ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის არჩევაზე ესაუბრება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.
– ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, ეს არის ქვეყნის სირცხვილი და დაცინვა სამართლიანი სასამართლოსი და სამართლიანი მართლმსაჯულებისა. ეს არის ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ აბუჩად აგდება. მიხეილ ჩინჩალაძე ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. „მოსამართლეთა კლანის“ ერთ-ერთი შემქმნელი და ამ კლანის ლიდერი ლევან მურუსიძესთან ერთად. ამით ბიძინა ივანიშვილმა უთხრა საქართველოს მოსახლეობას, თქვენი აზრი არ მაინტერესებსო. ჩინჩალაძე-მურუსიძის დუეტი არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დასაყრდენი. ჩინჩალაძე არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მურუსიძე კი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე და ამ პალატის რეალური, დე ფაქტო მმართველი. სწორედ ადმინისტრაციული პალატა იხილავს საარჩევნო დავებს, ანუ მურუსიძე- ჩინჩალაძე იხილავენ. ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უამრავი საჩივარი შევიდა ადმინისტრაციულ პალატაში, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობოები ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ კონკრეტულ უბნებზე და დაკმაყოფილდა რომელიმე სარჩელი? არც ერთი. ცსკო-მ უარი უთხრა ამ ხალხს, წავიდნენ სასამართლოში, საქალაქო სასამართლოებმა უარი უთხრეს ხმების გადათვლაზე და მერე სააპელაციოში გაასაჩივრეს სამოქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილება. სააპელაციოში კი მათ დახვდათ ჩინჩალაძე და მურუსიძე. სააპელაციომ ძალაში დატოვა ყველა გადაწყვეტილება და არც ერთი უბანი არ გადათვლილა. სამართლებრივად, საქართველოში ცსკოს გაყალბებული არჩევნები „გაუპრავეს“ ჩინჩალაძემ და მურუსიძემ. ეს ცსკო ვის ინტერესებს ატრებს? ხელისუფლებისას. ე.ი. „გაუპრავეს“ გაყალბებული არჩევნები. მგონი, გასაგებია ყველაფერი. ჩინჩალაძე-მურუსიძეს როდესაც ვებრძოდი, ვიყავი მარტო. მახსოვს, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, რომელიც იუსტიციის საბჭოს წინ გავმართე, პოლიტიკოსებიდან მარტო კახა კუკავა და მანანა ნაჭყებია მოვიდნენ. ეს ის დროა, როდესაც ლევან მურუსიძე უნდა დაენიშნათ იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ. მაშინ ვამბობდი, ივანიშვილის რეჟიმი გაურიგდა მურუსიძეს-მეთქი და „ფეისბუკზე“ მლანძღავდნენ, რატომ იგონებ მაგას, გირგვლიანისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლე ბატონი ბიძინი არ დანიშნავს ამ პოსტზე, მაგას არ იკადრებსო. როდესაც იკადრა და დანიშნა, მერე მეუბნებოდნენ, მართალი იყავიო. მონები ვეძახე მერე ამ ხალხს, როდესაც ასეთ მომენტში ხმა არ ამოიღეს. არ დამავიწყდება, შენ, „ალიას“ სხვა ჟურნალისტები მეთანხმებოდით, რომ გარიგება იყო, სხვები მლანძღავდნენ. ეს არის ტრაგედია და იმისთვის ვიბრძოდი, რომ ეს ტრაგედია აგვეცილებინა თავიდან. მაშინ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი და ევროპარლამენტში მიწევდა ვიზიტები. მეუბნებოდნენ, არ შეიძლება „კლანური მმართველობა“ სასამართლოში, ეს შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და თავისთავად, საქართველოსთვის ევროკანდიდატობის სტატუსის მინიჭებასო. 2016 წელს, ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფიგურამ მითხრა, ორი მთავარი რამ არის, რომ მიიღოთ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსიო. ერთი, თავისუფალი სასამართლო და მეორე, კორუფციისა და ნეპოტიზმის აღმოფხვრა საქართველოშიო. ნეპოტიზმი რაც იყო, კი იცოდა, რომ ვიცოდი, მაგრამ დამიკონკრეტა – ერთი კაცის პირადი ბანკირები, პირადი მცველები, ბუღალტრები არ უნდა მართავდნენ ქვეყანასო. ეს თუ არ აღმოიფხვრა, რაც გინდა გააკეთეთ, რაც არ უნდა წარმატებები გქონდეთ სხვა და სხვა სფეროებში, მაინც არავინ მოგცემთ კანდიდატის სტატუსსო. ამ კაცის ვინაობას არ დავასახელებ, რადგან ეს პრივატული საუბარი იყო. ევროპარლამენტის ერთმა ჩინოვნიკმა დამცინა – ვიდრე ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მძღოლს ტრანსპორტის მინისტრად არ დაგინიშნავთ, ქართველები მანამდე ხმას არ ამოიღებთო? ახლა ეს ხმის ამოუღებლობა მე ნამდვილად არ მეხებოდა, მაგრამ მაინც შემრცხვა. როდესაც უცხოეთიდან ჩამოვდიოდი, ვაძლევდი გაზეთებს და ტელევიზიებს ინტერვიუებს, ვხმაურობდი რაც შემეძლო, მაგრამ ესენი მართლა თავისას მიერეკებოდნენ. არ მომისმინა არავინ და მარტო მე არა, ხელისუფლების სხვა უმსგავსობებს სხვებიც აპროტესტებდნენ. არავის მოუსმინეს, არავის დაუჯერეს და კი მიიყვანეს ქვეყანა კატასტროფის პირას. კი, მოლდოვას მართლა ვუსწრებთ ეკონომიკური და სხვა პარამეტრებით, მაგრამ შვეიცარიისა და ფინეთის ეკონომიკაც რომ გვქონდეს, მაინც არ მოგვცემდნენ სტატუსს – ევროპელისთვის კატეგორიულდ მიუღებელია, ერთი კაცი სახლში იჯდეს და ქვეყანას მართავდეს. გაიხსენე, როდიდან ვამბობდი, რომ ივანიშვილი ფეოდალიზმს აშენებს საქართველოში და თუ დროზე არ შევაჩერეთ, ქვეყანას დაღუპავს-მეთქი. არა, არ დამიჯერეს, არც სხვას დაუჯერეს და კი აშენდა ამასობაში ქვეყანაში ფეოდალიზმი.
– ძალით აკეთებენ ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ევროკავშირის სტრუქტურები გვთხოვენ, რომ შევცვალოთ და გამოვასწოროთ?
– რასაკვირველია, ძალით აკეთებენ და მიზანი ის არის, რაც შეიძლება დავშორდეთ ევროპას. ხომ მიაღწიეს კიდეც საწადელს. ესენი ევროკომისიის არც ერთ მოთხოვნას არ შეასრულებენ, რადგან ამ მოთხოვნების შესრულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასასრულს ნიშნავს. ესენი თავს არ დაიმარხავენ იმის გამო, რომ ქართველმა მომავალში უკეთ იცხოვროს, ქვეყანას განვითარების პერსპექტივა გაუჩნდეს. ახლა ისევ მისდგნენ „ნაცმოძრაობას“ და ხალხს კიდევ იმას ეუბნებიან, „ნაცმოძრაობა“ თუ მოვა ხელისუფლებაში, შავ დღეში ჩაგყრით, ისევ ჩვენ უნდა ვიყოთ, გყვლიფოთ, თქვენ მშივრები და სამართლიანი სასამართლოს გარეშე იყავით, თქვენთვის ეგრე სჯობიაო. ეს ხალხიც, საკმაოდ სოლიდური ნაწილი თავს უქნევს – კი, ეგრე იყოს, თქვენ იგრიალეთ და ჩვენ ვიშიმშილებთო. აბა, 50 ლარად ხმას რომ გაყიდი არჩევნებზე, ეგ სხვას არაფერს ნიშნავს, გარდა თანხმობისა. „ნაცმოძრაობაა“ „ქართული ოცნების“ ძალაუფლების წყარო.
კომენტარები