერ, გერმანია აშენებს დიდი თხევადი გაზის ტერმინალს და 2 წელი სჭირდება თურმე აშენებას. არ არის ასე მარტივად საქმე. რუსეთსაც უჭირს, ეგრეც არ არის. ვიმეორებ, სამხედრო მრეწველობაში მალე გაიჭედება. არ გამიკვირდება, რომ ზამთარში ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა დაიწყოს. ევროპა კარგ ცხოვრებას არის მიჩვეული, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპა. ჩემი აზრით, მინიმუმ სანქციების ნაწილს მოხსნის ევროკავშირი რუსეთს. გერმანია და საფრანგეთი იქნებიან გადამწყვეტი. რუსეთს იმის იმედიც აქვს, რომ ამერიკაც შეიცვლის პოზიციას. ნოემბერში შუალედური არჩევნებია, „დემოკრატებს“ ცუდად აქვთ საქმე. დიდი ალბათობით, სენატიც და წარმომადგენლობითი პალატაც „რესპუბლიკელების“ ხელში აღმოჩნდება. ვნახოთ, ჯერ პარტიული სოლიდარობაა ამერიკაში, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ორივე პარტიამ დაუჭირა მხარი. დარჩებიან კვლავ ასეთი ერთსულოვნები რუსეთთან მიმართებაში? ეს ბევრ რაიმეზე იქნება დამოკიდებული და წინასწარ ვერაფერს იტყვი. ყველა დასავლელი ექსპერტი, ამ ეტაპზე, დასკვნებისგან თავს იკავებს არა მარტო რუსეთისა და ამერიკის, რუსეთისა და ევროკავშირის შემდგომი ურთიერთობის შესახებ.
– საკმაოდ იოლად დაუწესა სანქციები ევროკავშირმა რუსეთს და თუ სანქციების მოხსნაზე მიდგა საქმე, როგორ მოხდება სანქციების მოხსნა? საფრანგეთმა და გერმანიამ თუ მოინდომეს მოხსნა, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს არ შეუძლიათ ვეტოს დადება?
– აქ სხვადასხვაგვარად არის საქმე, ევროპარლამენტმა რაც სანქციები დაუწესა რუსეთს, ის ევროპარლამენტმა უნდა მოუხსნას ხმათა უმრავლესობით. რაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაუწესა, ის აღმასრულებელმა უნდა მოხსნას. ასეა სხვა და სხვა ქვეყნების მიერ, ცალკეულად, მათი ინიციატივით დაწესებული სანქციების შემთხვევაში. კი, ევროკავშირში, ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია მის ნებისმიერ წევრს, მაგრამ პრაქტიკაში რა მოხდება, ეს არის საკითხავი. პატარა ქვეყნები შეძლებენ დიდი ქვეყნების გავლენების გადალახვას? ეს ძნელი სათქმელია.
კომენტარები