საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“10 ივნისის შეჯამება უკრაინაში:
წანამძღვრება: უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა რომ ბრძოლას დონბასში არტილერია გადაწყვეტს.
– ბახმუტი-ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის გზაზე რუსების კიდევ ერთი გაჭრის მცდელობა იქნა მოგერიებული, მზვერავებისა და დივერსანტების ნაწილი კი განადგურებული, რის შემდეგაც რუსებმა მიმართულება შეცვალეს და ძირითადი ნაწილებით ჩრდილო-დასავლეთით, გზის გასწვრივ ცდილობენ გადაადგილდებიან. ეს კი გზის უფრო ფართო პერიმეტრზე თავდასხმების შესაძლებლობას გულისხმობს.
მაგისტრალის მომიჯნავედ დასახლებები ცოტაა და რუსული პოზიციებიდან ლისიჩანსკამდე ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კილომეტრია დარჩენილი. თუმცა ლისიჩანსკთან ახლოს, გზის გასწვრივ, გარემოს ნაწილი ბორცვებიანი ხდება და უკრაინელები აქ უფრო ინტენსიური წინააღმდეგობის გაწევას შეძლებენ.
– უფრო სამხრეთით, სოფელი კომიშუვახას დიდი ნაწილის დაკავების შემდეგ რუსებმა არა ზოლოტესაკენ (სადაც თავდაცვის მთავარი ზღუდეა) არამედ მათაც ლისიჩანსკისაკენ დაიწყეს სვლა. ეს ადგილი ლისიჩანსკიდან სამხრეთით, 18 კილომეტრს დაშორებითაა. აქ უკრაინელებს უკეთესი პოზიციები აქვთ.
– იზიუმი-სლავიანსკის გზაზე რუსებმა არამხოლოდ წინ წაწევა ვერ მოახერხეს, არამედ უკან დახევისას რამდენიმე ადგილას ჩასაფრებაში მოყვნენ. რეალურად, მას შემდეგ რაც რუსებმა დიდი შეტევა ვერც ამჯერად განავითარეს მცირე დაჯგუფებებითაც ცდილობენ უკრაინულ პოზიციებთან მიახლოებას, თუმცა სრულიად წარუმატებლად.
– მთელს დონბასში საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინელები აცხადებენ, რომ საარტილერიო დანადგარების შეფარდება 1-10-თანაა უკრაინელთა წინააღმდეგ, თუმცა ახლა რაოდენობის მიღმა ხარისხია გასათვალისწინებელი – უკრაინელთა ხელში არსებული დასავლური არტილერია უფრო მობილური, უფრო მსუბუქი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – უფრო ზუსტია. მიუხედავად ამისა, დონბასის ბედს არტილერია წყვეტს. შესაბამისად უკრაინელებს დამატებითი იარაღი სჭირდებათ.
დღეს ფრანგებმა განაახლეს არტილერიის გადაცემის პროცესი, რაც ერთი გარემოების მანიშნებელიცაა – საფრანგეთის ხელისუფლების სადაო განცხადებამ უკრაინასთან დაკავშირებით და კიევისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საპასუხო რეაქციამ გაამართლა. ახლა ოფიციალურ პარიზსაც აქვს დასამტკიცებელი რომ არავისზე ნაკლები ძალა არაა და არც მოსკოვის არ ეშინია. ეს კი უკრაინელთა შანსია მიიღონ მნიშვნელოვანი შეიარაღება.
– ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ბრიტანელ გენერალთან და თავის გუნდთან ერთად კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა. მან უკრაინას სამხედრო დახმარების გაგრძელება აღუთქვა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში ბრიტანეთის თანადგომაზეც განაცხადა.
– დიდი რაოდენობით ბრიტანული წარმოშობის ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი “მარტლეტი” გამოჩნდა უკრაინელთა მხარეს. რუსული ავიაცია ისედაც შორი მანძილიდან (კაბრირებით) ბომბავდა უკრაინულ პოზიციებს და ამის შემდეგ ზუსტი დამიზნებით იერიშები კიდევ უფრო შეიზღუდება.
– უკრაინელთა განცხადებით მარიუპოლში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა მინიმუმ 22 ათასია, თუმცა მათი რეალური ციფრი შეიძლება 40 ათასს აღწევდეს. თუმცა ქალაქის მდგომარეობის, უწყლობისა და საარსებო საშუალებების არარსებობის ფონზე შესაძლოა ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს.
პ.ს. სევეროდონეცკში სიტუაცია უცვლელია. ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს რუსები, ხოლო ცენტრიდან სამხრეთით არსებულ რაიონებსა და ინდუსტრიულ ზონას მთლაიანდ უკრაინელები აკონტროლებენ.”
კომენტარები