კურორტ გომის მთაზე ასვლა, როგორც შარშან, ამ ზაფხულსაც მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, განსაზღვრულია ავტოტრანსპორტით გადაადგილების საათებიც. ამის მიზეზი კურორტთან მისასვლელ გზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
16 ივლისიდან ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება შაბათს, დღის 15:00 საათიდან ორშაბათის 09:00 საათამდე. კვირის სხვა დღეებში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გადაადგილება შეზღუდული იქნება 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთის გზაზე დაახლოებით ერთი წელია ახალი საავტომობილო გზა კეთდება, ამისთვის 20 მილიონამდე ლარი იხარჯება. სამუშაოებს კომპანია „ნიუ როუდი“ ახორციელებს.
ამ დროისთვის ამავე გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელ ღონისძიებებს ახორციელებს.
გომის მთაზე მოხვედრა შესაძლებელია შუახევიდანაც, თუმცა ამ გზის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი.
წყარო – ბათუმელები
კომენტარები