გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, კაზრეთში „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2018 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრების ჩართულობით ხორციელდება, მინისტრმა „არემჯის“ მიერ, მიწერილობის ფარგლებში განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროექტები და ღონისძიებების შედეგები დაათვალიერა.
,,სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებთან ერთად დავათვალიერეთ არემჯიში მიმდინარე სამუშაოები. მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი, ვთანხმდებით რომ, ბევრი მიმართულებით არის პროგრესი. ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ მსხვილმა საწარმოებმა გონივრულ ვადებში შეძლონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ამ საწარმოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში, ყავთ დასაქმებული ძალიან ბევრი ადამიანი, ამიტომ მათი განვითარება, ისე რომ არ მოახდინონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, ძალიან მნიშვნელოვანია.’’ – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ქმედითი ნაბიჯებისა და კომპლექსური გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების შედეგად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2021-2022 წლის შემოწმებას, შპს RMG Gold-ში არც ერთი დარღვევა და ნაკლოვანება არ გამოუვლენია. რაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით, საჯარო სექტორისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
,,სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე განსახორციელებელი გარემოსდაცვითი ღონისძიებების ნუსხა 100-მდე პროექტს და შემარბილებელ ღონისძიებას აერთიანებდა, რაც წყლის, ნიადაგის და ჰაერის დაცვას ითვალისწინებს. პროექტების განხორციელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და უკვე დასრულების ეტაპზეა. სწორედ ამის დასტურია, ის რომ წელს “არემჯი გოლდის” შემოწმებისას, არცერთი გარემოსდაცვითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. კომპანია განაგრძობს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას და მათი გათვალისწინებით ახალი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას.’’ – განაცხადა არემჯის ადმინისტრაციის უფროსმა, ამირან ქართველიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ისტორიული მადნეულის კარიერი და მისი #4 სანაყაროს ძირში მოწყობილი წყლის გამწმენდი ნაგებობები და წყალდამჭერი ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და უახლესი ტექნოლოგიებით აშენებული 3 გამწმენდი ნაგებობა დაიცავს მდინარეებს ფოლადაური, კაზრეთულა და მაშავერა სანაყაროებიდან ჩამდინარე თუ საწარმოდან ჩაშვებული წყლებისგან.
„უკვე ოთხი წელია, „საყდრისის კომიტეტი“ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში მონიტორინგს ვუწევთ კომპანიის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას, დღეს კი, ერთგვარად, ამ ოთხწლიან მუშაობას ვაჯამებთ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ გვაქვს გარკვეული პროგრესი და შედეგებიც. მაგალითად, 2022 წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტირების შედეგად, კომპანია „არემჯი გოლდში,“ მისი არსებობის ისტორიაში პირველად, არ დაფიქსირებულა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა, რაც იმედისმომცემია, თუმცა, „არემჯი ჯგუფის“ სხვა კომპანიებში კვლავ არსებობს გარკვეული კითხვები და ხარვეზები. ვფიქრობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, ამ ხარვეზების აღმოფხვრასაც შევძლებთ. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა“ –აღნიშნა ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ნინო ბურჭულაძემ.
სამუშაო ჯგუფი ადგილზე ასევე გაეცნო რეკულტივაციის ექსპერიმენტულ პროექტს, არსებულ კუდსაცავს და მის ძირში მოწყობილ სატუმბ ინფრასტრუქტურას და საყდრისის უბანზე მოწყობილ ამტვერიანების საწინააღმდეგო ინფრასტრუქტურას.
დღის ბოლოს სტუმრებმა მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – „აბულმუგის სპარსული აბანო“, რომლის ადგილმონაცვლეობა „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიდან 2021 წელს “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტის) ინიციატივით განხორციელდა.
კომენტარები