საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და საქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა. კონფერენციაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.
სემეკის თავმჯდომარემ, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას, ხაზი გაუსვა სამართლიანი სატარიფო რეგულირების მნიშვნელობას ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. განიხილა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების ხელშემწყობ მარეგულირებელ ნორმებზე. „მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცდა არაერთი სამართლებრივი აქტი, რომლის მიზანიცაა ხელი შეეწყოს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და ინვესტორების ინტერესის ზრდას. მათ შორის, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობისათვის დამტკიცდა „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი“, რომელიც ითვალისწინებს წარმოშობის სერტიფიკატებით ვაჭრობას. აღნიშნული უფრო მეტად წაახალისებს ინვესტორს განახლებადი ენერგიების ბაზარზე.
ამასთანავე, სემეკის მიერ დამტკიცებული „ქსელის წესები“ ითვალისწინებს გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, რაოდენობრივად შეაფასოს განახლებადი ენერგორესურსების ინტეგრაციაში არსებული სარგებელი. სემეკის ხედვაა, რომ განახლებადი ენერგიების ათვისება მოხდეს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვისაც. ამ მიზნით, წლებია წარმატებით ხორციელდება ნეტო-აღრიცხვის პროექტი. პროექტის ხელშეწყობისათვის, ბაზარზე არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, გაიზარდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100-დან 500 კვტ-მდე, „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ დაფიქსირდა მიმწოდებლის ვალდებულება, რომ მომხმარებლისათვის გაგზავნილ ქვითარში აისახოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ან რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.
ამჟამად, სემეკში მიმდინარეობს მუშაობა გამანაწილებელ ქსელთან განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მიერთების გამარტივებული და გამჭვირვალე პროცედურების ახალ წესზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომენტარები