გიორგი ჯავახაძე, ალია
ორი დღეც და საბოლოოდ გახდება ცნობილი, მოგვანიჭებენ ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუ მოგვანიჭებენ ევროპული პერსპექტივის სტატუსს.
ივანიშვილის პრემიერი ამტკიცებს, რომ 24 ივნისს თუ ევროპულ პერსპექტივას მოგვანიჭებენ, ესეც იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, მთავარი მიღწევა და ყველა ქართველს ულოცავს… იგი დღესაც ამტკიცებდა, რომ ევროპულ პერსპექტივაზე წლების წინ ვერც კი ვიოცნებებდით, თუმცა, იგივე ირაკლი ღარიბაშვილი, 2014 წელს ამბობდა:
„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, კარგად გაანალიზეთ და დაფიქრდით, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, გქონდეს ავტონომია მაგრამ ერთიანი დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ჩვენთან ერთად, მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოსთან ერთად შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები
საკუთარი ენის, კულტურის შენარჩუნებას.“
2014 წელს ატყუებდა ღარიბაშვილი აფხაზ და ოს ძმებს, თუ დღეს გვატყუებს
ყველას ერთად?
პრემიერი 24 ივნისს უნდა წარმდგარიყო პარლამენტის წინაშე, მაგრამ რატომღაც 22 ივნისს გადმოიტანა და ნეტარ არიან მორწმუნენი, ბევრმა იფიქრა, რომ ისეთ განცხადებებს გააკეთებდა, მინიმუმ, არც მწვადი რომ არ დაეწვა და არც შამფური, ანუ, არც რუსეთი გაეღიზიანებინა, მაგრამ არც დასავლეთზე ეთქვა ცუდი, თუმცა, რაღა შორს წავიდეთ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა, იმის სათქმელად, რომ ღარიბაშვილის განცხადებები ევროპარლამენტისთვის იქნებოდა შეურაცხმყოფელი:
„პრემიერის გამოსვლა, რომელიც, არ ვიცი… თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, ბრიუსელისკენ რომელიც გააგზავნიდა ნეგატიურ გზავნილს, ნეგატიურ სურათს… ჩვენ, თურმე ყველაზე კარგად ვართ, არაფერი გვიჭირს, ვერ გავიგეთ, თურმე, რატომ არიან თქვენი უკრაინა და მოლდოვა ჩვენზე წინ, ერთადერთი იმიტომ, ალბათ, რომ ჩვენ ომი არ გვინდა და თქვენ ომი გინდოდათ, ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით. მთელი მოსახლეობა, ვინც მოუსმინა, გაოგნებულია და მეც გაოგნებული ვარ და მინდა ბრიუსელში გავაგზავნო სხვა გზავნილი: – ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება, უნებლიედ, საგანგებოდაა გაკეთებული – არ ვიცი, პასუხი აღარა მაქვს.“
ანუ, პრემიერმა, რომელმაც ჯერ ევროპარლამენტართა რეზოლუცია წაიკითხა, სადაც ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაცია იყო, შემდეგ ევროკომისიის დასკვნა, იცოდა, რომ ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდა და განა ბრიუსელში წავიდა რამის სათქმელად, განა ის თქვა, კი, რაც წერია გამოვასწორებთო – არა, ჯერ სომხეთში და კატარში გაისეირნა, მერე კატარში ეკონომიკური ფორუმის წამყვანს დააცინინა ჩვენი ოკუპირებული ქვეყანა – რამდენჯერმე დასმულ კითხვას, შეიძლება თუ არა პუტინის ნდობა, პასუხი არ გასცა, მერე კი მივიდა პარლამენტში და ევროპარლამენტარებს შეურაცხყოფა მიაყენა კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ გალანძღა უკრაინელი მაღალჩინოსნები და კიდევ ერთხელ დააბრალა ყველაფერი ოპოზიციას, თითქოს ოპოზიცია იყოს ხელისუფლებაში და არა მისი პარტია.
„ალია“ ესაუბრა „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამჟღავნება არ სურს:
„ 20 ივნისს მთელმა მსოფლიომ ნახა რამდენი ადამიანი გამოვიდა პროევროპულ აქციაზე, ვნახეთ კადრები, როგორ მივიდა მიტინგზე ყველა ასაკის და ყველა პროფესიის ადამიანი, ვნახეთ, რა ხდებოდა მეტროსადგურ თავისუფლებაზე, იმდენი ხალხი იყო, მათი ამოყვანა გაუჭირდათ, იდგა ხალხი და მღეროდა, ასე, ლიდერის გარეშე, პოლიტიკოსის გარეშე, იდგა ხალხი და მღეროდა. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ, რამდენიმე ევროპარლამენტარის გული შესამჩნევად მოლბა, შანსი იმისა, რომ შეიძლებოდა, მიუხედავად ევროკომისიის რეკომენდაციისა, მაინც მოენიჭებია ევროპარლამენტს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის – სწორედ, ამ იმედს გადაასხა ცივი წყალი დღეს ღარიბაშვილმა.
წერდნენ, რომ ღარიბაშვილი 20 ივნისს აქციაზე გასული ხალხის რიცხვმა გააბრაზა – ხალხო, ღარიბაშვილს ბრაზი არ შეუძლია ივანიშვილის გარეშე, რაზე უნდა გაბრაზდეს და რაზე არა, მაგას ივანიშვილი კარნახობს. 20 ივნისის დილით კი განაცხადა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევასრულოთ ევროკომისიის პირობები და მივიღოთ 6 თვეში კანდიდატის სტატუსიო… მაგრამ, ეს მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ აქციაზე ხალხის გადინება შეემცირებინა – რასაკვირველია, არავინ არაფრის შესრულებას არ აპირებს – ჩემ შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო, იმის არ იყოს, დეოლიგარქიზაცია როგორ უნდა შეასრულოს ოლიგარქმა ივანიშვილმა? ან, სასამართლოს როგორ გაათავისუფლებს? გამორიცხულია. თუ დააკვირდებით, პრემიერს არც 20 ივნისს უთქვამს, შევასრულებთ პირობებსო, თქვა, ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებითო – მაშინ, როცა მოლდოვამ და უკრაინამ ცლსახად განაცხადეს შევასრულებთო და რა მოხდა ამის შემდეგ? საღამოს იკრიბება ზღვა ხალხი – აქცია, რასაკვირველია, პოლიტიკური იყო, როგორ შეიძლება პოლიტიკური მოთხოვნით იყოს აქცია და იყოს აპოლიტიკური? მაგრამ, წინა პლანზე არ დააყენეს პოლიტიკური პარტიები და დაუკარგეს ხელისუფლებას იმის თქმის შანსი, რომ ეს იყო ნაციონალების აქცია, თან, მას შემდეგ, რაც აქციაზე ამდენი ადამიანი მივიდა, უკვე თავადაც აღარ აწყობთ იმის თქმა, რომ იქ ყველანი ნაცები არიან. აქციამ და პრემიერის შედარებით ნორმალურმა გამოსვლამ 20 ივნისს, მართლაც გააჩინა იმედები. ეს იმედები დღეს მოკლეს საქართველოს პარლამენტში!
რა თქვა დღეს პრემიერმა? დღეს ის აღარ ამბობს, შევეცდებით შევასრულოთ ევროკომისიის პირობებიო, დღეს მან თქვა – ევროკომისიის პირობებს პასუხებს გავცემთო – ეს სულაც არ ნიშნავს რომ დადებით პასუხს გასცემს. თუმცა, მან დღეს უკვე გასცა პასუხები – ევროპა ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას – პრემიერი ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს, ევროპა ითხოვს 5 ივლისს მომხარი ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორების დაკავებას და გამოძიებას, პრემიერმა განაცხადა – დამნაშავე ისაა, ვისაც თავს დაესხნენ და არა თავმდამსხმელიო, ევროპა ითხოვს დეოლიგარქიზაციას – და ევროპარლამენტარმა იუკნევიჩიენემ თქვა, “ევროკომისია გარკვევით ამბობს, ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა ვერ მიგიყვანთ ევროკავშირში, ეს არის კრემლისთვის საჩუქარი.“
გარდა ამისა, არსებობს ევროპარლამენტის რეზოლიცია, სადაც ღიად წერია, „შეშფოთებას გამოვხატავთ იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშობს, ასევე მის მიერ ხელისუფლებასა და მის გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის, ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად
მოტივირებულ დევნას ეხება. ასევე კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნესკავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი განიხილონ იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში ითამაშა“ – და მაინც, ღარიბაშვილი თავს ისულელებს და ამტკიცებს, არ ვიცი, დეოლიგარქიზაციაში რომელ ოლიგარქს გულისხმობენ, ივანიშვილს არ გულისხმობენო. ევროპა ითხოვს სასამართლოს რეფორმას და ღარიბაშვილი ამტკიცებს – ჩვენ ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყანა ვართო – მოკლედ, გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყნის პირველმა პირმა იმ ადამიანებს, ვის გადაწყვეტილებასაც მთელი ქვეყანა სუნთქვაშეკრული ელის და ხალხმა თავისი ნება 20 ივნისს გამოხატა – ადგა პრემიერი დღეს და ევროკომისიას ყველა პირობაზე უარი უთხრა! ყველა პირობაზე უთხრა, არა, ასე არააო, ასეაო, შავზე ეუბნება თეთრიაო, ევროპა ამბობს, შავი უნდა გავათეთროთო და ეს უმტკიცებს, თეთრიაო – გიჟი ხარ შენ გეჩვენებაო, ბრმა და ყრუ ხარ და ვერ ხედავ და არ გესმისო. ამის შემდეგ ურცხვად ამბობს, ჩვენ ევროკომისიის ყველა პირობას პასუხს გავცემთო, მეტად როგორ უნდა გასცეს პასუხი – გასცა დღეს პასუხი – ყველა პირობა, რაც ჩამოთვალა ევროკომისიამ უარჰყო და თქვა, რომ მსგავსი პრობლემა ქვეყანას არა აქვს და რაც არ აქვს, იმას როგორ გამოასწორებს? სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის პრემიერმა, ჩვენი ქვეყნის პარლამენტიდან კიდევ ერთხელ უთხრა უარი ევროკავშირს! და შეურაცხყოფა რომ აიტანონ, ეს უარი როგორ უნდა მიიღონ, მართალი გითხრათ, არ ვიცი.
თქვა კიდეც რასა იუკნევიჩიენემ 20 ივნისს „თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო.“ თუმცა, ღარიბაშვილს და ივანიშვილს არ ეყოთ ის, რაც გააკეთეს კანდიდატის სტატუსის არმისაღებად და ოლიგარქის თხოვნით, საკონტროო გასროლაც მიაყოლა ევროკავშირს ღარიბაშვილმა. თავიც დაიზღვიეს, ყველას დაადო პრემიერმა ხელი – ოპოზიციას, უკრაინის მთავრობას – ისინი ითხოვენ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ასე მითხრეს ევროპელმა კოლეგებმაო და ევროპარლამენტიდან მყისიერად უპასუხეს, ვისაც შევხვდით, პირიქით, ყველამ გვთხოვა მოგვეცა თქვენთვის კანდიდატის სტატუსი და ღარიბაშვილი კიდევ საერთოდ არ გვინახავს, შეხვედრა შევთავაზეთ და პასუხიც არ გაგვცაო. ხელისუფლება ახლა შიშით ელოდება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და მას კანდიდატის სტატუსის არმიღების კი არა, კანდიდატის სტატუსის მიღების ეშინია ყველაზე მეტად, რადგან კანდიდატის სტატუსია ის, რის გამოცა პუტინი ივანიშვილს გაუბრაზდება და ივანიშვილი კი ღარიბაშვილს დასჯის. პარალელურად, ეშინიათ ხალხის რეაქციისაც, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ გადააბრალონ ყველას კანდიდატის სტატუსის არმიღება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ივანიშვილს ხალხის რისხვაზე მეტად პუტინის რისხვის ეშინია, რადგან პუტინი თუ გაუბრაზდება, ვერც საფრანგეთში გაიქცევა და იმ ფულსაც დაკარგავს რისი გადარჩენის იმედიც აქვს ყველაზე ცუდ სიტუაციაში.“
კომენტარები