სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახალი სახალხო მოძრაობა შინ ევროპისკენ მიერ წარმოებულ კამპანიაში მონაწილეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აღნიშნავს:
“დღეს და გუშინ, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციაზე მოძრაობა შინ ევროპისკენ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობებისა და მასში მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების შესახებ. კერძოდ, მედიის ცნობით, უფლებადამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროინტეგრაციისა და 3 ივლისს დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოსახლეობას ხვდებიან, საქმიანობის განხორციელებაში ადგილზე მობილიზებული აგრესიული ჯგუფები უშლიან ხელს. ერთ-ერთ მსგავს ძალადობრივ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსშიც. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს.
ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა შინ ევროპისკენ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები. ხოლო, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს სტუდენტთა უსაფრთხოება დაწესებულების ტერიტორიაზე მესამე პირთა დაშვების კონტროლისა და ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების გზით”, – წერია განცხადებაში.
კომენტარები