ekhokavkaza–ს ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ მისი თანაშემწე სპეციალურ დავალებებზე რუსი ალექსანდრე მირელია.
მანამდე ტელეგრამის არხმა RESPUBLICA-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ასლან ბჟანიას ჰყავს „ქართული წარმოშობის თანაშემწე“, რომელმაც გვარი მირილაშვილიდან მირელით შეცვალა. მოგვიანებით, ტელეგრამის არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მირელი რუსეთში ფედერალური საქართველოს ეროვნული კულტურული ავტონომიის ვებსაიტზე ქართული დიასპორის წევრად იყო შეყვანილი.
ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა მოუწოდა ჟურნალისტებს „არ გამოაქვეყნონ ინფორმაცია გადაუმოწმებელი საიტებიდან, არ ამოიღონ მათთვის საჭირო ფოტოები და ფრაზები ზოგადი კონტექსტიდან“.
„ინტერნეტპორტალის მონაცემებს თუ დაუჯერებთ, მაშინ გეორგი დიმიტრიევიჩ გულია და ფაზილ აბდულოვიჩ ისკანდერიც ქართული დიასპორის წევრები არიან. ვიმედოვნებთ, რომ მათი წარმოშობა არ აჩენს კითხვებს. თუმცა, ისკანდერისა და გულიის ფოტოები, ალექსანდრე მირელის ფოტოსთან ერთად, ამ ვებგვერდზეა განთავსებული განყოფილებაში „ქართული დიასპორა ადამიანებში“, – აცხადებენ აფხაზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.
ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ალექსანდრე მირელი დაიბადა, გაიზარდა და კარიერა სოხუმში დაიწყო, მოგვიანებით კი რუსეთში გადავიდა.
პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის 23 წლიანი გამოცდილებისთვის მირელის დაჯილდოვდა მედლებით, საპატიო სიგელებით, მადლიერებითა და მისასალმებელი წერილებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ბორის გრიზლოვის, მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გამოცდილება და პროფესიული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის რესპუბლიკისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მირელის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ 2007-2018 წლებში იყო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სტანისლავ გოვორუხინის თანაშემწე, 2009-2012 წლებში იყო არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილე, 2014-2017 წლებში იყო ნენეცის ავტონომიური ოკრუგის გუბერნატორის მრჩეველი. ხოლო 2018 წლიდან არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ალენა არშინოვას და რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ილიას უმახანოვის თანაშემწე.
რა „სპეციალური დავალება“ დააკისრეს ალექსანდრე მირელს, ამის შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარები