რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით–გარეჯის საქმის განხილვა განახლდა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის თქმით, პროცესზე საქმესთან დაკავშირებულ მოწმეებს გამოჰკითხავენ.
“მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს, ჩვენთვის წინასწარ უცნობია ვის გამოჰკითხავენ. თუ რატომ ჭიანურდება [საქმე], ეს კითხვა მეც მაქვს, შეიძლება, რაღაცას ვფიქრობდე, მაგრამ არ მინდა წინ გავუსწრო რაღაც მოვლენებს, ფაქტია, რომ ჭიანურდება. საკითხის ანალიზი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმეს თავიდან ბოლომდე, ტექნიკური თვალსაზრისით, სამართლებრივად, არ ვიცი რამდენად ჰქონდა გამართლება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უფრო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო, არა უშუალოდ ჩემ მიმართ, არამედ ამ ორი ქვეყნის დამოკიდებულებაზე”. – თქვა ივერი მელაშვილმა პროცესის დაწყებამდე.
სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა საზოგადოებრივი კამპანიის შედეგად 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად “უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება” ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
კომენტარები