ფოტო – მთავარი არხი
პარლამენტის შიდა პერიმეტრზე საპოლიციო ძალების მობილიზება დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში სპეცრაზმისა და პოლიციის წარმომადგენლები იკრიბებიან.
მობილიზება შეინიშნება კანცელარიის მიმდებარედაც, სადაც კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრები არიან.
“ალია” საპოლიციეო ძალების მობილიზება ჯერ კიდევ გუშინ წერდა, მასალაში (ავტორი: ანი დვალიშვილი) სათაურით:
“როგორ ამზადებს ძალოვან უწყებებს ხელისუფლება 20 ივნისისთვის?”
ხელისუფლება კი ცდილობს, ყველაფერი მსუბუქად დახატოს, მაგრამ სიტუაცია მძიმეა და ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი 24 ივნისი იქნება, როცა ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს, რას გვიპირებს ევროპა. ჰოდა, აქციის ორგანიზატორები უკვე ფიქრობენ, რომ არ იქნება ურიგო, თუ 24-მდე პარლამენტის წინ დარჩებიან (ამინდი ხელს უწყობთ) და გაჟღერდება მთავარი მოწოდება – თუ ევროკავშირი ევროკომისიის რეკომენდაციას გაიზიარებს, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. რაც მთავარია, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერა აქვს და იმედი იმისა, რომ საკუთარი ამომრჩევლის გარდა, გვერდში რიგითი ადამიანებიც დაუდგებიან.
ჰოდა, სწორედ ამიტომ, შაბათს დილიდან, ძალოვანი უწყებების მთელი შემადგენლობა ყაზარმულზე გადავიდა და საგანგებოდ ემზადებიან. საინტერესოა, რომ მმართველი გუნდის არაერთმა დეპუტატმა უკვე გააკეთა მოწოდება, არ გაბედოთ, კანონის ჩარჩოებს არ გასცდეთ, თორემ უმკაცრეს პასუხს მიიღებთო. წესითა და რიგით, ეს აქსიომაა, როცა კანონს არღვევ, უნდა იცოდე, რომ რეაგირება იქნება, მაგრამ დეპუტატებისგან ამის თქმა წითელი ნაჭრის ფრიალს ჰგავს და ეჭვი გვაქვს, ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება, ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოიკიდოს. ყოველ შემთხვევაში, როგორც „ალიას“ უყვებიან, აქტივმა ზუსტად იცის, რომ უკან არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას.
კომენტარები