გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა თქვა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზეა პასუხისმგებელი, რადგან გერმანია უკრაინას მძიმე იარაღს არ აძლევს.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას ეტყოდა ოლექსი არესტოვიჩი ოლაფ შოლცს შეხვედრის შემთხვევაში. უკრაინელმა პოლიტიკოსმა ასე უპასუხა:
“ყოველდღე იღუპებიან ბავშვები, ყოველდღიურად ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე იარაღს. უკრაინის არმია ძლიერია, ჩვენ შევძლებდით რუსების დამარცხებას და ჩვენი ქვეყნიდან განდევნას, მაგრამ ამისთვის გვჭირდება იარაღი”. – თქვა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, უკრაინას გერმანიისგან შორი მანძილის არტილერია, ზალპური ცეცხლის სისტემები, ტანკები, ჯავშანტრანსპორტები და უპილოტო საფრენი აპარატები სჭირდება. მათ შორის, 88 Leopard-ის ტიპის ტანკი და 50 Gepard-ის ტიპის თვითმავალი საზენიტო დანადგარი.
“თუ საკმარისი რაოდენობის იარაღი გვექნება, ომს მოვიგებთ. როდესაც დასავლეთმა 120 შორი მანძილის საარტილერიო დანადგარი მოგვცა, ფრონტზე სიტუაცია მაშინვე შეიცვალა. სამ დღეში რუსებმა თავდასხმის სიჩქარე დაკარგეს”
კომენტარები